13 ივნისი, 2021

13 ივნისი

ეს დღე ერთ-ერთი უმძიმესია საქართველოს უახლეს ისტორიაში. ყველას გვახსოვს, 2015 წლის 13 ივნისს რამხელა ტრაგედია დატრიალდა. ეს არის დღე, რომელიც ჩვენს დედაქალაქს ყოველთვის ემახსოვრება. სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი დავკარგეთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ასევე, უნდა აღინიშნოს შემდეგი დღეები, როდესაც ახალგაზრდები ჩაერთნენ სალიკვიდაციო სამუშაოებში, რამხელა ძალა დაინახა საზოგადოებამ მათი სახით. მინდა, 6 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში, ვინც გვერდით ედგა დაზარალებულებს და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მათთვის ტკივილი შეემსუბუქებინა.
საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და თანადგომით, მთელი რიგი პროექტები განხორციელდა. დამონტაჟდა სამონიტორინგო და საალარმე სისტემა, რომლითაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება იმ კონკრეტული არეალის კონტროლი, საიდანაც მეწყერი წამოვიდა. გარდა ამისა, ხეობაში დამონტაჟდა ორი შემაკავებელი ცხაური. ჩატარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ვერის ხეობის გამაგრების სამუშაოები. როგორც იცით, ადიდებულმა მდინარემ კონკრეტული არეალები დააზიანა და შესაბამისად, მის აღსადგენად ძალიან მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა. შემიძლია გითხრათ, რომ ყველა რეკომენდაცია, რომელიც ექსპერტების მხრიდან იყო გაცემული, გათვალისწინებულია.

მსგავსი სიახლეები