30 სექტემბერი, 2020

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერია მთაწმინდის საბაგიროს აღადგენს, რომელიც ამ დრომდე, გარკვეული პრობლემების გამო ვერ მოხერხდა.

„ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ მთაწმინდის საბაგირო, რომელმაც 1990 წელს შეწყვიტა ფუნქციონირება. ამ საბაგიროს აქვს ერთკილომეტრიანი მარშრუტი მეცნიერებათა აკადემიიდან მთაწმინდის პარკამდე. აღნიშნული საბაგიროს აღდგენაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა შემდეგ შეჩერდა, რადგან არსებობდა გარკვეული პრობლემები. როდესაც მერიაში ჩვენი უფლებამოსილების განხორციელებას შევუდექით, ამ საკითხზე მუშაობა პირველი დღიდან დავიწყეთ. პრობლემები იყო ბევრი მიმართულებით, თუმცა ჩვენ თანმიმდევრულად შევუდექით პროექტის განხორციელებას. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ადგილობრივი მოსახლეობის განსახლების საკითხი. შემიძლია თამადად ვთქვა, რომ ყველა ოჯახთან შეთანხმება მიღწეულია და შესაბამისად, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტი მთაწმინდის საბაგიროს აღდგენის პროექტის განხორციელებისთვის შესაბამის ტენდერს გამოაცხადებს, ხოლო უშუალოდ აღდგენას დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება.

„პროექტი უკვე მზად გვაქვს. გამოვაცხადებთ ტენდერს, რომ შევარჩიოთ მშენებელი კომპანია, ვინც უშუალოდ პროექტს განახორციელებს. დაახლოებით, წელიწადნახევარი-ორი წელი დასჭირდება მთლიანად პროექტის განხორციელებას. რაც შეეხება საბაგიროს ინფრასტრუქტურას, იქნება წრიული ტიპის, 21-გონდოლიანი. მისი საშუალებით, ერთკილომეტრიანი მანძილის დაფარვა ოთხ წუთში იქნება შესაძლებელი, ხოლო საათში 1 100 ადამიანის გადაყვანას შეძლებს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მოქალაქეებს, რომლებიც აუცილებლობისა და საჭიროების გამო მთაწმინდის პარკში ადიან, ავტომობილებით გადაადგილება აღარ დასჭირდებათ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განცხადებით, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 50 მილიონი ლარია.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედების მიზნით, პეკინის გამზირზე არსებული მუნიციპალური პავილიონები 10 ოქტომბრამდე იქნება განთავსებული, შემდეგ კი ვაკის რაიონში გადაინაცვლებს.

დედაქალაქის მერის თქმით, 10 ოქტომბრის შემდეგ, საბურთალოს მოსახლეობა უფასო პარკირებისთვის ავტომანქანების დარეგისტრირებას თბილისის პარკინგის ვებგვერდზე შეძლებს.

კახა კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, მიმართონ პეკინის გამზირზე განთავსებულ პავილიონებს და უფასო პარკირებით სარგებლობის მიზნით, დროულად დაარეგისტრირონ სატრანსპორტო საშუალებები.

„პეკინის გამზირი და მიმდებარე ქუჩები უკვე ჩართულია ამ სიახლეში, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ადგილობრივ მოსახლეობას, რომ დაარეგისტრირონ ავტომობილები იმისთვის, რომ პარკირება მათთვის უფასო იყოს. ჩვენ პავილიონები გვაქვს განთავსებული მიმდებარე ტერიტორიაზე და ისინი აქ 10 ოქტომბრამდე დარჩება. მომდევნო ეტაპი კი, როგორც წინა მთავრობის სხდომაზე ვთქვი, იქნება ვაკის რაიონი. კონკრეტულად, აბაშიძის, ფალიაშვილის და მათი მკვეთი ქუჩები. 20 ოქტომბრიდან, ვაკის რაიონში განთავსდება ეს მუნიციპალური პავილიონები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს სრული ინფორმაცია და დაარეგისტრირონ ავტომანქანები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პარკირება უფასო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის. დანარჩენ შემთხვევაში, გადასახადი იქნება საათში ერთი ლარი. ანალოგიური მიდგომა ქალაქის სხვა ქუჩებზეც გავრცელდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკაში. ჩვენი მხრიდან ყველანაირ მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ ხელი შეგიწყოთ დარეგისტრირებაში. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ყველა იმ ადამიანს, ვინც ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის დავალების შესაბამისად, საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლებისთვის საკვები პროდუქტების დარიგების პროცესი გაგრძელდება. სააღმზრდელო პროცესის 12 ოქტომბრამდე გადადების გამო, საკვები პროდუქტებით ბავშვების უზრუნველყოფა მაქსიმალურად მოხდება.

„მინდა, დავავალო ილია ელოშვილს, რომ ბავშვების კვება პროდუქტების სახით, მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი, როგორც ეს გავაკეთეთ პანდემიის პერიოდში და ორი კვირის წინ. ეს მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, ამ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში, როდესაც პანდემიამ ქვეყანას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა და მსოფლიოშიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენ ამ ოჯახებს მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ, რათა ორკვირიანი გაცდენა არ იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საბავშვო ბაღებს ახალი რეგულაციები დაუწესდათ. რეგულაციების მიხედვით, ბაგა ბაღების მართვის სააგენტომ უკვე გადაამზადა ბაღების დირექტორები, რომლებმაც თავის მხრივ, შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს ბაღის თანამშრომლებს.

„მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკი და შეიძინეს სხვადასხვა ინვენტარი. ყველა აღსაზრდელს ექნება თავისი ნივთები, ფანქრები, სათამაშოები და ა.შ. ის რეგულაციები, რაც იყო მოთხოვნილი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული და ზედმიწევნით შესრულებული, რომ ჩვენი შვილების, მომავალი თაობების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება დავიცვათ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი სიახლეები