11 მარტი, 2020

თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებში ჩართულ თითოეულ ადამიანს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, შექმნილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და სახელმწიფო ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ყველაფერს აკეთებს.

„უკვე რამდენიმე კვირაა მსოფლიო შიშის ქვეშ ცხოვრობს და ამ შიშს კორონავირუსი ჰქვია. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც საქართველოა, თუმცა მინდა, დავამშვიდო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. იცით, რომ შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები არიან გაერთიანებული და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, მის თითოეულ თანამშრომელს. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მესაზღვრეებს, საპატრულო პოლიციას და ყველას, არ მინდა ვინმე გამომრჩეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა ასევე, მედიის წარმომადგენლებს გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვირუსთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირება მნიშვნელოვანია.

„მადლობა მინდა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, საკითხის გაშუქებისთვის, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოება იყოს ინფორმირებული, თუ როგორ უნდა მოიქცეს, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი. ძალიან ბევრია დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ჩვენზეც - რიგით ადამიანებზე. უნდა გამოვიჩინოთ უფრო მეტი სიფრთხილე. მინდა მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის სერვისცენტრების თანამშრომლებს, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას და ემსახურებიან საზოგადოებას. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებს. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვატარებთ სადეზინფექციო სამუშაოებს და რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის ღონისძიებები გაგრძელდება მანამ, სანამ კორონავირუსს არ დავამარცხებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ მოქალაქეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანია „M2 ჯგუფი“, რომელმაც „სვეტის“ მშენებლობები გადაიბარა, დღეს მირცხულავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის პროცესს იწყებს.

„დღეიდან იწყება სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ადამიანებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, რომელსაც „M2 ჯგუფი“ განახორციელებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. მინდა, ილია ელოშვილის ხელმძღვანელობით, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო ამ პრობლემის მოგვარებაში. მარტო დედაქალაქის მერია, რა თქმა უნდა, ამ დიდ პრობლემას ვერ მოაგვარებდა. პროცესში ჩართული იყო სახელმწიფოს სხვადასხვა უწყება: იუსტიციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, პროკურატურა. ყველას მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, ათასობით ადამიანის გახარებისთვის. ჩვენ ანალოგიური პრობლემა გვაქვს „ცენტ პოინტისა“ და „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებულებთან დაკავშირებით. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ და მჯერა, რომ ვისაც თანხა აქვს გადახდილი და ვინც საცხოვრებელ ბინებს რამდენიმე ათეული წელია ელოდება, სიხარულს მათ ოჯახებშიც დავაბრუნებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ყურადღება ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ პროექტი ამჯერად, ბარათაშვილის ქუჩაზე ხორციელდება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, შშმ პირებისთვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის პარკირება უფასო იქნება. სპეციალური ადგილები გამოყოფილი იქნება A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვისაც.

„ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. გვაქვს უკვე რამდენიმე კონკრეტული ქუჩა, სადაც საპილოტე პროექტის განხორციელება დავიწყეთ - კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩა, ასევე, ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები. პროცესი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. ანალოგიური მიდგომა გვექნება ბარათაშვილის ქუჩაზეც, სადაც ზონალურ-საათობრივი სისტემა უკვე ამოქმედდა. ვინც არ ცხოვრობს მითითებულ არეალში, მათ აქვთ შესაძლებლობა, პარკირებით უფასოდ, პირველი 15 წუთის განმავლობაში ისარგებლონ, ხოლო შემდეგ, პარკირების საფასური ერთი საათი ერთი ლარი ეღირება. პარკირების საშვის შეძენა სწრაფი გადახდის აპარატებში, ასევე, თბილისის პარკინგის ვებგვერდზე - www.parking.tbilisi.gov.ge და ყველა ტიპის სმარტფონიდან, მობილური აპლიკაციების საშუალებით არის შესაძლებელი. ადგილობრივი მოსახლეობა უნდა დარეგისტრირდეს თბილისის პარკინგის ვებგვერდზე და მათთვის ეს სერვისი უფასოა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, პარკირების ანალოგიური წესი ეტაპობრივად, თბილისის სხვადასხვა უბანში დაინერგება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დედაქალაქის მერმა ისაუბრა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის აღსრულება და ამ მიმართულებით, მუნიციპალიტეტის მთავრობის მხრიდან გატარებული ღონისძიებებია.

„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. მასზე ბევრი მუშაობა მოგვიწია, ბევრი ნერვებიც დაიხარჯა, თუმცა ღირდა. თბილისის მერიამ ერთი წლის განმავლობაში, გენგეგმის აღსრულების ფარგლებში, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. კერძოდ, გენგეგმის საფუძველზე, შეჩერდა ქაოტური განაშენიანება და კოეფიციენტები შეიზღუდა. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემა იყო. გვაქვს კონკრეტული უბნები და ქუჩები, სადაც ისეთი მშენებლობებია განხორციელებული, რაც ყველას გვაწუხებს. შესაბამისად, ახალი გენგეგმა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქის განვითარება მომდევნო წლების განმავლობაში სწორად მოხდეს და ქაოტური განაშენიანება თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა და შესაბამისად, სამშენებლო ნებართვების გაცემა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა წარმოდგენილი იქნება დენდროლოგიური პროექტი და სატრანსპორტო კვლევა.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ თითოეული მშენებლობის დროს გამწვანებისა და ტრანსპორტის საკითხებს განვიხილავთ, რაც სამშენებლო ნებართვის გაცემის დროს აუცილებელი და სავალდებულოა. არცერთი ნებართვა არ გაიცემა, თუ ჩვენ არ გვექნება სრულყოფილი კვლევა ტრანსპორტზე და თუ დენდროლოგიური პროექტი არ იქნება წარმოდგენილი. ჩვენ განსაკუთრებული მიდგომა გვაქვს მწვანე სივრცეებთან მიმართებაში და ქალაქში უკვე თვალშისაცემია ის პროექტები, რასაც ვახორციელებთ. მაგალითად, გზაგამყოფები იყო ბეტონის და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ვიზუალური თვალსაზრისითაც. ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო, ეს გზაგამყოფები გავამწვანეთ, მოვაწყვეთ სარწყავი სისტემები. თუნდაც მერიასთან, სააკაძის მოედანზე ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე გვაქვს. გვინდა, რომ ქალაქი იყოს მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა და რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე შეიქმნას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, გენგეგმაში ასევე, გაწერილია საქალაქთაშორისო პარკების მშენებლობა, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.

„მაგალითად, ასეთია თემქის ხევი. დღეის მდგომარეობით, იქ სერიოზული პრობლემაა, რაც მოსახლეობას აწუხებს. მინდა, ისინი დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ამ პროექტის განხორციელებას ძალიან მალე დავიწყებთ და მასზე რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯება. ერთ-ერთი საუკეთესო პარკი იქნება დედაქალაქში და ასეთი მასშტაბებით პირველი, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ. ამასთანავე, გვაქვს პროექტი დიღმის ჭალებზე და უახლოეს მომავალში მშენებლობის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, მიმდინარეობს ტრანსპორტის განვითარების გეგმისა და მოდელის შემუშავება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამარშრუტო ქსელის ოპტიმიზაციის დაგეგმვა და სატრანზიტო დერეფნების მოწყობა სწორედ აღნიშნული გენერალური გეგმის მიხედვით ხდება.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურმა ლისის ტბის მიმდებარედ და კოჯორი-შინდისის ტერიტორიაზე კონკრეტული არეალების დაგეგმარება თავად დაიწყო.

„თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური კონკრეტულ არეალებს უკვე თავად აგეგმარებს, რომ არ მივიღოთ ის შედეგი, როგორიც გვაქვს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა განავითარო კონკრეტული უბანი და შენი ქალაქი. შესაბამისად, ეს პრობლემები თავიდან რომ აგვეცილებინა, გამოვყავით ქალაქში ასეთი არეალები, მაგალითად, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია. იქ შევაჩერეთ განაშენიანება და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თავად დავგეგმოთ, როგორ განვითარდეს, რომ ქაოტური მშენებლობები თავიდან ავიცილოთ. ზოგჯერ ისე მიდის მშენებლობა, რომ ტერიტორიაზე არ არის წყალი, წყალარინების სისტემა, ბუნებრივი აირი, საგზაო ინფრასტრუქტურა ა.შ. ანალოგიური მიდგომაა კოჯორი-შინდისის ტერიტორიაზეც. შემუშავებული გვაქვს განაშენიანების რეგულირების გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული არეალები და მოსახლეობასთან ამ თემაზე შეხვედრებიც დაწყებულია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, გენგეგმის მიხედვით, ყურადღება ეთმობა ქალაქში არსებულ გეოლოგიურად საშიშ არეალებს და მსგავს ზონებში სამშენებლო ნებართვების გაცემის საკითხს.

„ასევე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დაზუსტდა გეოლოგიურად საშიში არეალები. გამომდინარე იქიდან, რომ თბილისი მოწყვლადი ტერიტორიაა, თავიდან ვიცილებთ იმ საშიშროებებს, რომელიც შეიძლება გეოლოგიურად საშიშ ზონებში დაგეგმილ მშენებლობებს მოჰყოლოდა. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ იმ ზონებში, რომელიც მეწყერსაშიშია, სამშენებლო ნებართვები არ გავცეთ და პრევენცია მოვახდინოთ. მაგალითად, შეშელიძის ქუჩა, რომელიც მეწყერსაშიში ზონაა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს და სამუშაოების განხორციელებას რამდენიმე დღეში დავიწყებთ, რომ მოსახლეობას საფრთხე აღარ დაემუქროს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქალაქში არსებული რეალობა სწორი ქმედებებით, სწორი პროექტების განხორციელებით შევცვალოთ. მიხარია, რომ ქალაქს უკვე აქვს დოკუმენტი, რომლის საფუძველზე, შესაძლებელია, გრძელვადიან პერსპექტივაში ქალაქის სწორად განვითარება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელი მოეწყობა. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ (GWP) ერთად, შემუშავებულია პროექტი, რომლის ფარგლებშიც, სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.

„ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური თემა იყო თბილისის ზღვის მიმდებარედ, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე არასაყოფაცხოვრებო ობიექტების წყალარინების სისტემა, რადგან გარკვეულწილად, მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურება ხდებოდა. ამ თემაზე მუნიციპალიტეტის მერიამ და შესაბამისმა სამსახურებმა საკმაოდ ბევრი იმუშავა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა კი, რომელიც აღნიშნულ საკითხზე მუშაობის დროს გამოიკვეთა, ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლება იყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალანირების სისტემა არ არსებობს, რაც მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. წყალარინების ქსელის მოსაწყობად რამდენიმე ათეული მილიონი დაიხარჯება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს მითითება მისცა, არ დაიშურონ ძალისხმევა, რომ პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარე წელს განხორციელდეს.

მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა მეწარმეებს პოლიეთილენის პარკების მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი გაფრთხილება მისცა და მოუწოდა, აკრძალული პროდუქცია კანონთან შესაბამისობაში არსებული ალტერნატიული პარკებით ჩაანაცვლონ.

მისივე ინფორმაციით, მეწარმეებისთვის პირველ ეტაპზე მიცემული გაფრთხილებების მიუხედავად, გაფრთხილებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდარღვევის 48 შემთხვევა გამოავლინა.

„ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას და ეკოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება მხოლოდ მწვანე სივრცეების შექმნით. ამ მხრივ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო და რომლის მიხედვითაც, დედაქალაქის მერიას ეკონომიკურ ბაზარზე პოლიეთილენის პარკების გაკონტროლება დაევალა. კანონითაა დადგენილი, რომ პოლიეთილენის პარკების გამოყენება იკრძალება. ეს არის საზიანო გარემოსთვის, ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით. პირველ ეტაპზე, მეწარმეებს მიეცათ გაფრთხილება, პოლიეთილენის პარკების მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებით. ბოლო დღეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც გაფრთხილებით გათვალისწინებული ვადა ამოიწურა, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ 350 ობიექტი შეამოწმა. გამოიწერა სამართალდარღვევის 48 ოქმი. დაჯარიმდნენ მეწარმეები - ისინი, ვინც გაფრთხილებით გათვალისწინებულ ვადაში არ მოახდინეს რეაგირება და მათი საქმიანობა კანონით გათვალისწინებულ წესებთან და პროცედურებთან შესაბამისობაში არ მოიყვანეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნული მიმართულებით, აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა.

„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველას და მოვუწოდო, სანამ მათი შემოწმება, ჯარიმის გამოწერა და პროდუქციის კონფისკაცია მოხდება, დროულად მოახდინონ ამ პროდუქციის ამოღება. ადგილობრივ ბაზარზე კანონთან შესაბამისობაში არსებული ალტერნატიული პარკების წარმოება უკვე დაწყებულია და მათ აქვთ შესაძლებლობა, ჩაანაცვლონ ეს პოლიეთილენის პარკები. მუნიციპალურ ინსპექციას მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო და მოგიწოდოთ, რომ გააგრძელოთ ეს საქმიანობა. ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალიტეტის პრობლემა, ეს არის ყველა ადამიანის პრობლემა, როდესაც ვსაუბრობთ ეკოლოგიაზე, წინსვლაზე, მომავალზე. ეს არის პრობლემა, რომელიც გარემოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, გააგრძელეთ მუშაობა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა იმ ადამიანებს, ვისაც გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება სჭირდება, მერიაში განაცხადების შემოტანისკენ მოუწოდა.

„ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმ ადამიანების გვერდში დგომაა, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი იმ მიმართულებით იხარჯება, რომ ვისაც სოციალურად უჭირს, ან სამედიცინო მიმართულებით მხარდაჭერა სჭირდება, დავეხმაროთ. შესაბამისად, დავიწყეთ ახალი პროგრამის განხორციელება - „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და საკმაოდ ძვირადღირებულ მედიკამენტებთან არის დაკავშირებული. წლიურად დაახლოებით, 24 000 ლარია საჭირო იმ მედიკამენტებისთვის, რომელიც ამ დაავადების მქონე ადამიანებს სჭირდებათ. სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000-ს არ აღემატება, 100%-ით დაფინანსდებიან, ხოლო დანარჩენი მოქალაქეები, ვისაც ამ პროგრამით სარგებლობა ესაჭიროებათ - 80%-ით. ადამიანებს, ვისაც ეს პრობლემა აწუხებთ, შეუძლიათ დარეგისტრიდნენ და ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ ბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა. მისი თქმით, LCD Berlin Awards-ის გლობალური კულტურული სამოგზაურო ქსელისა და VisitBerlin-ის ერთობლივ ცერემონიაზე საქართველოს დედაქალაქმა გაიმარჯვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

თბილისის მერმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა.

„მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია ასეთი საერთაშორისო პლატფორმების გამოყენება, რათა წარმოვაჩინოთ ჩვენი ქალაქი, ქვეყანა, ჩვენი ხალხი, კულტურა და ტრადიციები, ჩვენი ღირსშესანიშნავი ადგილები. ძალიან მიხარია და მადლობა მინდა ყველა იმ ადამიანს გადავუხადო, ვინც უშუალოდ ჩართული იყო კონკურსის დოკუმენტაციის მომზადებაში - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და ყველას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, კონკურსში გამარჯვება პირდაპირ აისახება ტურისტების რაოდენობის ზრდასთან, რაც დედაქალაქში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს.

„ეს პირდაპირ აისახება იმაზე, რომ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა საქართველოში. ეს რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვავითაროთ - გაკეთდეს სასტუმროები, ჰოსტელები, კაფე-ბარები. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ადამიანი დავასაქმოთ და ჩავრთოთ საქმეში. ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ვარ იმ ქალაქის მერი, რომელსაც ძალიან დიდი ტრადიცია და კულტურა აქვს. მეამაყება, რომ ჩვენი სტუმართმოყვარეობა მსოფლიოშია განთქმული. ჩვენი მეგობრობა და ეს ურთიერთობები, რაც გვაქვს მართლაც მოსაფრთხილებელი და დასაფასებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები