25 თებერვალი, 2020

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა მოტორსს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, დედაქალაქში 126 ერთეული BMC-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსი შემოვა და კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) იმუშავებს.

მისივე თქმით, აღნიშნული ავტობუსები თურქეთში იწარმოება და მათი აწყობა უახლოეს მომავალში დაიწყება.

„ჩვენი პრიორიტეტია, რომ არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად განვაახლოთ, მოვაწესრიგოთ, მგზავრობა კი კომფორტული იყოს. შესაბამისად, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა - ახალი ავტობუსების შესყიდვა უკვე დავიწყეთ. სულ ჩამოვიდა 220 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი და 90 ერთეული 10-მეტრიანი ავტობუსი. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, გამოყოფილია თანხები და გამოცხადებული იყო შესყიდვა 12-მეტრიან ავტობუსებზე. გვყავს გამარჯვებული კომპანია „თეგეტა მოტორსი“, რომელიც ვალდებულია, შემოიყვანოს 126 ერთეული BMC-ის მარკის ავტობუსი, რომელიც თურქეთში იწარმოება და ბუნებრივ აირზე (CNG) მუშაობს. უახლოეს მომავალში დაიწყება მათი აწყობა-წარმოება და შემდეგ უკვე დედაქალაქში შემოყვანა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მიზანია, რომ ავტობუსების მოცდის დრო მაქსიმუმ ათი წუთი იყოს.

„ჩვენ არამხოლოდ ავტობუსების პარკის განახლება-ჩანაცვლებით შემოვიფარგლებით, არამედ გვინდა, დამატებითი ავტობუსების შემოყვანა, რადგან დედაქალაქში არსებობს კონკრეტული უბნები და რაიონები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება, ან თუ გადაადგილდება, მგზავრს დიდხანს ლოდინი უწევს. ჩვენ ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოცდის დრო მაქსიმუმ 10 წუთი იყოს. გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ ამაზე არ გავჩერდეთ, დამატებითი ავტობუსები შევიძინოთ. გარდა ამისა, 18-მეტრიანი ავტობუსებიც დედაქალაქის ქუჩებში ძალიან მალე გამოჩნდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უახლოეს მომავალში ქეთევან დედოფლის გამზირის კაპიტალურ რეაბილიტაციას დაიწყებს. რეაბილიტაცია მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს ჩაუტარდება.

„ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რასაც დიდ ყურადღებას ვუთმობთ. მიმდინარე წელს სხვადასხვა მასშტაბური პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს და გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას განახორციელებს. სამუშაოები მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ჩატარდება. ყველამ იცის, რომ გზის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე დღეს არსებული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის. სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება, შეიცვლება განათების ბოძები და გამზირი სრულად იქნება მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილისა (ყოფილი ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა, რის გამოც, შემსრულებელ კომპანიას აღნიშნული ქუჩების მოწესრიგება საკუთარი ხარჯებით დაევალა.

„როგორც იცით, გლდანის რაიონის გამგეობა ბოჭორიშვილისა (ყოფილი ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს, სადაც პრობლემები გვქონდა. როდესაც აღნიშნულ ქუჩებზე მუნიციპალური ინსპექცია და ლაბორატორია შესამოწმებლად შევიდა, შესრულებული სამუშაოები უხარისხო აღმოჩნდა. ლაბორატორიამ სინჯების აღებაც ვერ მოახერხა, იმდენად ცუდად იყო გზა მოასფალტებული. რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხრიდან რეაგირება მოჰყვა - კომპანიას დაევალა, რომ ყველაფერი თავისივე ხარჯებით მოაწესრიგოს. ამასთან დაკავშირებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ჩვენი ოპონენტების მხრიდან განცხადებებიც მოვისმინეთ. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობენ კომპანიები, რომლებიც ვერ თუ არ ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, თუმცა მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ უხარისხოდ გაკეთებულ საქმეზე თვალს არავითარ შემთხვევაში არ დავხუჭავთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მიმართა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ხარისხიანად შეასრულონ, რადგან საქმე დედაქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ეხება.

„მინდა, სამშენებლო კომპანიებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო - კეთილი ინებეთ და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულეთ. ჩვენ მეტს არაფერს გთხოვთ. გვინდა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მაღალ დონეზე ჩატარდეს და დროულად დასრულდეს, რაც დისკომფორტს წარმოადგენს. ხალხის გამოგზავნა და თხოვნები - არ დაგვაჯარიმოთო, არ გამოვა. ჩვენ ყველა ჩვენს ქალაქს და ხალხს ვემსახურებით. არ ვაპირებთ თავი დავუხაროთ ასეთ გადაცდომებს და უხარისხოდ წარმოებულ სამუშაოებს. ამ კომპანიას თავისივე ხარჯებით ორივე ქუჩის მოწესრიგება მოუწევს. ეს ქალაქი მარტო ჩემი, მთავრობის წევრების არ არის. ეს ქალაქი ყველასია და თქვენგანაც გვჭირდება თანადგომა, რომ ერთად გავალამაზოთ და მოვაწესრიგოთ ის. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ორივე ქუჩა მოწესრიგდება და სალაპარაკო არ გახდება.

მინდა, გლდანის გამგებელს, ბექა მიქაუტაძეს კიდევ ერთხელ დავავალო, რომ სამუშაოები დროულად შესრულდეს და რაც არის საჭირო ჩვენი მხრიდან, მათ შორის ჯარიმა თუ სხვა სანქციები, ყველაფერი გაკეთდეს, რომ მსგავსმა კომპანიებმა მეორედ არ მიიღონ ტენდერში მონაწილეობა. თუ არ გაქვთ სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა, დაანებეთ თავი და ტენდერში მონაწილეობას ნუ მიიღებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ყურადღება მეორადი საბურავების, ჯართის, ამტვერებადი და ფეთქებადი მასალების რეალიზაციაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საცხოვრებელ და რეკრეაციულ ზონებში მათი შენახვა-რეალიზაცია 2021 წლის პირველი იანვრიდან აიკრძალება.

მტვრის შემცირებისა და ადამიანების უსაფრთხოების დაცვისკენ მიმართული ახალი რეგულაციის შესახებ კანონპროექტის დროულად მომზადება და საკრებულოში გადაგზავნა კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის ინიციატივით, შეფუთვის გარეშე სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით სანქციების შესახებ ერთი წლის წინ მიღებულმა კანონმა ეფექტიანად იმუშავა და ამ დრომდე, სამართალდარღვევის 415 ფაქტი გამოვლინდა. მისივე თქმით, მოქმედი რეგულაციები საკმარისი არ არის და ქალაქში არსებული ეკოლოგიური გამოწვევების გათვალისწინებით, ახალი რეგულაციების მიღება აუცილებელია.

„არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ. ვიცით, გამონაბოლქვის თვალსაზრისით, როგორ დისკომფორტს და პრობლემას წარმოადგენს ე.წ. ყვითელი ავტობუსები და მიკროავტობუსები. ეს პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. პრობლემას წარმოადგენს ასევე, სამშენებლო მტვერი და ამ მიმართულებით, დაახლოებით, ერთი წლის წინ, პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომლითაც გათვალისწინებულია გარკვეული სანქციების ამოქმედება სამშენებლო მოედნებზე საშენი მასალების ქაოტურ განლაგებასა და შეფუთვის გარეშე ასეთი მასალების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. ამ კანონმა, როგორც მტვრის შემცირებისკენ გადადგმულმა კიდევ ერთმა ნაბიჯმა, ძალიან ეფექტიანად იმუშავა - ამ დრომდე გამოვლინდა სამართალდარღვევის 415 ფაქტი, აქედან 67 შემთხვევა სამშენებლო ობიექტებზე დაფიქსირდა. სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის საერთო თანხამ 197 800 ლარი შეადგინა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, კანონს ზოგიერთ შემთხვევაში, თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებიც არღვევდნენ, როდესაც ქუჩებში ქვის მშრალი წესით დამუშავებას ახდენდნენ.

„ბევრი მსგავსი კომპანია დაჯარიმდა, თუმცა ამ მიმართულებით, მუშაობას აქტიურად განვაგრძობთ. ქალაქში მტვრის ნაწილაკების შემცირებას, ასევე, ხელს უწყობს მულჩირება. ყველას შეგვხვედრია ჩაბეტონებული გზაგამყოფები და ვეცადეთ, რომ ეს ადგილები გაგვემწვანებინა. ეს ღონისძიებები მნიშვნელოვანია, თუმცა საკმარისი არ არის. იმავე კანონში, რომელიც ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ, იყო კიდევ ერთი მუხლი, რომელიც კანონქვემდებარე აქტის მიღებას და საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას გვავალდებულებდა. საუბარია თბილისის ტერიტორიაზე მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების, ამტვერებადი და ფეთქებადი მასალების განთავსებასა და რეალიზაციის წესის დადგენაზე. აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, მსგავსი მასალების რეალიზაცია აიკრძალება ისეთ ფუნქციურ ზონებში, როგორიცაა საცხოვრებელი, რეკრეაციული ზონები, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული. ასეთი ტიპის მასალის განთავსება-რეალიზაცია დასაშვები იქნება მხოლოდ სპეციალურად დადგენილ ზონებში და ისეთ შენობა-ნაგებობაში, სადაც საფრთხის შემცველი ნივთიერებების შენახვისა და რეალიზაციის პირობები და უსაფრთხოების ნორმები იქნება დაცული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, იმ ადამიანებს, რომლებიც მსგავსი მასალებით ვაჭრობენ, ახალი რეგულაციების შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ. მათ სავაჭრო საქმიანობის კანონმდებლობით დაშვებულ ადგილებში გასაგრძელებლად, გონივრული ვადა მიეცემათ.

„მინდა, შესაბამის სამსახურებს დავავალო, ხვალიდანვე დავიწყოთ კომუნიკაცია ყველა იმ ადამიანთან, ვინც ასეთი მასალებით ვაჭრობს და მივაწოდოთ ჩვენი გეგმა და ხედვა, ასევე, მივცეთ გონივრული ვადა და მითითებები, თუ სად უნდა განაგრძონ საქმიანობა. გთხოვთ, კანონპროექტი, რომელიც გვავალდებულებს რეგულაციების მიღებას, დროულად მოამზადოთ და გადააგზავნოთ საკრებულოში. რეგულაციები 2021 წლის პირველი იანვრიდან ავამოქმედოთ, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ გონივრული ვადა იმისთვის, რომ თავიანთი საქმიანობა კანონმდებლობით დაშვებულ სხვა ადგილებში განახორციელონ. ეს არის სერიოზული გამოწვევა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვაწესრიგებთ. ადამიანების უსაფრთხოება მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. იქ, სადაც საცხოვრებელი ზონებია, ასეთი საქმიანობა აკრძალული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თბილისის მერმა ისაუბრა, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებაა, რისთვისაც დედაქალაქის მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგა.

„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მიხარია, რომ ჩვენ დედაქალაქის ის მთავრობა ვართ, რომელმაც ამ კონკრეტული პრობლემის მოგვარება და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ეს პრობლემა უკვე რამდენიმე ათეული წელია არსებობს, რის გამოც, დაზარალებულად 3 000-ზე მეტი ოჯახია ცნობილი. ცხრა მიწის ნაკვეთზე უკვე გვქონდა გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა და საერთო ჯამში, დაზარალებულ ოჯახებს 58 300 კვადრატული მეტრის თეთრი კარკასის საცხოვრებელი ფართები უნდა გადაეცეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა ამჟამად, სოფელ დიღომში მდებარე მიწის ნაკვეთებზეა გამოცხადებული, რომელთა ჯამური ფართობი 5 616 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

„ყველა დაინტერესებულ კომპანიას აქვს შესაძლებლობა, ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა მიიღოს. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა 28 თებერვლის 18:00 საათია. ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვებს ის კომპანია, რომელიც დაზარალებულ მოქალაქეებს ყველაზე მეტ საცხოვრებელ ფართს შესთავაზებს. გადასაცემი ფართების (თეთრი კარკასის მდგომარებით) მინიმალური ოდენობა 2 600 კვადრატული მეტრია. დარწმუნებული ვარ, ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთით ძალიან ბევრი კომპანია დაინტერესდება, რომლის შედეგადაც, დაზარალებულ ოჯახებს დავეხმარებით და საცხოვრებელ ფართებს გადავცემთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „ისწავლე და დასაქმდი“ მსურველების განაცხადების მიღება მარტში დაიწყება.

მისი თქმით, პროგრამა უკვე ორი წელია წარმატებით ხორციელდება, თუმცა წელს, თანხები გაორმაგებულია და უფრო მეტი ადამიანი შეძლებს გადამზადებას.

„ორი წელია რაც პროფესიული გადამზადების პროგრამა - „ისწავლე და დასაქმდი“ დავიწყეთ. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ასეთ შედეგს და წარმატებას არ ველოდით. სულ, დაახლოებით, 2 000 ადამიანი გადამზადდა და მათგან 70% დასაქმებულია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. წელს, აღნიშნული პროგრამისთვის თანხები უკვე გამოყოფილი გვაქვს, თუმცა ვაორმაგებთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს. ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან და ზუსტად ვიცით ის მოთხოვნები, რაც ზოგადად, ბიზნესსექტორს გააჩნია და რა არის პრობლემა, რა მიმართულებით სჭირდებათ ყველაზე მეტად გადამზადებული კადრები. ჩვენ ამ ყველაფრის მიხედვით ვახდენთ მათ გადამზადებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მსურველებს მოუწოდა, განაცხადები შემოიტანონ და გამოიყენონ შესაძლებლობა, რომ უფასოდ გადამზადდნენ.

„როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, მახსოვს, რამდენად დიდი პრობლემა იყო შემდუღებლის მიმართულებით. ჰესებს რომ ვაშენებდით, მცოდნე ადამიანებს ვერ ვნახულობდით და სპეციალისტების ხან თურქეთიდან, ხან ინდოეთიდან ჩამოყვანა გვიწევდა. რატომ უნდა ჩამოვიყვანოთ სხვები, როდესაც ჩვენ ძალიან კარგი გონებრივი შესაძლებლობები გვაქვს?! უბრალოდ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, რომ გადამზადდნენ და პროფესიონალები გახდნენ. შესაბამისად, ეს კონკრეტული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. განცხადებების მიღება მარტში დაიწყება. მსურველებს შეგიძლიათ, მოგვმართოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გასწავლოთ და დასაქმებაში ხელი შეგიწყოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

„ისწავლე და დასაქმდი“ მოკლევადიან, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს მოიცავს, რომლებიც აგებულია თეორიული და პრაქტიკული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების გამომუშავებაზე და არის სერტიფიცირებული. სპეციალობები განისაზღვრა შრომის ბაზრის კვლევისა და კოლეჯების პარტნიორი კომპანიების გამოკითხვის შედეგად. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს თბილისში უმუშევრობის დონის შემცირებას. ასევე, საწარმოების მოთხოვნილებების ნაწილობრივ დაკმაყოფილებას. პროგრამა ოთხ სახელმწიფო კოლეჯში, 38 სპეციალობაში განხორციელდება და პირველ ეტაპზე, 1 107 ბენეფიციარი ეყოლება.

მსგავსი სიახლეები