11 თებერვალი, 2020

შეხვედრები ევროპარლამენტში

დღეს გვქონდა ორმხრივი შეხვედრები ევროპარლამენტარებთან - მიხაელ გალერთან, სანდრა კალიენტესთან, ვოლოდიმერ შიმოჩევიშთან და სვენ მიქსერთან.
საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები იყო, სადაც საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებს, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს და წინასაარჩევნო გარემოს. ბევრი კითხვა დაისვა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან გაკეთდა ახსნა- განმარტებები. მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენს მეგობრებს, თუ როგორი პოლიტიკური მდგომარეობაა ქვეყანაში. არჩევნებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ხაზი გავუსვით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, მშვიდობიან გარემოში გამჭვირვალედ, რათა ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში წარუდგინოს საკუთარი ხედვები მოსახლეობას და ჩაატაროს საარჩევნო კამპანია. შეხვედრებზე ასევე დაისვა კითხვები გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით.
ჩვენი მხრიდან მოჰყვა ზუსტი განმარტება. მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ამ საქმეს პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საქმე ეხება 48 მილიონი ლარის ქურდობას, რომლის ამსახველი ვიდეოკადრები და მთელი რიგი მტკიცებულებები არსებობს. ჩვენ ასევე ვუთხარით ისიც, რომ პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება ერთგვარი ფარი დანაშაულის დასაფარად. ხშირად მოგვიწოდებენ, სასამართლო, პროკურატურა, შესაბამისი უწყებები იყვნენ დამოუკიდებლები და ჩვენ მთელი რიგი ნაბიჯები გადავდგით 2012 წლის შემდეგ ამ მიმართულებით. შესაბამისად, ხელისუფლება არ და ვერ ჩაერევა სასამართლოს გადაწყვეტილებებში. დღეს პოლიტიკური კუთხით რომ შევხედოთ, თუ ვინმე დაზიანდა ამ გადაწყვეტილებით, რა გადაწყვეტილებაც მიიღო უზენაესმა სასამართლომ, შეიძლება იყოს მმართველი გუნდი. პოლიტიკურად რომ შევხედოთ, დაკავებული არის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ მეორე მხრივ, თუ ჩვენ გვინდა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, თუ ჩვენ ვსაუბრობთ და მოგვიწოდებენ იმისკენ, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, პროცესები იყოს გამჭვირვალე, ზუსტად ეს არის ამის ნათელი მაგალითი.