21 იანვარი, 2020

დედაქალაქის მოსახლეობას დამატებით 40 ახალი ავტობუსი მოემსახურება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ISUZU-ს მარკის ახალი, 40 ერთეული ავტობუსი წარუდგინა. რვამეტრიანი, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით, რვა მარშრუტზე გადანაწილდება.

დედაქალაქის მერმა ავტობუსის ქალ მძღოლთან ერთად იმგზავრა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, რვამეტრიანი ავტობუსების გარდა, დაახლოებით, 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაც იგეგმება, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ დედაქალაქს „ისუზუს“ მარკის 40 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსი შეემატა. კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება და საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა, იმ პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც საზოგადოებას ორი წლის წინ წარვუდგინეთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისეთი მოწესრიგებული და გამართული იყოს, როგორც ევროპულ, განვითარებულ ქალაქებშია. ე.წ. ყვითელი ავტობუსების პარკის სრულ ჩანაცვლებას ძალიან მალე დავასრულებთ, თუმცა ამაზე არ ვჩერდებით. პარალელურად, გვინდა, დამატებით შემოვიყვანოთ ახალი ავტობუსები, რათა ქალაქში გადაადგილება სწრაფი და კომფორტული იყოს. ამას რა თქმა უნდა, პარალელურად მოსდევს ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც ავტობუსების ზოლებს ყოველთვის ვითვალისწინებთ, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, დაწყებულია თბილისის „მეტროპოლიტენის“ მოდერნიზება და არსებული ვაგონების განახლებაც. უახლოეს მომავალში კი მეტროს 40 ახალი ვაგონის შესასყიდად, ტენდერი გამოცხადდება.

„ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ ის დაპირებები, რაც ჩვენს მიერ გაიცა, შესრულდეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ზოგადად, ეს მიმართულება პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად მივყვებით ამ პროექტების განხორციელებას. ის ადამიანები, ვისაც არ უხარია ქალაქის განვითარება და წინსვლა, ფიქრობენ, რომ განხორციელებული პროექტები, „ქართული ოცნების“ და მხოლოდ კახა კალაძის მიღწევაა. ეს ჩვენი, ყველას ერთობლივი გამარჯვება და წარმატებაა. მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ამ ქვეყნის შვილები ვართ. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. წინ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გველოდება და 2020 წელი ჩვენი ქალაქისთვის განსაკუთრებული იქნება. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩვენი ქალაქით და იმ პროექტებით, რომელიც განხორციელდება, ყველანი ვიამაყებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ყველა იმ ადამიანს, რომელიც სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში ყოველდღიურ რეჟიმშია ჩართული, მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

„ისუზუს“ მარკის ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია; ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის; ავტობუსში განთავსებულია, როგორც WIFI მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის WIFI-ს სიგნალით დაფარვას, ასევე, თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები. გარდა ამისა, გააჩნია ვიდეომონიტორინგის ანტივანდალური და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები, ასევე, USB-დამტენები.



ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებს მოემსახურება:

N17 - გადასასვლელი ხიდი - მუხიანის მე-4 მიკრორაიონი;

N27 - სადგურის მოედანი - ვაშლიჯვრის დასახლება;

N40 - ვარკეთილის მეურნეობა - ისანი;

N45 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - სოფელი გლდანი;

N60 - გადასასვლელი ხიდი - მეტროსადგური „ღრმაღელე“;

N62 - სადგურის მოედანი - ზღვის უბნის დასახლება;

N73 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - გლდანულა;

N99 - მეტროსადგური „დელისი“ - ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი.



გარდა ამისა, უახლოეს მომავალში თბილისს დამატებით, „ისუზუს“ მარკის 40 ერთეული ავტობუსი შეემატება. გასულ წელს შპს „სატრანსპორტო კომპანიამ“ მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, სულ „ისუზუს“ მარკის 220 ერთეული და „მანის“ მარკის 90 ერთეული ავტობუსი შეისყიდა.

ახალი ავტობუსების წარდგენის ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემელაძე, მერის მოადგილეები, თბილისის მთავრობისა და საკრებულოს წევრები, ასევე, სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები