22 იანვარი, 2020

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

როგორც დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, თბილისის მერია მიმდინარე წლის მარტიდან ჯანდაცვის ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პირთა ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტებით დაფინანსებას ითვალისწინებს.

დედაქალაქის მერის თქმით, თითოეული პაციენტის სამკურნალოდ, 24 000 ლარი გამოიყოფა.

„გაფანტული სკლეროზი ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა და მის მკურნალობას საკმაოდ დიდი ფინანსები და ძალისხმევა სჭირდება. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო - ჩვენ ადამიანებს არასდროს დავტოვებთ პრობლემების პირისპირ, ყოველთვის გვერდით დავუდგებით. თითოეული პაციენტისთვის წლიურად საჭიროა 24 000 ლარი. სოციალურად დაუცველები 100%-ით დაფინანსდებიან, ხოლო ვინც ამ სტატუსს არ ატარებს, მათ მედიკამენტები 80%-ით დაუფინანსდებათ. ადრეულ სტადიაზე აღნიშნული დაავადების მკურნალობა ნიშნავს სრულფასოვან ცხოვრებას, საზოგადოებისგან მოწყვეტისა და შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამას“ აფართოებს და მასში დამატებით, 230 ბენეფიციარს რთავს. მოლოდინის რეჟიმში მყოფი 230 ბავშვი პროგრამაში ეტაპობრივად, წლის ბოლომდე ჩაერთვება.

„გასულ წელს დაფინანსება 1 000 ბავშვისთვის იყო გამოყოფილი, წელს მათი რიცხვი 1 230-მდე გაიზრდება. შარშან ჩვენ გავზარდეთ პროგრამით მოსარგებლეთა ასაკის ზედა ზღვარი 15-დან 18 წლამდე და ამან ოჯახებს მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა. პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურად, ერთი ბავშვის დასაფინანსებლად, 400 ლარია გამოყოფილი. პროგრამით მოსარგებლეები ასაკობრივ ჯგუფებად არიან დაყოფილი და მათ თვის განმავლობაში, კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი უტარდებათ. სეანსები მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის – ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, ქცევითი თერაპევტის, ლოგოპედის, სპეციალური პედაგოგისა და სხვა სპეციალისტების მომსახურებას. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა მიღებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გასულ წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები კიდევ ერთხელ შეაჯამა და აღნიშნა, რომ დედაქალაქისთვის მიმდინარე წელი განსაკუთრებული იქნება.

„მინდა გაგიზიაროთ 2019 წელს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები. დედაქალაქის ბიუჯეტიდან არსებული გზების რეაბილიტაციაზე და ახალი პროექტების განხორციელებაზე, დაახლოებით, 100 მლნ ლარი დაიხარჯა. თუ გადავხედავთ გასულ წლებს, ამ მიმართულებით ორჯერ მეტი თანხაა დახარჯული. ჩვენ დავიწყეთ ისეთი მსხვილი პროექტების განხორციელება, როგორიც არის ჭავჭავაძის გამზირის, კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია, ასევე, გლდანში ორი ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია; მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა; ისნის რაიონში, დავითაიას ქუჩისა და მთისძირის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობის სამუშაოები და როგორც გითხარით წლევანდელი წელი ამ კუთხით განსაკუთრებული იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა რამდენიმე გამზირისთვის რეაბილიტაციის ჩატარების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

„ეს არის ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია; საბურთალოს რაიონში - ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა და რეაბილიტაციას საჭიროებს; დიდუბის რაიონში - აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია; საბურთალოს რაიონში - მარშალ გელოვანის გამზირისა და მარჯვენა სანაპიროს გზაჯვარედინის მოწყობის სამუშაოები. კერძოდ, ვეფხვი და მოყმესთან გვსურს, გავაკეთოთ ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები, გვირაბებითა და პანდუსებით, რათა შუქნიშანი საჭიროებას არ წარმოადგენდეს; ასევე, საბურთალოს რაიონში ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი სამანქანო ხიდი გაკეთდება. დაახლოებით, იმ ადგილზე, სადაც ახლა საფეხმავლო ხიდია, იქვე ახლოს განხორციელდება აღიშნული პროექტი და ბაგები-საბურთალო ერთმანეთს საავტომობილო გზით დაუკავშირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველა პროექტის ერთად განხორციელება შეუძლებელია, რადგან ეს ქალაქში სრულ კოლაფსს გამოვიწვევს. შესაბამისად, მათი განხორციელების პერიოდები ისე გადანაწილდება, რომ სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტი მოქალაქეებს შეუმსუბუქდეს.

მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერია პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდება 9 აპრილის მემორიალიც.

„დღეს ვიწყებთ პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რადგანაც მიმდებარე ტერიტორია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ასევე, მინდა ჩემს მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას დავავალო, რომ 9 აპრილის მემორიალის მოწესრიგებაც მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება გასული წლის ივნისში დასრულდა.

„აღნიშნული ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი გასული წლის ივნისში შევიძინეთ. უშუალოდ სამუშაოების განხორციელება კი დღეს დაიწყება. ტერიტორია მოპირკეთდება ფილებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შადრევნებს, განხორციელდება გამწვანების სამუშაოები. როდესაც სამუშაოები დასრულდება, ეს იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც გენერალური გეგმის ფარგლებში მშენებლობების განხორციელება დროებით შეჩერდა, განაშენიანების პირველადი საპროექტო გადაწყვეტილებების მომზადების შესახებაც ისაუბრა. კერძოდ, მისი თქმით, დაიგეგმა ქუჩათა ქსელი, კომუნიკაციები, სოციალური და საჯარო სივრცეები, განისაზღვრა სამშენებლო განვითარების სპეციალური პირობები და განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშე მათი განვითარების შესაძლებლობა.

თბილისის მერის განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში, განისაზღვრა 11 არეალი, რომელთა შორის კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიებია, მშენებლობების განხორციელება დროებით შეჩერდა, რათა აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე ქაოტური განაშენიანება არ მომხდარიყო.

„ჩვენ დავიწყეთ ამ ტერიტორიების შესწავლა და გვინდოდა, რომ ბიზნესისთვის მიგვეწოდებინა უკვე დამუშავებული პროექტები, რათა თავიდან აგვეცილებინა ქალაქის ქაოტური განაშენიანება, რომ არ მივიღოთ ისეთი უბნები, რომლებიც დღეს პრობლემას წარმოადგენს. პრობლემაა იმ თვალსაზრისით, რომ არ არსებობს წყალარინებისა და წყალმომარაგების სისტემები, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურა, არ არის შესაძლებელი, რომ ამ კონკრეტულ ქუჩებზე საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იმოძრაოს. ეს, რა თქმა უნდა, იქ მცხოვრები მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევს. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ 11 არეალზე მშენებლობის უფლებები შეგვეჩერებინა, ჩვენ თვითონ დაგვეპროექტებინა, ბიზნესისთვის მიგვეწოდებინა და გვეთქვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული არეალები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს, გიორგი ებანოიძეს მიწის მფლობელებთან და სამშენებლო სექტორთან აქტიური კომუნიკაცია დაავალა.

„რაც შეიძლება სწრაფად დაიწყეთ კომუნიკაცია მათთან, ვინც ამ კონკრეტულ არეალში მიწის ნაკვეთებს ფლობს. ასევე, დაიწყეთ კომუნიკაცია სამშენებლო სექტორთან და მიაწოდეთ სრული ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ კონკრეტული მიწების ნაკვეთების განვითარება. ის, რაც თქვენ გააკეთეთ და რაზეც გაქვთ ნამუშევარი, წინგადადგმული ნაბიჯია და ამ კონკრეტული არეალების სწორად განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საჯარო განხვილვების მოწყობისა და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების დავალებაც გასცა.

კიდევ ერთი სიახლე, რომელზეც კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა, თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის რეფორმის მეორე ეტაპია. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველი მარტიდან აღნიშნული სამსახური მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით - საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით მოემსახურება.

მისი თქმით, მერიაში მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი რეფორმა, რაც განხორციელდა, ურბანული გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია და ზონალური საბჭოს გაუქმება იყო. კახა კალაძის განცხადებით, ზონალური საბჭო სწრაფ ტემპში, თუმცა ქალაქისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს აფორმებდა და ლეგიტიმაციას აძლევდა ყველა იმ მშენებლობას, რაც დღემდე ქალაქის პრობლემად დარჩა.

„ჩვენ შევქმენით ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური, რომელიც არქიტექტურის სამსახურს გამოეყო. ეს იყო რეფორმის პირველი ეტაპი და ყველა დამეთანხმება, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები ხარისხობრივად, რადიკალურად განსხვავდება იმ გადაწყვეტილებებისგან, რომელიც მანამდე მიიღებოდა. რა თქმა უნდა, ყველა პროექტს დეტალურად გავდივართ. არის მოთხოვნები დენდროლოგიურ პროექტებსა და სატრანსპორტო კვლევებთან დაკავშირებით, რათა თავიდან ავიცილოთ ის კოლაფსი, რაც დღეს ძალიან ბევრ ქუჩაზე გვაქვს. რეფორმის პირველი ეტაპის შემდეგ, გარდამავალ პერიოდში მთელი რიგი პრობლემები წარმოიქმნა - ძალიან ბევრი წერილი შემოდიოდა სამშენებლო ნებართვებზე, ასევე, განაშენიანების რეგულირების გეგმაზე. რა თქმა უნდა, ამ გარდამავალმა პერიოდმა გარკვეული პრობლემები შექმნა, თუმცა მშენებლობებთან დაკავშირებით, არცერთი განუხილველი წერილი არ გვაქვს. შესაძლოა, დაგვიანებები ფიქსირდებოდეს, თუმცა განუხილველი არცერთი მათგანი არაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, უკვე დაიწყო რეფორმის შემდგომი ეტაპი და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში რეორგანიზაციაა გამოცხადებული.

„პირველი მარტიდან შეიქმნება ურბანული განვითარების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მომსახურებას უკვე ერთი ფანჯრის პრინციპით გასცემს. თუ დღეს მშენებლებს სხვადასხვა სამსახურში მისვლა და პროექტების შეტანა უწევთ, ეს ყველაფერი მოწესრიგდება და აღნიშნული სამსახური ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს. რეფორმის მეორე ეტაპი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პროექტები უფრო გამართული იყოს და ის დაგვიანებები, რომელიც პრობლემას წარმოადგენს, მოწესრიგდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ურბანული განვითარების სამსახური იმავე პრინციპით იმუშავებს, როგორც არქიტექტურის სამსახური და მისი მომსახურებაც ფასიანი იქნება.

თბილისის მერმა აქვე, ურბანული განვითარების სამსახურის უფროსს, გიორგი ებანოიძეს დაავალა, რეფორმის შემდგომ ეტაპს ყველანაირად მომზადებული შეხვდნენ. 

მსგავსი სიახლეები