1 იანვარი, 2020

საახალწლო გალაკონცერტი

თბილისის მერიის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტი გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოჯახთან ერთად დაესწრო.

კახა კალაძემ საქართველოს მოქალაქეებს და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს 2020 წლის დადგომა მიულოცა.

„სწორედ თქვენთვის დგება ახალი წელი. იწყება ახალი სიცოცხლის, ახალი საქმეების, გეგმების, იმედების ხორცშესხმის წელი და სწორედ თქვენ ხართ მთავარი შემოქმედები ხვალინდელი დღის, ჩვენი ქვეყნის მომავლის. დღეს ჩვენს ხელთაა უდიდესი ძალა, რომელიც ასე გვაერთიანებს და ახალი წლის ღამეს ხდის ჯადოსნურს- ესაა სიყვარული, რომელიც სუფევს დღეს აქ. ყველა ზღაპრის არსი ხომ სიყვარულია, ყველა ნატვრის რეალიზებაც სიყვარულს უკავშირდება და როდესაც ასე გვიყვარს ერთმანეთი, როგორც ახლა, შეუძლებელი არაფერია.

ახლა, სხვა პატარებთან ერთად, ჩემი შვილებიც სწორედ აქ იმყოფებიან და მინდა მივმართო მათ: სამშობლო ის ქუჩაა, სადაც ყოველდღე თამაშობთ, ის სახლია, სადაც დედის ალერსი გაღვიძებთ, სამშობლო არის ღმერთი, რომელსაც უყვარხართ და რომელიც უნდა გიყვარდეთ ყველაზე მეტად.

კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს შობა-ახალ წელს, ჩვენს ყველა მოქალაქეს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ვულოცავ თბილისს, თბილისელებს და ჩვენი დედაქალაქის სტუმრებს, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, სიყვარულს და ძალიან დიდ წარმატებას! დარწმუნებული ვარ, წინ სიყვარულით, სიხარულით, ბედნიერებითა და სიცოცხლით სავსე წელი გველოდება! დაე, იყოს იგი კეთილდღეობის და სიკეთის მომტანი თითოეული ჩვენი ოჯახისთვის, სრულიად საქართველოსთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გალაკონცერტზე წარმოდგენილი იყო ყველასათვის საყვარელი მუსიკალური პროექტი „ერთი ერთში“, რომლის თვრამეტმა მონაწილემ სცენაზე ყველა დროის საუკეთესო შემსრულებლები გააცოცხლა და მათი მუსიკალური ჰიტები შეასრულა.

ქართველმა შემსრულებლებმა მიშა სულუხიამ, თაკო გაჩეჩილაძემ, ლევან მასპინძელაშვილმა, დიმა კობეშავიძემ, ნოდიკო ტატიშვილმა, ელენე კალანდაძემ, ოთო ნემსაძემ, მარიტა როხვაძემ, ზურა ჯავახიამ, სალომე ბაკურაძემ, მაგდა ვასაძემ, ნინო ძოწენიძემ, ნუცა ბუზალაძემ, თემო საჯაიამ, ნათია დუმბაძემ, TL-მა, ლიზა ყენიამ და ქეთი ორჯონიკიძემ სცენაზე ლეგენდარული მომღერლები - ტონი ბენეტი, გლორია გეინორი, ელვის პრესლი, ჩაკა ხანი, არეტა ფრანკლინი, თინა თერნერი, ფრედი მერკური, უიტნი ჰიუსტონ, ერიკ კლეპტონი, სტივ უონდერი, ბილი ჯოელი, ქრისტინა აგილერა, რობი უილიამსი, ალიშა ქისი, ჯემიროქვაი, რიანა და ლედი გაგა განასახიერეს.

კონცერტის რეჟისურა თეო მაზმიშვილს ეკუთვნოდა, ხოლო წამყვანები აჩიკო სოლოღაშვილი, თიკა ფაცაცია, რუსკა ქარქაშაძე და გიორგი ცხადაძე იყვნენ.

ღონისძიებას ასევე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები - სოფიო ხუნწარია და მაია ბითაძე, ასევე, თბილისის მთავრობისა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

ახალი წლის პირველ საღამოს, 1 იანვარს, 21:00 საათზე, საშობაო სოფელში მსმენელის წინაშე მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკალური პროექტი MAX THE SAX წარდგება. მათი მუსიკა შექმნის საუკეთესო საახალწლო განწყობას, რომელსაც მოგვიანებით დიჯეი გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები