24 დეკემბერი, 2019

შეხვედრა თბილისის მერიის სტიპენდიანტებთან

დედაქალაქის მერიას აქვს საკმაოდ საინტერესო პროგრამა. ეს არის სტიპენდიები წარმატებული სტუდენტებისთვის, ასევე, ვეხმარებით სოციალურად დაუცველ სტუდენტებს. ამ მიმართულებით დაახლოებით 1,5 მლნ ლარი იხარჯება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. გვაქვს საკმაოდ საინტერესო პროექტი, რომლის განხორციელებას მომდევნო წელს ვაპირებთ. არა მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით, არამედ ქვეყნის მასშტაბით გვინდა, შეიქმნას სხვადასხვა პლატფორმები, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი ნიჭი, საინტერესო შეხედულებები რეალობად აქციონ სხვადასხვა პროექტების სახით. მინდა ამ ახალგაზრდებს წარმატებები ვუსურვო და დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო.

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური 2015 წლიდან ახორციელებს წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამას, რომელიც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, თბილისში რეგისტრირებული მაგისტრანტებისთვის სტიპენდიის გაცემას ითვალისწინებს. სტიპენდია გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ, თითოეულ სტუდენტზე 562 ლარის ოდენობით.

2015 - 2019 წლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტიპენდია გადაეცა 745 წარჩინებულ მაგისტრანტს. აქედან, მიმდინარე სემესტრში - 107 წარმატებულ მაგისტრანტს. აღნიშნული პროგრამის წლიური ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს.