18 დეკემბერი, 2019

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა.

დედაქალაქის მერმა გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

„მინდა, დღევანდელი სხდომა ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, სამძიმრით დავიწყო. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, მის მეგობრებს და სრულიად საქართველოს. ჩვენი სამძიმარი და გულისტკივილი ლუკას ვერ დააბრუნებს. უბრალოდ მინდა ყველამ გავიხსენოთ როგორები ვიყავით 15 წლის ასაკში. ყველას გამოვლილი გვაქვს ეს ასაკი და ყველას შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ რამხელა ენერგია, ემოციები დუღდა თითოეულ ჩვენგანში, რამდენად რთულად გვეჩვენებოდა ცხოვრება და თითოეული მოვლენა, რომელიც ჩვენს ირგვლივ იყო დიდი გამოწვევა და ხშირად შეიძლება ითქვას, ბრძოლაც კი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოზარდის გარდაცვალებაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოებაა.

„ლუკაც ასეთი იყო გარდატეხის ასაკში, რომელიც დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი - რატომ? რისი გულისთვის? შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს თანაგრძნობა და სიყვარულის უნარი დავკარგეთ. მხოლოდ სიძულვილი და აგრესიაა მოზარდების ირგვლივ - ამას ხედავენ და ამასთან ერთად უწევთ ცხოვრება, რაც ძალიან ცუდია. როცა ბავშვი იღუპება, მგონია, რომ ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ - ჩვენ, ყველანი, იმიტომ, რომ ოჯახი, სკოლა და ასევე, სახელმწიფო ერთნაირად არის პასუხისმგებელი მომავალ თაობაზე. კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო ლუკა სირაძის ოჯახს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება. მისი თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ, საავტომობილო მოძრაობა აღდგება.

„რამდენიმე თვეა მიმდინარეობს თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია, რაც კოჭების შეცვლას, ბურჯების თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილისა და ტროტუარის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას, მოაჯირების შეცვლას, თვალამრიდის, ახალი გარე განათების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ამჟამად, სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს - საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და რამდენიმე დღეში მთლიანად დასრულებული იქნება. პროექტის ღირებულება ორ მილიონ ლარს შეადგენს. რამდენიმე დღეში ავტომობილებით გადაადგილება უკვე შესაძლებელი იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პანდუსი ავარიულ მდგომარეობაში იყო და მისი რეაბილიტაცია საჭიროებიდან გამომდინარე მოხდა.

„კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას, რადგან გარკვეული დროის განმავლობაში შეზღუდული იყო აქ გადაადგილება. ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო. შესაბამისად, აღნიშნული პროექტის განხორციელება ერთ-ერთი პრიორიტეტული იყო და საჭიროებას წარმოადგენდა. თამარ მეფის ხიდის პანდუსი ყველანაირად განახლებული და მოწესრიგებულია და რამდენიმე ათეულ წელს გაუძლებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე ასფალტის სამუშაოები ქვედა ფენებში დასრულებულია და რამდენიმე დღეში საავტომობილო მოძრაობა აღდგება.

„მე დავპირდი მოსახლეობას, რომ დეკემბრის ბოლოსთვის სამუშაოები ქვედა ფენებში დასრულებული იქნებოდა და ეს ასეც მოხდა. რამდენიმე დღეში გადადგილება ყოველგვარი პრობლემების გარეშე იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, სამუშაოები საავტომობილო მოძრაობის პარალელურად გაგრძელდება, ისევე, როგორც ჭავჭავაძის გამზირის შემთხვევაში, სადაც სამუშაოები 8 იანვრიდან განახლდება.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე ბორდიურის მოწყობა გაგრძელდება. ასევე, მოეწყობა ველობილიკები, სპეციალური ზოლები ავტობუსებისთვის, შეიცვლება გარეგანათების ბოძები და ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ მოექცევა. პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით, 13 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ამასთან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდებზე ასფალტის საფარისა და ტროტუარზე ქვაფენილის მოწყობა დასრულებულია, ხოლო 9 მარტისა და დედაენის ბაღების მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტი დენდროლოგიური სამუშაოების ჩათვლით, გაზაფხულზე დასრულდება.

„პროექტის საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში სამუშაოები დასრულებულია. რამდენიმე დღის წინ ასფალტის ბოლო ფენები დააგეს. მოასფალტების შემდეგ კი უკვე გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. ამ პროექტის მეორე ფაზა არის დენდროლოგიური სამუშაოების განხორციელება. 9 მარტისა და დედაენის ბაღების დენდროლოგიურ პროექტებს ჩვენ უკვე 8 იანვრიდან გავაგრძელებთ, როცა განახლდება სამუშაოები. დასრულებულია ხიდების რეაბილიტაციაც. მიმდინარეობს ხიდების გარე მოპირკეთების სამუშაოები. მოძრაობა აღდგენილია ხიდებზეც. მიმდინარეობს, ასევე, ტროტუარების მოპირკეთებაც. ბაზალტსა და ტრავერტინში ხდება მისი მოწყობა. გარდა ამისა, დასრულებულია 9 მარტისა და დედაენის ბაღების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა. დენდროლოგიურ პროექტი გაზაფხულზე უკვე დასრულებული იქნება. პროექტის ღირებულება დაახლოებით, 7.5 მლნ ლარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საახალწლო ბაზრობებზეც ისაუბრა, რომელიც დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით, თბილისის მასშტაბით ამოქმედდება. მისი თქმით, მოსახლეობას სასურველი პროდუქციის შეძენა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში შეეძლებათ.

„დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით, გამგეობებს გამოყოფილი აქვთ კონკრეტული ადგილები, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, პროდუქტები გაყიდონ. ძალიან ბევრი ადამიანი, ოჯახი ჩამოდის რეგიონებიდან, ვისაც თავისი ნაწარმოები პროდუქცია ჩამოაქვს. მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ამ კონკრეტულ ლოკაციებზე, სადაც არის სისუფთავე, მივიდნენ და მათთვის სასურველი პროდუქცია შეიძინონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მასშტაბით, საახალწლო ბაზრობები შემდეგ ლოკაციებზე ამოქმედდება: ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ მეველეს ქუჩაზე; ვაზისუბანში, პირველი მ/რ, მე-12 კორპუსის მიმდებარედ; მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე; ვერის ბაღის შესასვლელთან; მეტროსადგურების - „დელისისა“ და „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორიაზე; სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე; ზღვის უბანში, ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში; მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე; გლდანში, მარატ ნოზაძის ქუჩის დასაწყისში; დიდუბეში - ბორის პაიჭაძის N1-თან; მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ, ჯავახეთის ქუჩაზე „თიბისი ბანკთან“ და ყვავილების ბაზრობასთან; კალაუბნის ქუჩაზე ა/ბ კორპუსის მოპირდაპირედ.

მსგავსი სიახლეები