14 დეკემბერი, 2019

საქართველოს გზა ევროპისკენ

გილოცავთ, საქართველო ევროსაბჭოს თავჯდომარე ქვეყანა გახდა, ეს არის ის, რაც ევროპასთან ინტეგრაციის, ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი და ღირსეული ადგილის დამკვირდების პროცესის კანონზომიერი და მკაფიო გამოვლინებაა.

მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ მობრძანებისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ახალგაზრდებს, ვისი ინიციატივითაც იმართება დღევანდელი ეს მასშტაბური შეხვედრა-ღონისძიება.

ხშირად ისმის კითხვები, რატომ ევროპა, რატომ ვისწრაფით ევროპულ სივრცეში, არის კი საქართველო ევროპის ორგანული ნაწილი?

და საერთოდ, რა არის ევროპა ჩვენთვის ?!

პირადად ჩემთვის ევროპა ის სივრცეა, სადაც აფასებენ ადამიანს, როგორც ყველაზე ღირებულს, არ არღვევენ მის უფლებებს და არ იტაცებენ ექიმებს. თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს და ჩვენი მხარდაჭერა მას და მის ოჯახს.
ევროპა - თავისუფლებაზე, ჰუმანიზმზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანაცხოვრების წესია!

ეს კი ის თვისებებია, რაც საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ხალხს ისტორიულად ახასიათებდა!

ეს არის ის, რამაც აქამდე მოგვიყვანა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ერი, და რაც კიდევ ბევრ ათასწლეულს გაადაატანინებს ჩვენს საყვარელ ქვეყანას!

დღეს ჩვენი ცივილიზაციის ორი უმთავრესი საყრდენის - თავისუფლების და ტოლერანტობის ცენტრია ევროპა, ჩვენ ამ ღირებულებითი ერთობის გამო ვართ ისტორიულად ევროპის ნაწილი და ამ დიდი ოჯახის წევრი!
ევროპა საქართველოს სახლია!

მინდა პირად მაგალითზე გითხრათ, რომ როდესაც პოსტ-საბჭოთა სივრციდან, რკინის ფარდის მიღმა მყოფი სამყაროდან, ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ქალაქში, მილანში ჩავედი სათამაშოდ, მეგონა ძალიან გამიჭირდებოდა ამ უცხო ენობრივ, უცხო კულტურულ სივრცეში თავის დამკვიდრება.

თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ძალიან მალე აღმოვაჩინე, რომ ქართველებისთვის ეს არ არის უცხო სივრცე და გარემო.
მეტიც, ძალიან ადვილია ქართველისთვის ევროპაში თავის დამკვიდრება, რადგან მათაც ზუსტად ჩვენსავით ესმით თავისუფლების ფასი, ისინიც ზუსტად ჩვენსავით იცავენ პირად თუ ოჯახის ღირსებას, მათაც ზუსტად ჩვენსავით შეუძლიათ მეგობრის გვერდში დგომა და ისინიც ზუსტად ჩვენსავით აფასებენ სიმამაცეს, ვაჟკაცობას თუ საერთო საქმისთვის თავდადებას.

ერთადერთი მნიშვნელოვანი სხვაობა, რაც მე მაშინ დავინახე, იყო საქმისადმი განსხვავებული მიდგომა და დამოკიდებულება.
იქ ადამიანის შრომას და საქმისათვის თავდადებას განსაკუთრებულად აფასებდნენ, ჩვენთან კი, 70 წლიანმა რეჟიმმა შრომისა და საქმისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეცვალა.

თუმცა, დღეს მე თამამად შემიძლია ვთქვა, ეს დამოკიდებულებაც ყოველდღიურად, თაობიდან თაობამდე უმჯობესდება და დღეს მე, აქ შეკრებილი ახალგაზრდების სახით, ვხედავ ნამდვილ გულანთებულ ქართველებს, ენერგიით და მომავლის იმედით აღსავსე ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ პოტენციალი და უნარი თავისი სიტყვა თქვან, ღირსეული ადგილი დაიმკიდრონ საკუთარ სამშობლოშიც, ევროპაშიც და მსოფლიოს ნებისმიერ კონტინენტზეც. დღეს აქ შეკრებილია დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული, თავისუფალი თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის გარანტიაა.

დღეს ჩვენ, უკვე ევროკავშირთან ასოცირებული, ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ვართ, მაგრამ თითოეულმა ქართველმა, პირველ რიგში, ევროპა საკუთარ თავში, ყოველდღიურ ყოფაში უნდა დავამკვიდროთ და ამ შემთხვევაში ევროკავშირის ოფიციალურ წევრად ქცევა, უკვე მხოლოდ ფორმალურობა იქნება.

ევროპაში, რა თქმა უნდა, უნდა შევიდეთ როგორც სახელმწიფო, როგორც ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ევროპაში აუცილებლად უნდა შევიდეთ ინდივიდუალურადაც, როგორც თითოეული ცალკე აღებული ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდი ფასეულობაა ამ კულტურულ სივრცეში.
მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს ეროვნული მომავალი გარდაუვალია. ამ ახალგაზრდებთან, ამ თაობასთან ერთად. თქვენ ხართ თავისუფალი თაობა, რომელიც არასოდეს მოითმენს ვინმეს მხრიდან ჩაგვრას, ეს არის ამაყი თაობა, რომელიც არასოდეს აიტანს ვინმეს მხრიდან დამცირებას, ეს არის გონიერი თაობა, რომელიც ვინმეს მხრიდან პროპაგანდირებული სიცრუეს არასოდეს დაიჯერებს.
ეს ის თაობაა, რომელსაც ვეღარავინ ეტყვის შავზე თეთრს და თეთრზე შავს.

ეს ის თაობაა, რომელიც არავის აპატიებს ძალადობას, არავის აპატიებს დამცირებას, არავის აპატიებს სიყალბეს და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცემს გასაქანს ვისი არსებობაც ამ მეთოდებზეა დამყარებული.
ევროპელობა არის კეთილსინდისიერება საკუთარ თავთან, თანამოქალაქეებთან, ეს არი საქმისადმი თავდადება, სამშობლოს სიყვარული და მოფრთხილება, რაც დღეს ჩვენ და სამწუხაროდ, ძალიან აკლია არსებულ პოლიტიკურ სპექტრს.
ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო, მჯერა რომ, თქვენ, დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში დაბადებული ადამიანები, უფროსი თაობის მიერ ევროპისკენ რთულად, წვალებით გაკვალულ გზაზე წარმატებით გაივლით, საქართველოს ევროპულ ოჯახში თავის ადგილს სამუდამოდ დაუმკვიდრებთ.

და დღეს, ჩვენი ხალხის, ჩვენი წინაპრების, დამოუკიდებელი საქართველოს მძიმე წლების, და მათ შორის ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევის ლოგიკური შედეგია ის, რომ საქართველო ყველაზე ახლოს არის ევროპასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა. იმ ოჯახთან, რომელშიც ჩვენი ღირსეული ადგილი მუდმივად გველოდება და თქვენთან, თქვენს ღირსეულ თაობასთან ერთად აუცილებლად დავიკავეთ ამ ადგილს მყარად და რაც მთავარია, ღირსეულად!!!

გილოცავთ თავისუფალ და ამაყ საქართველოს მოქალაქეებს, ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრებისკენ გადადგმულ ამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს!
ჩვენს ერთობას, ჩემო მეგობრებო, წინ ვერაფერი დაუდგება, ჩვენ ერთად ყველა მიზანს მივაღწევთ, გამორჩეულ ადგილს დავიმკვიდრებთ ევროპაშიც და მთელს მსოფლიოშიც!
ყოველთვის ვემსახურები ჩემს ხალხს და სამშობლოს!
მადლობა და გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი სიახლეები