11 დეკემბერი, 2019

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტმა „თბილისის მიკროავტობუსთან“ შეთანხმებას მიაღწია და მომავალი წლიდან მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი დაიწყება.

„მიკროავტობუსებს რესურსი ყველანაირი თვალსაზრისით ამოეწურათ. სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს მგზავრობა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვი. ჩვენ უნდა ვიყოთ პირველები, ვინც დაიწყებს ამის მოწესრიგებას და მივედით იქამდე, რომ უნდა მოხდეს მიკროავტობუსების ჩანაცვლება-განახლება, იმ პროცესის პარალელურად, რომელიც თბილისის მერიას აქვს დაწყებული ახალი ავტობუსების შემოყვანით და ავტოპარკის განახლებით. ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ კომპანიასთან, იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ახალი ავტობუსების შემოყვანა ისე, რომ მოსახლეობას არ გაეზრდება ტარიფები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და პროცესში ჩართულ სხვა თანამშრომლებს, მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვისთვის და შეთანხმების დეტალების საზოგადოებისთვის წარმოდგენა სთხოვა.

ვიცე-მერის თქმით, კომპანიას მძიმე მდგომარეობა აქვს, რაც წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემებიდან მოდის და არ გააჩნია მიკროავტობუსების ჩანაცვლების რესურსი.

„ჩვენამდე მმართველობის პერიოდში, პრაქტიკულად, თვალი ეხუჭებოდა ყველა იმ ფინანსურ პრობლემას, რომელიც კომპანიის ირგვლივ ტრიალებდა. შესაბამისად, კომპანიის გადმოსახედიდან, ტარიფის ზრდის მოთხოვნა არის სრულიად ლეგიტიმური და ეს ყველაფერი დადასტურებულია აუდიტორული დასკვნით. როგორც თქვენ აღნიშნეთ, მერიამ და კომპანიამ მიაღწია შეთანხმებას, დღეს ვდებთ მემორანდუმს. მერია და კომპანია ერთობლივად ვიწყებთ მიკროავტობუსების ჩანაცვლებას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მდგომარეობა მძიმეა, ჩვენი კონცეფცია, რომელიც უკვე შეთანხმებულია, არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას და ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ტარიფის ზრდა ეწინააღმდეგება ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისებას. უფრო მეტიც - ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ტექნიკურ სპეციფიკაციებზე და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით. ამ შესყიდვას განახორციელებს მუნიციპალიტეტი და დედაქალაქის მგზავრებს მოემსახურება მუნიციპალიტეტის კუთვნილი ავტობუსები. გარდა ამისა, დადგენილი და შეთანხმებულია ჩვენს შორის, რომ კომპანიას აქვს ფინანსური პარამეტრების გაუმჯობესების პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით, ამაზე რეკომენდაციებს თავად აუდიტორიც წერს. მომდევნო პერიოდში, კომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობით მოვახერხებთ იმას, რომ კომპანია დარჩენილ პარკსაც ჩაანაცვლებს და მერიის მიერ შეძენილ მიკროავტობუსების გამოსყიდვასაც შეძლებს“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ტაქსის მძღოლები საკუთარ ავტომანქანებზე რეკლამის განთავსების გამო არ ჯარიმდებიან. მისი თქმით, საპატრულო პოლიცია ჯარიმას წერს იმ შემთხვევაში, თუკი რეკლამა განთავსებულია ავტომანქანის იმ ნაწილზე, რომელიც რეგულაციაში გაწერილი არ არის ან ტაქსი მთლიანად შეფუთულია სხვადასხვა სახის რეკლამით.

„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საპატრულო პოლიციამ დაიწყო დაჯარიმება ტაქსის მძღოლების, რომლებსაც საკუთარ ავტომობილებზე რეკლამა აქვთ განთავსებული. მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტო და ხაზი გავუსვა იმას, თუ როგორია ტაქსების ვიზუალური სტანდარტი, რომელიც ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ იქნა შემუშავებული. A კატეგორიის ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერის. მას აქვს რეკლამის განთავსების შესაძლებლობა, თუმცა გამოყოფილია კონკრეტული ადგილები ავტომობილზე, სადაც უნდა განთავსდეს რეკლამა.

როგორც ხდება ხოლმე, თავიდან ტაქსის მძღოლებს არ სჯეროდათ, ზოგს შეიძლება არ მოსწონდა ან არ ჰქონდა სურვილი, რომ მის ავტომანქანაზე რეკლამა განთავსებულიყო. არადა ვუხსნიდით, რომ ეს მათთვის შემოსავლის დამატებითი წყარო იქნება. დღეს რა მივიღეთ? - ქალაქში მოძრაობენ თეთრი ფერის ტაქსები, რომლებზეც ყველგან რეკლამაა გადაკრული. ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია და სცდება იმ ვიზუალურ სტანდარტს, რომელიც ჩვენ მიერ იქნა დამტკიცებული. შესაბამისად, საპატრულო პოლიციის მიერ სწორად იქნა ჯარიმები გამოწერილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ კიდევ ერთხელ განმარტოს ტაქსის ვიზუალური სტანდარტი და ტაქსის მძღოლებს მიაწოდოს ინფორმაცია, რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან.

„მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ გააკეთოს განმარტებები ამასთან დაკავშირებით, მივაწოდოთ ტაქსის მძღოლებს ინფორმაცია. ჩვენ მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია ისედაც გვაქვს. ქალაქში გადაადგილდებიან ისეთი ტაქსები, რომლებიც თეთრი ფერისაა, მაგრამ ბამპერი აქვთ სხვა ფერის. ეს ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს. მე ვიცი, რომ მათ ამასთან დაკავშირებით sms-ები ყოველდღიურად ეგზავნებათ და თუ არ მოაწესრიგებენ, დაჯარიმდებიან.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რეკლამისთვის, რა თქმა უნდა, არავინ დაჯარიმდება, მაგრამ რეკლამის განსათავსებელი ადგილი პირდაპირ გაწერილია იმ რეგულაციებში, რომელიც შემუშავდა. მოცემულია კონკრეტული ადგილები, სადაც თქვენ შეგიძლიათ რეკლამა განათავსოთ და არასწორია ის, რომ ავტომობილი მთლიანად რეკლამებით შეფუთოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ასევე, დედაქალაქის მერმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეზე ისაუბრა. მისი თქმით, გლდანის პატარა ტბის განვითარების სამომავლო პერსპექტივების განხილვის მიზნით, სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმის ფარგლებში, 14 დეკემბერს საჯარო შეხვედრა გაიმართება.

„თქვენ იცით, თუ რამდენად დიდ ყურადღებას უთმობს დედაქალაქის მერია რეკრეაციულ სივრცეებს, ეს იქნება არსებულის მოწესრიგება თუ ახალი დასასვენებელი სივრცეების შექმნა. სადაც ამის შესაძლებლობაა, მერიის შესაბამისი სამსახურები და გამგეობები მაქსიმალურად ცდილობენ, დედაქალაქის მასშტაბით, მეტი გამწვანებული და დასასვენებელი ადგილები შეიქმნას. ევროსაბჭოს დახმარებით ჩვენ ვიწყებთ საპილოტე პროექტის განხორციელებას. თქვენ იცით, რომ საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, რაც მისასალმებელია. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ დავაფუძნეთ სპეციალური პლატფორმა, სადაც სამოქალაქო ჩართულობის შესაძლებლობა იქნება. ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს მონაწილეობა და გამოხატოს თავისი მოსაზრებები სხვადასხვა ადგილების განვითარებაზე, შეუძლია ჩაერთოს.

პირველ შეხვედრაზე განიხილება გლდანის ტბის სამომავლო განვითარების შესაძლებლობები. ეს შეხვედრა 14 დეკემბერს, 10:00 სთ-ზე, გლდანის პროფესიული განვითარების კოლეჯში გაიმართება. მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს ამ პროცესებში ჩართვის სურვილი, ესენი შეიძლება იყვნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, ადგილობრივი მოსახლეობა. მობრძანდით, ჩაერთეთ და ერთად განვიხილოთ გლდანის ტბის განვითარების კონცეფცია. დარწმუნებული ვარ, განხილვაში მონაწილეობის ინტერესი ბევრს ექნება. რაც უფრო მეტი ადამიანი, მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება ჩართული, რა თქმა უნდა, მისასალმებელი იქნება და დარწმუნებული ვარ, ამ ჩართულობის ინტერესი ბევრს ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დედაქალაქის მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა კახეთის გზატკეცილთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ გამწვანების აქციის ფარგლებში, ტერიტორიაზე 2 000 ძირი 3 მეტრზე მაღალი ხე, 800 ძირი ბუჩქი, 20 000 ძირი ტუია და 3 500 ძირი ბალახოვანი მცენარე დაირგვება.

„მინდა მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდო კახეთის გზატკეცილთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი იყო. საგზაო ნაწილში პროექტის განხორციელება დასრულდა. მოძრაობა აღდგენილია. რაც შეეხება სხვა სამუშაოებს, გამწვანებას, სავალი ნაწილის დახაზვას და ელექტრობოძების ჩანაცვლების პროცესს, ეტაპობრივად გავაგრძელებთ და ყველანაირად მოვაწესრიგებთ.

დღეს გვაქვს გამწვანების აქცია. პროექტის ფარგლებში, მთლიანად კახეთის გზატკეცილზე 2 000 ძირი 3 მეტრზე მაღალი ხე, 800 ძირი ბუჩქი, 20 000 ძირი ტუია და 3 500 ძირი ბალახოვანი მცენარე დაირგვება. ვფიქრობ, ამ პროექტის განხორციელება ყველანაირი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ გასულ წელს ჩვენ კახეთის გზატკეცილის სათადარიგო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები განვახორციელეთ, რომელიც ხარვეზებით შესრულდა. კომპანიებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ სამუშაოებში, ვალდებულება აიღეს, სათადარიგო გზებზე არსებული ხარვეზები საკუთარი ხარჯებით გამოასწორონ. ამის სამუშაოებიც უახლოეს დღეებში დაიწყება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დღევანდელ სხდომაზე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი წარადგინა, რომელიც განათლებით ეკონომისტია და აქამდე მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. კახა კალაძემ ვიქტორ წილოსანს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.

„მამუკა მუმლაძე, რომელიც აქამდე ხელმძღვანელობდა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს არსად მიდის და ჩვენთან აგრძელებს მუშაობას. მინდა მადლობა გადავუხადო მას გაწეული შრომისთვის და საქმიანობისთვის, რაც მან გააკეთა ამ რთულ პერიოდში. როდესაც ჩვენ მოვედით დედაქალაქის მთავრობაში და დავიწყეთ მუშაობა, ძალიან რთული პერიოდი იყო გადაბარების პროცესის ჩათვლით. მამუკა უშუალოდ ჩართული იყო დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების საკითხში, რომ შემუშავებულიყო ახალი სქემები და ტრანსპორტი გადანაწილებულიყო, ისე, რომ რესურსი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა მაქსიმალურად სწორად ყოფილიყო გამოყენებული“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე, თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა ახალ სისტემაზე გადადის და გარდა ახალი ავტობუსების შემოყვანისა, იქმნება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. მისივე განცხადებით, დაწყებულია მუშაობა ტრანსპორტის მართვის ერთიან სისტემაზე.

„ჩვენ გადავდივართ ახალ სისტემაზე. გარდა იმისა, რომ ახალი ავტობუსები შემოგვყავს, პარალელურად ვქმნით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და იქ სადაც შევდივართ ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, ყველგან იქმნება ავტობუსის ზოლები, რათა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი და შეძლოს შეუფერხებლად გადაადგილება. ასევე, დაწყებულია მუშაობა ტრანსპორტის მართვის ერთიან სისტემაზე - ტრანსპორტის გენერალურ გეგმაზე, რათა სატრანსპორტო სისტემა რამდენიმე წელიწადში იყოს სრულად გამართული არამხოლოდ ახალი ავტობუსებით, არამედ სათანადო ინფრასტრუქტურით, ჭკვიანი შუქნიშნებით, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ეს მოგვცემს გარკვეულ შვებას იმ საცობებთან მიმართებაში, რომელიც დღეს ყველას გვაწუხებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები