10 დეკემბერი, 2019

კახა კალაძემ მეგზევეებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, დღეს მეგზევის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში წლის ანგარიში პრეზენტაცია გაიმართა და დამსახურებული მეგზევეები დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას დედაქალაქის მერი ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად დაესწრო.


კახა კალაძემ მეგზევეებს პროფესიული დღე მიულოცა და ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.


„ვულოცავ მეგზევეებს პროფესიულ დღეს. მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს. მათი წვლილი უმნიშვნელოვანესია იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. აღფრთოვანებული ვარ იმ პროექტების მასშტაბებით, რომელიც დღეს პრეზენტაციაზე იქნა წარმოდგენილი. მინდა, პირადად მაია ცქიტიშვილს მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო, რადგან ყველა პროექტი, რომელიც გაჟღერდა, თავისი ცენტრალური მაგისტრალებით, შიდა რაიონული გზებით, სოფლებთან დამაკავშირებელი გზებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენ ქვეყნისთვის. როდესაც ვითარდება ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, იქ ვითარდება ეკონომიკაც, ჩნდება ახალი შესაძლებლობები, ჩნდება სამუშაო ადგილები, ჩნდება სხვადასხვა ობიექტები, ამიტომ, ამ მიმართულებას სჭირდება გაძლიერება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საგზაო სექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.