4 დეკემბერი, 2019

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და პირველ რიგში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაზე, ასევე, ქალაქში მიკროავტობუსების ჩანაცვლების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ახალი ავტობუსების შესყიდვის პროცესი გრძელდება და მომავალი წლის ბოლომდე, არსებული ავტოპარკი სრულად ჩანაცვლდება. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენლებთან კომუნიკაციის შედეგების წარმოდგენა სთხოვა.

ვიცე-მერის განმარტებით, მიკროავტობუსების კომპანიასთან კომუნიკაცია გრძელდება, ერთი კვირის შემდეგ კი სამარშრუტო ტაქსების ჩანაცვლების გეგმას წარმოადგენს. მისივე თქმით, კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო.

„ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა კომპანიასთან და ერთი კვირაა მხოლოდ მათ პრობლემებს ვისმენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მიკროავტობუსების კომპანიის ფინანსური პრობლემები დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ის რამდენიმე წლის წინ დაიწყო და სამწუხაროდ, ჩვენამდე, მერიის არცერთმა მენეჯმენტმა არ ისურვა და სათანადო გამოხმაურება არ მოაყოლა ამ პრობლემებს. ეს დალექილი პრობლემაა, რომელიც საკმაოდ მსუყეა და დიდ გამოწვევას წარმოადგენს. გასაგებია მიზეზები, რატომაც არ მიიღეს ეს გადაწყვეტილებები წინა მენეჯმენტის პირობებში - არ იქნებოდა პოპულარული, თუმცა პრობლემა, რომელსაც თავის დროზე თვალებში არ შეხედავ, არსად გაქრება, უფრო დამძიმებული სახით დაბრუნდება, როდესაც გადაწყვეტას მოითხოვს. სწორედ ეს პერიოდია ახლა. ამოვდივარ იმ მოცემულობიდან, რომ მიკროავტობუსები უნდა შეიცვალოს. მოცემული ვადიდან კიდევ ერთი კვირა მაქვს დარჩენილი. ამ ერთ კვირას ძალიან ეფექტურად გამოვიყენებ და პირობას გაძლევთ, რომ წარმოვადგენ მიკროავტობუსების ჩანაცვლების გეგმას, თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა: კომპანიასთან უთანხმოება მაქვს გარკვეულ საკითხებში. კომპანია როდესაც აცხადებს, რომ ის ასეული მილიონობით ლარის ზარალზეა, მე ამას ვარქმევ იმას, რომ კომპანიამ ვერ მიიღო დაგეგმილი შემოსავალი, რაც ბიზნესის გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არ არის მიმზიდველი და სასურველი, ამას სჭირდება გამოსწორება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია ზარალზე მუშაობს. კომპანიის შემოსავლები იმის საპირწონეა, რაც აქვს ხარჯები, თუმცა ჩანაცვლების რესურსი კომპანიას ნამდვილად არ გააჩნია. ერთ კვირას ვიყენებ ეფექტურად, ერთ კვირის თავზე მოგაწვდით დალაგებულ წინადადებას“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული. ჩვენ პირობა მივეცით მოსახლეობას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში იქნება ყველაზე მოწესრიგებული. როდესაც ჩვენ დავასრულებთ ამ პროექტის განხორციელებას, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება თბილისს. ეს იქნება ახალი, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსები, პარალელურად მიკროავტობუსები აუცილებლად უნდა ჩანაცვლდეს; ტაქსის რეფორმა, რომელიც წარმატებულად მიმდინარეობს და მართლაც ძალიან მაგარია. ვფიქრობ, საზოგადოება ამას ხედავს და აფასებს, თუმცა, რეფორმა ჯერ არ დამთავრებულა და იქნება შემდეგი ეტაპები; ასევე, მეტრო, რომელსაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღეს, მოსაწესრიგებელია. გარდა ვაგონების განახლებისა, რასაც ვაკეთებ, საჭიროა ახალი ვაგონების შესყიდვა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ასევე მნიშვნელოვანია მეტროსადგურების რეაბილიტაცია, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაშია. გარკვეული პრობლემები შეგვექმნა ამ მიმართულებით - გაგვეწელა გადაწყვეტილებების მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით. გვინდა, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ იყოს გაკეთებული ყველაფერი, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც მოხდა ვარკეთილის მეტროში, როცა ჭერი ჩამოინგრა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კანდელაკის ქუჩაზე დაფიქსირებულ დარღვევაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა რომ წყალარინების ქსელის დაზიანების გამო, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია კომპანია „თელასს“ დააჯარიმებს.

„კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაცია რამდენიმე თვეა დავასრულეთ. ორი კვირის წინ, მოსახლეობას აღნიშნულ ქუჩაზე დაფიქსირებული პრობლემის შესახებ ვაცნობე. ორ კონკრეტულ მონაკვეთზე დაზიანებული იყო წყალარინების ქსელი. ეს დადგინდა მას შემდეგ, რაც ტერიტორია სპეციალური აპარატით შემოწმდა. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ აპარატს იყენებს იმისთვის, რომ ახლადგაკეთებული ქსელი შეამოწმოს. ერთ-ერთი ასეთი შემოწმების დროს, დაფიქსირდა ორი ადგილი, სადაც წყალარინების რეაბილიტირებული მილები იყო დაზიანებული. ცხადია, აქ ვიღაცას ნაწარმოები ჰქონდა მიწის ბურღვის სამუშაოები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ორივე კონკრეტულ მონაკვეთზე დაზიანება უკვე გამოსწორებულია. ამასთან, დედაქალაქის მერმა შესაბამის სამსახურს დაავალა, რომ „თელასის“ ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია შედგეს და მსგავსი რამ მომავალში არ განმეორდეს.

„დავიწყეთ პრობლემის შესწავლა. დღეს, ორივე მონაკვეთი აღდგენილი და მოწესრიგებულია, თუმცა გვაქვს სხვა პრობლემა. ეს ყველაფერი დააზიანა კომპანია „თელასმა“. არ მესმის ეს დამოკიდებულება ქალაქის და იქ მცხოვრები ადამიანების მიმართ. იყო ახალი აშენებული კორპუსი და იქ რომ ელექტროენერგია შეეყვანათ, ბურღვის სამუშაოები ისე აწარმოეს, რომ ახლადრეაბილიტირებული წყალარინების სისტემა დააზიანეს. ეს ნამდვილად მიუღებელია. შესაბამისად, აუცილებლად იქნება ჯარიმა გამოწერილი. დაიბარეთ ხელმძღვანელობა და აუხსენით, რომ მსგავსი მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არავის ვაფერხებთ და არც თანამშრომლობაზე ვამბობთ უარს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებულ პირთან საჯარო შეხვედრა 7 დეკემბერს, 12:00 საათზე ვაკის პარკში გაიმართება.

კახა კალაძის თქმით, ვაკის პარკი უკვე შერჩეულმა ბრიტანულმა კომპანია CBA-მ უნდა დააპროექტოს. მისივე თქმით, პარკს თბილისისა და თბილისელებისთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს და დაპროექტების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობა აუცილებელია.

„აღნიშნული კომპანია ყველა დაინტერესებულ პირს წარუდგენს თავის ხედვას, თუ როგორ უნდა მოხდეს პარკის რეაბილიტაცია, განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის, ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა, რათა მათგანაც მიიღონ მოსაზრებები პარკის ფუნქციურ ზონირებასთან დაკავშირებით. ვაკის პარკი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე და თითოეულ დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მიერ შერჩეულ ბრიტანულ კომპანიას, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე პარკების მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისი მერის განცხადებით, ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება.

ამასთან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ 2020 წლიდან, მთაწმინდის რაიონში, ლადო ასათიანის ქუჩის N50-ში სპორტული ცენტრის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება, რომლის შემდეგაც მულტიფუნქციური დარბაზი მოეწყობა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება. გვინდა, რომ ყველა რაიონში იყოს მულტიფუნქციური ცენტრები. პარალელურად, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, სპორტული ცენტრების მშენებლობა დავიწყეთ. რამდენიმე დღის წინ ვარკეთილში ვიყავით, სადაც ასეთივე ძალიან კარგი ცენტრი გაიხსნა, ორი საფეხბურთო მოედნითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. გვსურს, ყველა რაიონთან დაკავშირებით ასეთი დამოკიდებულება გვქონდეს, რათა ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს მიეცეთ საშუალება, ნორმალურ პირობებში ივარჯიშონ და გამოავლინონ საკუთარი ნიჭი. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა გვეყოლება, რომლებიც თავიანთი სპორტული ნიჭით საკუთარ ოჯახებსა და ქვეყანას ასახელებენ. მიხარია, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები იდგმება და მათი მხარდაჭერა და თანადგომა ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ქალაქში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კახეთის გზატკეცილზე საგზაო სამუშაოები 6 დეკემბერს დასრულდება და სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგება.

მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზების მიწის ქვეშ განთავსება და ახალი სანათების დამონტაჟება მოხდება, რომელიც სატრანსპორტო მოძრაობას ხელს არ შეუშლის.

„კახეთის გზატკეცილზე ასევე, მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები, ბოლოს კი საგზაო მონიშვნები დაიხაზება. ძალიან კარგი პროექტი გამოდის. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ტერიტორია მთლიანად სახეშეცვლილი იქნება თავისი საგზაო ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობის სამუშაოებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ჭავჭავაძის გამზირს, თბილისის მერის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოების ნაწილი 8 დეკემბრისთვის დასრულდება და სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება.

„ჭავჭავაძის გამზირზე საგზაო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, რომელიც 7 დეკემბრისთვის დასრულდება. 8 დეკემბრიდან უკვე კავსაძის ქუჩის მონაკვეთამდე, სადაც გადაადგილება შეზღუდულია, ტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნება. ჩვენ აქ დროებით ვაჩერებთ სამუშაოებს, რადგან ახალი წელი მოდის, ქალაქი საკმაოდ დატვირთული იქნება და არ გვინდა, ჩვენი მუშაობით დედაქალაქი შევზღუდოთ. სამუშაოების წარმოება 8 იანვრამდე შეჩერდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ჭავჭავაძის გამზირზე დროებითი შუქნიშნები განთავსდება, ასევე, მოეწყობა ზებრა გადასასვლელები.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ საგზაო სამუშაოები დასრულებულია. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს 8 იანვარს გავაგრძელებთ იმ დარჩენილ მონაკვეთზე, რომელიც ვაკის პარკამდე გრძელდება. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და თავისი კეთილმოწყობის სამუშაოებით, გამწვანებით, ახალი ელექტროგადამცემი ბოძებით, ავტობუსების ზოლების მოწყობით ძალიან ეფექტური პროექტი გამოვა. ასევე, ვახორციელებთ საპილოტე პროექტს, რომლის ფარგლებშიც, ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნების მიწის ქვეშ განთავსება მოხდება. ჩვენ ეს მიდგომა და დამოკიდებულება გვინდა, სხვა რაიონებსა და ქუჩებშიც გადავიტანოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გლდანის რაიონში მიმდინარე სამუშაოებზე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ქვედა ფენებში დაახლოებით, 15-20 დეკემბრისთვის დასრულდება.

„ავტომობილებს ყოველგვარი შეფერხების გარეშე, ექნებათ გადაადგილების შესაძლებლობა. აღნიშნულ ქუჩებზეც პარალელურად გაგრძელდება სამუშაოები. ეს არის განათების ბოძების დამონტაჟება, ველობილიკების, ტროტუარისა და ავტობუსის მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლების მოწყობა. აღნიშნული სამუშაოები სრულად მომავალი წლისთვის დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები