19 ნოემბერი, 2019

სამგორში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში შიდა გზების მოწყობა დასრულდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში შიდა გზების მოწყობის სამუშაოები დაასრულა.

პროექტის ფარგლებში, მთელ პერიმეტრზე მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი, 35 000 მ²-ზე, როგორც სავალ ნაწილზე, ასევე ტროტუარებზე დაიგო ასფალტის საფარი, აშენდა 200 მეტრამდე სიგრძის საყრდენი კედელი, დემონტაჟი ჩაუტარდა ძველ კედელს და კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია.

დასრულებულ პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

„აქ უმძიმესი მდგომარეობა იყო. წვიმიან ამინდში შეუძლებელი იყო ამოსვლა და გავლა. მოსახლეობის თხოვნით მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, მთელ ტერიტორიაზე გაკეთდა სანიაღვრე სისტემა. ასევე, დამჭერი კედლები. გარდა ამისა, მოეწყო ორი სპორტული მოედანი: საკალათბურთო და საფეხბურთო. გაზაფხულისთვის დასრულდება სკვერის მოწყობა და მთელი ტერიტორია განათდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ე.წ. სამხედრო დასახლებაში ამ დროისათვის 1837 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა მიმდინარეობს მზარდი განაშენიანება და საერთო ჯამში პროექტის შედეგით 2300-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ "ბლექ სი ჯგუფი" განახორციელა, სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. გზის მშენებლობის სამუშაოებზე 3 000 000 ლარი დაიხარჯა.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის გარდა, ე.წ. სამხედრო დასახლებაში სამგორის რაიონის გამგეობის მიერ ორი სპორტული მოედანი მოეწყო.

აბაშვილის ქუჩაზე, N15 კორპუსის მიმდებარედ 500 კვ.მ ფართობის კაუჩუკისსაფარიანი კალათბურთის მოედანი განთავსდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი შშმ პირთათვის ადაპტირებულია. ტერიტორიაზე ასევე, მოეწყო გარე განათების სისტემა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 113 646 ლარია.

ამავე ქუჩაზე გამგეობამ კიდევ ერთი სპორტული მოედანი მოაწყო. N1 კორპუსის მიმდებარედ, 480 კვ.მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სპორტულ მოედანთან მოეწყო სპეციალური პანდუსი და გარემო შშმ პირთათვის ადაპტირდა. ასევე, მოეწყო გარე განათების სისტემა და ტრიბუნა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 103 676 ლარია.

ე.წ. სამხედრო დასახლებაში უახლოეს მომავალში მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოებიც დაიწყება. 5 000 კვ.მ ფართობზე განთავსდება საბავშვო მოედნები, სხვადასხვა ტიპის ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონები, ფიტნეს ზონა, სკეიტ პარკი, ჩოგბურთის მაგიდები და საბაღე სკამები. ტერიტორია გამწვანდება და დამონტაჟდება განათების სისტემა. პარკის პროექტი უკვე მომზადებულია და სამუშაოების შესასრულებლად, რაიონის გამგეობამ ტენდერიც გამოაცხადა.

შესრულებულ სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად ირაკლი ბენდელიანი, სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე, საკრებულოს წევრები ბექა დავითულიანი და გიორგი დოხტურიშვილი გაეცნენ.

მსგავსი სიახლეები