14 ნოემბერი, 2019

გლდანის მეხუთე მიკრორაიონში საზოგადოებრივი სივრცე გაიხსნა

გლდანის მეხუთე მიკრორაიონში მდებარე N17-N8–N25 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ საზოგადოებრივი სივრცე საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო.

თბილისის მერის თქმით, ანალოგიურ პროექტებს თბილისის მერია ყველა იმ რაიონში განახორციელებს, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება.

“გლდანის მე-5 მიკრორაიონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ეს არის არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა. მასშტაბიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარკი მოვაწყვეთ, რადგან საკმაოდ დიდი ტერიტორიაა გარშემო არაერთი საცხოვრებელი სახლით. მიხარია, რომ ქალაქში იქმნება ასეთი საინტერესო სივრცეები, სადაც ადამიანებს შეეძლებათ, დღის ნებისმიერ დროს ჩამოვიდნენ და დაისვენონ. ბავშვებისთვის ცალკე სივრცეა, არის კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები. დარწმუნებული ვარ, ეს ადგილი ყველა თაობის ადამიანისთვის მიმზიდველი დასასვენებელი სივრცე იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ

აღნიშნულ მისამართზე მოსახლეობის ჩართულობით, 50-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა, რომლის შედეგადაც, ტერიტორიაზე არსებული სკვერი გაფართოვდა და, დაახლოებით, ერთ ჰექტარზე საზოგადოებრივ სივრცეს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

სამუშაოების შედეგად, ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები მოეწყო. ასევე, განთავსდა სხვადასხვა ატრაქციონი და სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, დაირგო ხეები, მოეწყო სპეციალური ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, კალათბურთის მოედანი და პარკინგის ზონა.

ამასთან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, შპს „ნიუ ჰორიზონმა“ აღნიშნულ ტერიტორიაზე ფეხბურთის მოედანიც მოაწყო.

სხვადასხვა სამუშაოებისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, დაახლოებით, 670 650 ლარი დაიხარჯა.

სკვერის გახსნის ღონისძიების ფარგლებში, „გუფი ლენდის“ კონცერტიც გაიმართა.

ღონისძიებას დედაქალაქის მერთან ერთად ესწრებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები შალვა ოგბაიძე და ოთარ გრიგოლია. 

მსგავსი სიახლეები