14 ნოემბერი, 2019

ვეკუას ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის დაგების სამუშაოები გრძელდება. ამჯერად, ვეკუას ქუჩაზე, 700 კვადრატულ მეტრზე არსებულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება.

სამუშაოებს ადგილზე გაეცნო დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

„ვეკუას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში, ხიზანიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები ქვედა ფენებში ფაქტობრივად დასრულებულია. დარჩენილია 80-მეტრიანი მონაკვეთი, სადაც სხვადასხვა კომპანია მიწისქვეშა სამუშაოებს აწარმოებს. მომავალ კვირაში ასფალტის ქვედა ფენებში დაგება უკვე აღნიშნულ მონაკვეთზეც მოხდება. მთლიანად, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე, ქვედა ფენებში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. პარალელურად, გაგრძელდება გამწვანების სამუშაოები, არსებული ელექტრობოძების ახლით ჩანაცვლება და LED სანათების დამონტაჟება. მოეწყობა ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები, ასევე, ველობილიკები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების კაპიტალურ განახლებას, წყლის, სანიაღვრე და წყალარინების ქსელის, ასევე ბუნებრივი აირის ქსელის მოწყობას ითვალისწინებდა, დასრულებულია.

გზის სავალ ნაწილზე, ასფალტის საფარის დაგების შემდეგ, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი. გარდა ამისა, დამონტაჟდება 22 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების ჯამური სიგრძე დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 777 776 ლარი დაიხარჯება.

ვეკუას ქუჩაზე თბილისის მერთან ერთად იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, საკრებულოს დეპუტატები: ირაკლი ზარქუა, ოთარ გრიგოლია და გულია გოცირიძე, ასევე სხვა პირები.

მსგავსი სიახლეები