28 ოქტომბერი, 2019

შეხვედრა “ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებთან

კომპანია „ცენტრ პოინტის“ მშენებლობის შედეგად დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გამართა. შეხვედრას თბილისის მერთან ერთად მერის მოადგილე ილია ელოშვილი ესწრებოდა.

კახა კალაძემ დაზარალებულებს მიმდინარე პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა.

„თქვენ იცით, ჩვენი პრიორიტეტია წლობით შეჩერებული მშენებლობების დასრულება და ამ მიმართულებით მთელი რიგი ნაბიჯები გადავდგით. „ცენტრ პოინტის“ პრობლემა დიდი თავის ტკივილია ჩვენი დედაქალაქისთვის, მისი იერსახისთვის, თუმცა, პირველ რიგში, ეს არის პრობლემა, რომლის უკან დგახართ თქვენ, დაზარალებული მოქალაქეები, ათასობით ოჯახი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით მორიგ სამუშაო შეხვედრაზე, რადგან თბილისის მერიისა და „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულთა ინტერესი არის საერთო. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რა ეტაპზეა პროცესი. ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია პოტენციურ ინვესტორებთან და რჩეულიშვილების ოჯახთან. თუმცა, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც მივიღებთ, იქნება შეთანხმებული თქვენთან," - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, როგორც მერის მოადგილე ილია ელოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა, კომპანია „ცენტრ პოინტის“ მშენებლობის შედეგად დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრები უკვე თვენახევარია მიმდინარეობს და წლის ბოლოს უკვე მზად იქნება პრობლემის გადაჭრის გეგმა.

„პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაო ჯგუფთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. დღეს ამ ფორმატში დაზარალებულებს მერი შეხვდა. შევაჯამეთ ის სამუშაოები, რომელიც ამ საინიციატივო ჯგუფმა გაწია. გვაქვს კონკრეტული გეგმები და მიზნები, რასაც ჯგუფს ვუთანხმებთ. კონკრეტუალდ დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით იმ სტრატეგიაზე, რომლითაც კომპანიების მოზიდვა უნდა განხორციელდეს. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე, გარკვეული ვალდებულებების დონეზე გვექნება ძალიან გამოკვეთილი სურათი, თუ როგორ მოხდება ამ პრობლემის გადაწყვეტა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში ჩართულია საინიციატივო ჯგუფი და დაზარალებულები. ყოველი ნაბიჯი იქნება მათთან შეთანხმებული“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

შეხვედრას საკრებულოს წევრები ბექა დავითულიანი და ირაკლი ზარქუა ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები