23 ოქტომბერი, 2019

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

როგორც დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, დედაქალაქში, A კატეგორიაში რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობა უკვე 11 000-ს აღწევს, ხოლო მუნიციპალიტეტიდან გაცემულია 9 000-მდე ტაქსის მანათობელი ნიშანი.

თბილისის მერის განცხადებით, ტაქსის რეფორმა, რომელიც წარმატებით განხორციელდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებასთან და მეტროს რეაბილიტაციასთან ერთად, სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტების მხრიდან მოდიოდა შემოტევები ამ რეფორმაზე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეფორმა შედგა. დღეს, ქალაქში მოძრაობს 11 000-მდე ტაქსი. პირველი დღეების განმავლობაში გაცილებით ნაკლები, 2 000-მდე იყო, თუმცა მათი რაოდენობა გაიზარდა და გასულ კვირას უკვე 8 000-მდე ტაქსი ემსახურებოდა მოსახლეობას. ყოველდღიურად იმატებს ტაქსების რიცხვი და ჩვენ ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, ჩაერთოს ამ რეფორმაში. პირველ რიგში, მწყობრში მოიყვანოს თავისი ავტომობილი, რადგან რეგისტრირებული ტაქსების დაახლოებით, 30 პროცენტმა ვერ გაიარა ტექდათვალიერება. ასეთი ტაქსების გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს მძღოლებისთვის და მგზავრებისთვის. თუ მძღოლები მოაწესრიგებენ ავტომობილებს იმ სტანდარტის შესაბამისად, რაც ჩვენ გვაქვს გაცხადებული, რა თქმა უნდა, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ A კატეგორიაში ან B კატეგორიაში გააგრძელონ მუშაობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი საჭიროების შემთხვევაში, ტაქსის მანათობელ ნიშნებს დამატებით შეისყიდის.

„დღისთვის, 9 000-მდე მანათობელია გაცემული. ვფიქრობ, ძალიან ლამაზია და მოუხდა ქალაქს. მგზავრებსაც მარტივად შეუძლიათ განასხვავონ დაკავებული და თავისუფალი ტაქსი. თუ გაიზრდება A კატეგორიის ტაქსების რიცხვი, დამატებით შევისყიდით მანათობლებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ წესების დარღვევით მომსახურებისთვის პირველი ოქტომბრიდან დღემდე, დაახლოებით, 2 000-მდე ტაქსის მძღოლი დაჯარიმდა.

თბილისის მერმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ასევე, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არსებული რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლები მომავალშიც დაჯარიმდებიან.

„სამწუხაროდ, გვაქვს ტაქსის ნებართვის გარეშე ან სანებართვო წესების დარღვევით მომსახურების გაწევის ფაქტები. პირველი ოქტომბრიდან დღემდე, დაახლოებით, 2 000-მდე ტაქსის მძღოლი დაჯარიმდა, მათგან 700 მძღოლი - პირველ ოქტომბერს. პარლამენტი, ჩვენთან შეთანხმებით, გამოვიდა ინიციატივით და მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება - გამოიცა ერთჯერადი ამინისტია და ამ ადამიანებს ჯარიმა ჩამოეწერათ, თუმცა, პირველი ოქტომბრის შემდეგ, ტაქსის ყველა იმ მძღოლს, რომელიც ჩვენს რეგულაციებს არღვევდა და მოქალაქეებს ემსახურებოდა, რა თქმა უნდა, ჯარიმების გადახდა მოუწევს. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ამ ადამიანებს, ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობთ და პირობას ვუქმნით, რათა ლიცენზირებული მომსახურება გაუწიონ მოქალაქეებს. მათ აქვთ ორი არჩევანი - ან A კატეგორიაში გააგრძელონ მუშაობა ან დარჩნენ B კატეგორიაში. აღნიშნული ლიცენზიის გარეშე ჩვენ ყველას დავაჯარიმებთ. მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს. ძალიან აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, იმ მძღოლების დაჯარიმებას გავაგრძელებთ, რომლებიც ლიცენზიის გარეშე გააგრძელებენ ტაქსით მომსახურებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტაქსების რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და ეს პრობლემა წლებია მოუგვარებელია.

„ეს არ არის პრობლემა, რომელიც გუშინ და გუშინწინ დაიწყო ქალაქში. ეს არის პრობლემა, რომელიც რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. შესაბამისად, ამ ყველაფრის მოწესრიგება ჩვენთვის პრიორიტეტულია. ჩვენ არასდროს გადაგვიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომ დაინტერესებული ვიყოთ თვითპიარზე - რაღაც უფრო მეტ პოზიტივს მოგვიტანს, რაღაც გაცილებით უფრო ნეგატიური იქნება. ასეთი მიდგომა არასდროს გვქონია. ჩვენთვის ყოველთვის მთავარი და მნიშვნელოვანია, ვაკეთოთ ისეთი საქმე, რომელიც დედაქალაქს, ჩვენს მომავალ თაობას წაადგება. გვსურს, ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე მოწესრიგებული, გამწვანებული, განახლებული ინფრასტრუქტურით, კეთილმოწყობილი და ასე შემდეგ. სხვა დანარჩენი პოლიტიკური კონფრონტაციის რუტინაა და ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, გავუმკლავდებით. არავის დავტოვებთ უპასუხოდ. ყველას გაეცემა პასუხი ჩვენი მხრიდან“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ასევე განაცხადა, რომ დედაქალაქში მოძრავი A კატეგორიის ტაქსის ის მძღოლები, რომელთაც ავტომანქანის ყველა ნაწილი არ აქვთ შეღებილი ან ფირი სრულად გადაკრული, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას დაექვემდებარებიან.

მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ თუ საჭიროება არსებობს, ტაქსების რეფორმის შესახებ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ წესში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

„რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომ A კატეგორიის ტაქსების ნაწილი სრულად არ არის გადაღებილი ან ფირი არ აქვს მთლიანად გადაკრული. მგონია, რომ ეს პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, მინდა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ წესში შევიდეს ცვლილება, თუ ამის საჭიროება იქნება და მოითხოვეთ ფერის სრულად დაკმაყოფილება. კატეგორიულად მიუღებელია, რომ ავტომანქანა სრულად არ იყოს შეღებილი ან ფირი სრულად არ ჰქონდეს გადაკრული და ისე დადიოდეს. გქონდეთ კომუნიკაცია ამ მძღოლებთან. მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ მსგავს შემთხვევაში, დაჯარიმდებიან და რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ფირის გადაკვრა ან გადაღებვა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებმა თავიანთი ავტომანქანები იმ სტანდარტის ფარგლებში უნდა მოაქციონ, რომელიც მუნიციპალიტეტის მხრიდან არის დაწესებული.

ამასთან, დედაქალაქის მერმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს თბილისის მერიის ინიციატივით დაგეგმილ საახალწლო თუ სხვა კულტურულ პროექტებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

ქალაქის სასიკეთოდ აქტიური თანამშრომლობის მიზნით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია კახა კალაძემ მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას დაავალა.

„საახალწლო ღონისძიებების ჩატარების პროცესში ჩვენ ყოველთვის გვაქვს კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან და მათი აქტიური ჩართულობით არაერთ საინტერესო ღონისძიებას ვახორციელებთ. წელსაც ნაადრევად მინდა მივმართო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ვისაც ამის სურვილი ექნება, ჩაერთონ სხვადასხვა ღონისძიებაში. ჩვენ მათ მივცემთ ამის შესაძლებლობას და ურთიერთთანამშრომლობით ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობასა და სტუმრებს. მინდა, სოფიო ხუნწარიას დავავალო, დაიწყოს აქტიური კომუნიკაცია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ეს იქნება სკვერების მოწყობა თუ კონცერტებში ჩართულობა. უკვე არის გარკვეული ინტერესი ბიზნესსექტორის მხრიდან, რომ მონაწილეობა მიიღონ მსგავს პროექტებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 2021 წლიდან თბილისს ასევე, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი ექნება.

„ამასთან დაკავშირებით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სურვილი აქვთ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში. ჩვენ უნდა გვქონდეს აქტიური კომუნიკაცია მათთან, რომ ერთობლივად შევძლოთ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გიორგი ბაგრატიონი თანამდებობას ტოვებს. კახა კალაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ბაგრატიონის ორწლიანი მუშაობა დადებითად შეაფასა და მას ახალ სამსახურშიც წარმატება უსურვა.

„თქვენ იცით, შარშან განვახორციელეთ მერიის ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა, რომლის ფარგლებში, მთლიანად სამსახურის რებრენდინგი მოხდა, გაიზარდა მისი ფუნქციები და დაემატა თანამშრომლები. დღეს ჩვენ გვყავს ფუნქციური, აქტიური, ეფექტური მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც ნებისმიერ ქუჩაზე, ნებისმიერ უბანში შესამჩნევია. ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის გიორგი ბაგრატიონს, რომელსაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. იგი ტოვებს თანამდებობას მისი გადაწყვეტილებით. სხვა სამსახურში გადადის, რომელსაც მოგვიანებით შევიტყობთ. გულწრფელად მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ორი წლის განმავლობაში ჩვენ ერთობლივად ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. დარწმუნებული ვარ, სადაც გიორგი მიდის, იქაც წარმატებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 

მსგავსი სიახლეები