11 სექტემბერი, 2019

დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს სამშენებლო კომპანიებისგან მოქალაქეთა დაზარალების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საპრევენციო მექანიზმის შექმნა დაავალა.

დედაქალაქის მერმა კომპანია „სვეტის“ დაზარალებულთა პრობლემის გადაჭრის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემები სხვა სამშენებლო კომპანიების შემთხვევაშიც არსებობს.

„სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ეს პრობლემა ზოგადია. გვყავს სხვა დაზარალებულებიც, მათ შორის, კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ. ამაზეც ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ამ ოჯახების პრობლემაც მოგვარდება. მძიმე საკითხია იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი წელია გასული, 4 000 დაზარალებული ოჯახი არსებობს, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს საკითხი გადაიჭრას. მინდა, დავავალო ირაკლი ხმალაძეს, რომ შემუშავდეს გარკვეული მიდგომა, ავიღოთ განვითარებული ქვეყნებისა და ქალაქების მაგალითები, თუ როგორ არიან იქ დაცული ის ადამიანები, რომლებიც ბინას ყიდულობენ. სამწუხაროდ, საქართველოში არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცევიან და გვყავს დაზარალებული ოჯახები. ეს ყველაფერი თავიდან რომ ავიცილოთ, იქნებ შევიმუშაოთ და მოვიფიქროთ მექანიზმები. შეიძლება ბანკიც შემოვიყვანოთ, შეიძლება საგარანტიო თანხების დადება მოვთხოვოთ სამშენებლო კომპანიებს. შემდეგ ისე ხდება, რომ ვიღაც გაიქცევა, ფულს მოიპარავს და ეს ადამიანები რჩებიან მოტყუებული, მერე ზოგი მიდის ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ზოგიც მუნიციპალიტეტში დახმარებისთვის. ძალიან რთულია ასეთი პრობლემის მოგვარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ 2 500-მდე ოჯახს, თბილისის მერის განცხადებით, გაფორმებულია ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია M2-თან, რომლის საფუძველზეც მშენებლობები დაიწყება და მათი დასრულების შემდეგ, თითოეული ოჯახი ბინას მიიღებს.

„ესაა მირცხულავას ქუჩის N9-11-ში, ნუცუბიძის ქუჩის N125 ა-ში და ჭყონდიდელის ქუჩის N22-ში მდებარე პროექტები, რომლებიც ჯამში, 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს. დღეს გავაფორმეთ ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია M2-თან. ეს არის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 მლნ ლარია. დღეს, შეიძლება ითქვაs, რომ ამ ადამიანებს არც თანხა აქვთ დაკარგული და საცხოვრებელ ფართებსაც მიიღებენ მას შემდეგ, რაც მშენებლობა დასრულდება.

M2-სა და „სვეტს“ შორის გაფორმებულია ხელშეკრულება და როგორც კი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობები შესრულდება, მაშინვე მოხდება სამშენებლო ნებართვების გაცემა, თუმცა, პარალელურად, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურებმა მოამზადონ სამშენებლო ნებართვები, როგორც კი პროექტი იქნება წარმოდგენილი. დაახლოებით, სამი წელი დასჭირდება ყველა პროექტის განხორციელებას, მას შემდეგ, რაც სამშენებლო ნებართვები გაიცემა და პროექტების განხორციელება დაიწყება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოლაპარაკებაში ჩართულ მხარეებს, მათ შორის მერის მოადგილე ილია ელოშვილს, საინიციატივო ჯგუფის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და პროკურატურის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტი აუქციონზე 23 მლნ ლარად გაიყიდა. პროექტს კომპანია „ინდუსტრიული ქალაქი“ განახორციელებს.

„მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე გვინდა განვავითაროთ პროექტი, რომელიც გლდანის, მუხიანისა და თემქისთვის ერთგვარი ახალი მიზიდულობის ცენტრი იქნება. აღნიშნული პროექტი გატანილი გვქონდა აუქციონზე და გვყავს გამარჯვებული კომპანია - „ინდუსტრიული ქალაქი“, რომელმაც ტერიტორია 23 მილიონ ლარად იყიდა. უკვე გვაქვს კომპანია „კოლიერსის“ მიერ შემუშავებული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, ამ კონკრეტულ ადგილზე უნდა მოეწყოს კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ღამის კლუბი, მულტიფუნქციური საკონცერტო, საგამოფენო, ფიტნეს და სხვა ტიპის სპორტული სივრცეები, საცურაო აუზი, სარეკრეაციო სივრცე, კინოთეატრები, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი, კულინარიის, სამუშაო-საწარმოო სივრცე და ა.შ. ძალიან საინტერესო პროექტია. გამარჯვებული კომპანიაც საკმაოდ წარმატებულია. ეს არის ჯგუფი, რომელიც დედაქალაქში ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო ობიექტებს ფლობს, როგორებიცაა სასტუმრო „რუმსი“, „სტამბა“, „ფაბრიკა“ და ა.შ.“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნულ პროექტზე მუშაობისთვის დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს - ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსს, ანდრია ბასილაიას და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, ირაკლი თავართქილაძეს მადლობა გადაუხადა.

„დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ პროექტს განვახორციელებთ არა მხოლოდ გლდანის რაიონისთვის, არამედ მთლიანად დედაქალაქისთვის. ახალი მიზიდულობის ცენტრი გვექნება, როგორც ამას წინასაარჩევნოდ დაგპირდით. ეს არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ყველა თაობის ადამიანისთვის განკუთვნილი სივრცე იქნება. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც აღნიშნულ პროექტში ჩართული იყო. ამ პროექტთან დაკავშირებით, ჩვენი მიდგომა და კონცეფცია ძალიან კარგად იყო შემუშავებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მთავრობის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა, საცხოვრებელი ფართების დაკანონებაა. კერძოდ, მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, კიდევ 28 ოჯახს გადაეცემა.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები უკვე არაერთ ოჯახს გადაეცა. მათ ფართების დაკანონების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ.

„კიდევ 28 ოჯახი შეემატება იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს მიერ გადაცემულ ბინებს სიმბოლურ ფასად დაიკანონებენ. 14 ოჯახს ბინები დადიანის N2-ში დაუკანონდება, ცხრა ოჯახს - თენგიზ სტურუას N29-ში; სამ ოჯახს - ქიზიყის ქუჩის N23-ში; ორ ოჯახს - მუხიანის დასახლებაში; ერთ ოჯახს - წყნეთში, რუსთაველის ქუჩა N45-ში და ერთ ოჯახს - გრიგოლ ლორთქიფანიძის N22-ში. ბევრია ისეთი ოჯახი, რომლებიც საცხოვრებელ ფართებში წლებია ცხოვრობენ და ბიუროკრატიული თუ სხვა მიზეზების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებენ. დღეს ეს პრობლემა მოხსნილია. მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომაა ჩვენი სამსახურების მხრიდან იმისთვის, რომ ბინების დაკანონება მოხდეს. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ძალიან ბევრ ოჯახს გავაბედნიერებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, სხდომაზე აღინიშნა, რომ 14-15 სექტემბერს, 12:00-დან 23:00 საათამდე, ორბელიანის განახლებულ მოედანზე თბილისის მერიისა და კომპანია „სთოლის“ ორგანიზებით, ფესტივალი „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში, თბილისში არსებული გამორჩეული სწრაფი კვების ობიექტები და მზარეულები მსურველებს მონომენიუებით ორი დღის განმავლობაში გაუმასპინძლდებიან.

მისივე თქმით, დაინტერესებული პირები ფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღებასა და რეგისტრაციის გავლას სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი ვებგვერდისა და „ფეისბუქის“ გვერდის საშუალებით შეძლებენ.

„თბილისელებისა და თბილისის სტუმრებისთვის, ასევე, ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ახალ პროექტს - „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ ვიწყებთ. თბილისის მერიამ 2018 წელს დაიწყო პროექტების სერია სახელწოდებით „თბილისური ბაზარი“, რომელიც ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ერთგვარი პლატფორმაა და ყოველ შაბათ-კვირას ტარდება. ამჯერად კი ვუერთდებით სწრაფი კვების ფესტივალების მსოფლიო მიმართულებას და ტურიზმის სფეროს ხელშეწყობის მიზნით, პირველად, თბილისურ „სტრიტ ფუდ“ მარკეტს ჩავატარებთ. ბოლო პერიოდში, თბილისში მრავლად გაჩნდა ახალი, საინტერესო სწრაფი კვების ობიექტები, რომელთა არსებობამაც, პირველი ფესტივალის ჩატარებას მისცა ბიძგი. ორბელიანის მოედანს ნამდვილად სჭირდება მსგავსი პროექტის განხორციელება იმისთვის, რომ დედაქალაქის ეს ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი, რომლის რეაბილიტაციაც ჩვენ ახლახან განვახორციელეთ, უფრო მეტად გამოცოცხლდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ფესტივალში მონაწილეობას სწრაფი კვების ობიექტები, საკონდიტროები, მეწარმეები, ღვინისა და კრაფტ ლუდის მწარმოებლები მიიღებენ.
 

მსგავსი სიახლეები