2 სექტემბერი, 2019

ქოშიგორას დასახლებაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ამ ტერიტორიაზე რამდენიმე თვის წინაც ვიმყოფებოდით და ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა იყო, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო. დაახლოებით, ორ კილომეტრამდე გზის საფარი მოეწყო, რადგან მძიმე მდგომარეობის გამო, აქ ავტომანქანით გადაადგილება რთული იყო. აღნიშნული დასახლება ვითარდება და საკმაოდ პრესტიჟული ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ მცხოვრებ მოსახლეობას სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში დავეხმაროთ. მათ შორის, მოსაგვარებელია წყალარინების ქსელის პრობლემა. ჩვენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ამ პრობლემის მოგვარებას.

რეაბილიტაციის ფარგლებში დემონტაჟი ჩაუტარდა ამორტიზებულ საფარს, მოეწყო მიწის ვაკისი და დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე. გარდა ამისა, გასულ წელს, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გზების კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, ქოშიგორას დასახლებაში, წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერთან მისასვლელი გზა დააგო.

სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ აწარმოებდა. რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და აგვისტოში დასრულდა. პროექტის განხორციელებისთვის 800 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

მსგავსი სიახლეები