31 ივლისი, 2019

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ თურქეთის ქალაქ სტამბოლში იმყოფებოდა, სადაც ISUZU-ს მარკის რვამეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა. თბილისისთვის განკუთვნილი 220 ერთეული ავტობუსი დედაქალაქში წლის ბოლომდე შემოვა.

„იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც მოსახლეობას ერთი წლის წინ წარვუდგინეთ. მასში დეტალურად იყო გაწერილი ის გეგმა, რომლის განხორციელებასაც მუნიციპალიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაწესრიგებლად აპირებს. უახლოეს დღეებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თბილისისთვის ევრო 6-ის სტანდარტის, გაზზე მომუშავე, 110 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს”, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისში მოძრავი ე.წ. ყვითელი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება, რადგანაც დედაქალაქის მოსახლეობა ახალ, ყველაზე სწრაფ ავტობუსებს იმსახურებს.

„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა წარვადგინეთ და მინდა გთხოვოთ, მიაქციოთ ყურადღება, თუ რამდენად თანმიმდევრულად ასრულებს თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკის თითოეულ პუნქტს, რომელშიც შედის, რა თქმა უნდა, პარკირების, ტაქსების რეფორმა, მეტროს სისტემის რეაბილიტაცია და რაც მთავარია, ახალი ავტობუსების შემოყვანა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება მეტროს, კახა კალაძის განცხადებით, 12 შემადგენლობიდან რვა განახლებული შემადგენლობა უკვე ხაზზეა გაშვებული და წლის ბოლომდე დანარჩენი ოთხიც დაემატება.

„რასაკვირველია, სატრანსპორტო პოლიტიკა გაცილებით გრძელვადიანია, ვიდრე მერის უფლებამოსილების ვადა, თუმცა პირობას გაძლევთ, რომ ჩემი ვადის განმავლობაში, მაქსიმუმს გავაკეთებ და შევასრულებ ყველა იმ პუნქტს სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და რა თქმა უნდა, მოსახლეობა შედეგსაც მალე იხილავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი ტაქსების რეფორმის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ტაქსებისთვის განკუთვნილი ვაუჩერების გაცემა 10 აგვისტოს დასრულდება. კახა კალაძის თქმით, ორი ტიპის ვაუჩერი გაიცემა. მათგან ერთი განკუთვნილია ავტომანქანის ფერის შეცვლისთვის, ხოლო მეორე - ინტერიერის ქიმიური წმენდისთვის.

„ამ შემთხვევაში, ყურადღებას გავამახვილებ მეორე ვაუჩერზე, რომელიც ასევე უფასოა. მინდა მივმართო A კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსის მფლობელებს, რომ ისარგებლონ ამ ვაუჩერით. შეგიძლიათ მიბრძანდეთ, ინფორმაცია მიიღოთ taxi.tbilisi.gov.ge-ზე, თუ სად შეგიძლია მიიღოთ ეს ვაუჩერები და სუფთა, მოწესრიგებული ავტომანქანებით მოემსახუროთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემასაც გამოეხმაურა, რომელიც ხვალიდან, კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება. მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირება სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და მიმართულებაა.

„საპილოტე პროექტი იწყება ხვალიდან და მას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს. კომპანიის თანამშრომლები ზონალური პარკირების არეალებში იმუშავებენ და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს კონსულტაციას გაუწევენ, თუ როგორ უნდა ისარგებლონ ფასიანი პარკირებით და როგორ გადაიხადონ. გარდა ამისა, ჩვენ განთავსებული გვქონდა საინფორმაციო ჯიხური მთელი ამ თვეების განმავლობაში იმისთვის, რომ დაინტერესებულ პირებს, იქ მცხოვრებლებს მიეღოთ სრული ინფორმაცია ამ ახალ რეფორმასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაინტერესებულ პირს მობილურში უკვე შეუძლია ჩამოტვირთოს სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მათ ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილების და სხვა დეტალების გარკვევაში დაეხმარება.

„ყველა სმარტფონისთვის არის ეს აპლიკაცია და მისი მეშვეობით შესაძლებელია გადახდა. ძალიან მარტივი აპლიკაციაა. რუკაა წარმოდგენილი, სადაც მითითებულია ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილები. როდესაც შეხვალთ აპლიკაციაში, ნახავთ, გადახდის მეთოდოლოგიას. ყველაფერი ძალიან მარტივადაა მოცემული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, პარკირების საფასურის დაფარვა სწრაფი გადახდის აპარატებიდანაცაა შესაძლებელი. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად, სხვა ქუჩებსა და რაიონებზეც გავრცელდება.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გამახვილდა. კერძოდ, აღინიშნა, რომ თბილისის მერია მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას იწყებს.

კახა კალაძის თქმით, ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგრო ჰაბსა“ და ყოფილ „მათე მოტორსს“ შორის გაივლის და მარშალ გელოვანს დაუკავშირდება.

„მოეწყობა ორი კილომეტრის სიგრძის, ოთხზოლიანი ბეტონის საავტომობილო გზა, ამსვლელ-ჩამომსვლელი ორ-ორი ზოლით. პროექტი ასევე, ითვალისწინებს საყრდენი კედლების, წყალამრიდებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარე განათების ქსელის მოწყობას. 15 მილიონი ჯდება ამ პროექტის განხორციელება და სამუშაოების წარმოებას შვიდი თვე დასჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლების უხარისხოდ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კონტრაქტორი კომპანიები გააკრიტიკა და მათ პასუხისმგებლობა დააკისრა. კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე საკომუნიკაციო ჭებთან არსებული ასფალტის საფარის მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალაც წარადგინა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ცენტრალური მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სათადარიგო ზოლები მაქსიმალურად დაიტვირთა, პრობლემამ თავი იჩინა.

„სათადარიგო ზოლები შარშან რეაბილიტირდა და ჯამში, 15 მილიონი დაჯდა. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა. საკომონუკაციო ჭის თავების ირგვლივ სრული კატასტროფაა. თუ იმ კომპანიებს ჰგონიათ, რომ მერია ამ სამუშაოებისთვის თავიდან დახარჯავს ფულს, ძალიან ცდებიან. როგორც კი სამუშაოები დასრულდება, ეს გზა უნდა მოწესრიგდეს ისე, რომ პრობლემა არ იყოს მასთან დაკავშირებით და ამაზე არ უნდა დაგვჭირდეს ყურადღების გამახვილება. გულდასაწყვეტია ეს მიდგომა და დამოკიდებულება. ამდენი ფული იხარჯება და ალბათ დაეტყო ახლა, როდესაც ამდენი ავტომანქანა გადაადგილდება. ეს სასწრაფოდ მოსაწესრიგებელია და იმ კომპანიებს მოუწევთ ხარჯის გაწევა და თავიანთი სახსრებით ამ ყველაფრის მოწესრიგება. დედაქალაქის მერია ერთ თეთრს არ დახარჯავს ამის რეაბილიტაციაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა აღნიშნა, რომ თემქის ხევის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ატელიე არქიტექტი“ გამოვლინდა, რომელმაც რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროექტი ოთხი თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს.

მისივე თქმით, აღნიშნული ტერიტორიის სარეკრეაციო ფუნქციით განვითარება დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმითაა გათვალისწინებული.

„თემქის ხევის რეაბილიტაციის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ხევი მოიცავს, დაახლოებით, 23 ჰა ტერიტორიას და დარწმუნებული ვარ, ამ ადგილზე ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. როგორც კი გვექნება დასრულებული პროექტი, მაშინვე გამოვაცხადებთ ტენდერს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე. სამუშაოებს კი კომპანიის შერჩევისთანავე დავიწყებთ. აღსანიშნავია, რომ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა წინასაპროექტო კვლევა (გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, დენდროლოგიური და სხვა ტიპის კვლევები), რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა მისი განვითარების პერსპექტივა და ამ კვლევის შედეგები და რეკომენდაციები პროექტირების ეტაპზე გათვალისწინებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერი დიღმის ჭალებში საქალაქო პარკის მოწყობის პროექტსაც შეეხო. დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი კომპანია უკვე რამდენიმე დღეში გამოვლინდება და ახალი საქალაქო პარკის მშენებლობაც უახლოეს დღეებში დაიწყება.

კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ვაკის რაიონში, მრგვალი ბაღის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებაში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა.

„კომპანიამ, რომელსაც სამუშაოები უნდა განეხორციელებინა, პრობლემები შეგვიქმნა - ვერ ასრულებდა თავის ნაკისრ ვალდებულებას. შემდეგ, კომპანიის შეცვლა მოგვიწია. ბიზნესის მხარდაჭერით, თანადგომითა და ჩართულობით, მრგვალი ბაღი რეაბილიტირებული, ყველანაირად მოწესრიგებულია და იქ მისული ადამიანები, დარწმუნებული ვარ, აღნიშნული პროექტით ამაყობენ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო და მონაწილეობას იღებდა პროექტის განხორციელებაში. მადლობელი ვარ მათი და მინდა სახელობით ჩამოვთვალო ეს ადამიანები: ნინა ჟვანია, ოთარ ჩიხლაძე, ლელა ხოტივარი, ია ქაშაკაშვილი, მირიან ყარაულაშვილი, დავით დვალი, დავით კაკაბაძე, ირაკლი ჟვანია, ვლადიმერ იმერლიშვილი, ედუარდ შახნაზაროვი, მაიკო ჯიმშელეიშვილი და გეგი ქელბაქიანი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მდებარე ახლადრეაბილიტირებული პარკი 2 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება.

„მინდა, ყველას მოგიწოდოთ, მობრძანდეთ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. 20:00 საათზე გვექნება ამ ულამაზესი, რეაბილიტირებული პარკის გახსნა. აქ მოწყობილია ყველანაირი სივრცე დასვენებისთვის - სპეციალური ზონა ბავშვებისთვის, საკალათბურთო, საფეხბურთო მოედნები, სივრცე ძაღლების გასასეირნებლად და ასე შემდეგ. პარკი ყოველმხრივ კეთილმოწყობილი და გამწვანებულია, ახალი ხე-ნარგავებით. ასე რომ, შეგიძლიათ მობრძანდეთ, იქნება კონცერტი, საზეიმო განწყობა და დარწმუნებული ვარ, ამ პროექტით აუცილებლად ისიამოვნებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ 10 აგვისტოდან, თბილისის ათივე რაიონში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი პროდუქცია ყოველგვარი გადასახადების გარეშე გაყიდონ. კომფორტულად მოწყობილ დახლებზე ვაჭრობის უფლება მოქალაქეებს რეგისტრაციის შემდეგ მიეცემათ.

„ქუჩაში ვაჭრობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ადამიანები, რომლებსაც ძალიან უჭირთ და მძიმე მდგომარეობაში არიან, გამოდიან და მეტროსთან ან სხვა ხალხმრავალ ადგილზე ცდილობენ თავიანთი პროდუქტის გაყიდვას. მე, რა თქმა უნდა, მესმის და შევდივარ მათ მდგომარეობაში - ადამიანს რომ ულხინდეს და ბედნიერი იყოს, ქუჩაში არ დადგებოდა პროდუქტის გასაყიდად, თუმცა არის მეორე მხარეც, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ: ჩვენ მაქსიმალურად დაცული უნდა ვიყოთ, რადგან ეს სერიოზულ პრობლემას და დისკომფორტს წარმოადგენს.

გამგებლებს დავავალე, თავიანთ რაიონებში განესაზღვრათ ადგილები, სადაც სწორედ ამ ადამიანებს მივცემდით შესაძლებლობას, გაეყიდათ პროდუქტები. ასეთი ადგილები უკვე გამოყოფილია, დამზადებულია დახლები. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს, რომლის ხელმძღვანელობით მოხდა ამ პროექტის დასრულება. შესაბამისად, იმ ადამიანებს, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს, 10 აგვისტოდან ექნებათ შესაძლებლობა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ამ ადგილებზე გაყიდონ თავიანთი პროდუქტი. გამოვყოთ კვირაში ორი-სამი დღე, როდესაც მოქალაქეებს ექნებათ აქ ვაჭრობის საშუალება, ყოველგვარი გადასახადის გარეშე და არა ქუჩაში, სადაც ხან მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს, ხან საპატრულო. ეს დისკომფორტი რომ ავიცილოთ თავიდან, სწორედ ამისთვის გამოყოფილია კონკრეტული სივრცეები, მოწესრიგებული, გალამაზებული დახლებით. ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერმა რაიონების გამგებლებს დაავალა, მაქსიმალური კომუნიკაცია ჰქონდეთ მოსახლეობასთან, აღნიშნული სიახლესთან დაკავშირებით მათი ინფორმირების მიზნით, რათა მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ დარეგისტრირდნენ.

მსგავსი სიახლეები