16 ივლისი, 2019

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დედაქალაქის მერი კახა კალაძე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე 60-ზე მეტ თანამშრომელს შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა.

მერის თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე თითოეული პროექტი სწორედ ამ ადამიანების ხელით ხორციელდება.

„ესენი გახლავთ ის ადამიანები, რომლებსაც ამ სისტემაში მუშაობის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟი გააჩნიათ. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან თბილისს და თბილისელებს. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს არ იცნობს საზოგადოება. მათ არა აქვთ თანამდებობები, ისინი შრომობენ შეუმჩნევლად, გვხვდებიან ყველგან - ქუჩებში, დაწესებულებში, საბავშვო ბაღებში, სკვერებში, სასწრაფო დახმარების მანქანებში, სახელოვნებო სასწავლებლებში, ბიბლიოთეკებში და ასე შემდეგ. ჩვენ მათგან ვიღებთ რჩევებს, სხვადასხვა სერვისებს, ვიძახებთ რთულ სიტუაციაში, ვანდობთ ჩვენს პატარებს და საკუთარ სიცოცხლესაც კი. და მაინც, ჩვენ მათ არ ვიცნობთ. არ იცნობს საზოგადოება. არ ვიცი, რომელ მათგანზე შევაჩერო ყურადღება. ისინი საოცარი ბიოგრაფიის ადამიანები არიან. მათი ისტორიები უნიკალური და გამორჩეულია. თითოეული მათგანი არის მაგალითი პატიოსნების, შრომის, ნიჭიერებისა და კეთილსინდისიერების.

მინდა თითოეულ მათგანს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა იმ საქმიანობისთვის, იმ შრომისთვის, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ეწევიან. დასაფასებელია ამ ადამიანების მოღვაწეობა. აქ არიან ადამიანები, რომლებსაც მუშაობის 20-25-30-40 წლიანი სტაჟი აქვთ. აქ რამდენიმე მათგანი არ იმყოფება გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო.

ჩვენ ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომლითაც ამაყობს თითოეული თბილისელი, თითოეული ჩვენგანი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის თქვენი დამსახურება და ზუსტად თქვენნაირ ადამიანებზე გადის მათი მომზადება და განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძე.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მიკროავტობუსები გარეუბანში გადაინაცვლებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ფრანგული კომპანია „სისტრა“ გვიკეთებს კვლევას მთელი ქალაქის მასშტაბით, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტრო ავტობუსებთან და მიკროავტობუსებთან მიმართებაში. გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მიკროავტობუსები გადაინაცვლებს მხოლოდ გარეუბნებში და გარეუბნების მოსახლეობა ისარგებლებს იმ ტრანსპორტით, რომელსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მინდა გითხრათ, რომ მიკროავტობუსების გადანაწილება მოხდება ერთიან სისტემაში და არ იქნება გამოყოფილი გარეუბანი და ცენტრალური უბანი. მიკროავტობუსები ივლიან მხოლოდ და მხოლოდ იმ ქუჩებზე, სადაც 8 და 10-მეტრიანი ავტობუსები ფიზიკურად ვერ შეძლებენ გადაადგილებას ქუჩის გაბარიტების გამო. შესაბამისად, მიკროავტობუსები მოვა თანხვედრაში ავტობუსებთან და მეტროსთან. ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება უახლოეს მომავალში.

ჩვენ არასოდეს დაგვიყვია ქალაქი ცენტრალურ და გარეუბნებად. ეს მიდგომა პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც ითვალისწინებს.

„თვითონ რეფორმას რაც შეეხება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვექნება ერთიანი სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი აღებული ბილეთით შესაძლებელი იქნება იმგზავრო ავტობუსით, მიკროავტობუსით და მეტროთი. ეს ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, დედაქალაქში შემოვა უფრო დიდგაბარიტიანი, 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები. მათთვის შეიქმნება შესაბამისი საავტობუსო ზოლები, ინფრასტრუქტურა, რათა ამ ზომის ავტობუსებმა შეძლონ უპრობლემოდ და თავისუფლად გადაადგილება დედაქალაქის ქუჩებში“, - აღნიშნა მერმა.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, კახა კალაძის თქმით, ისინი 2011 წელს იქნა შემოყვანილი და დღეს მათი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და უმძიმესია შესაბამისად, მერია აწარმოებს მოლაპარაკებას კერძო კომპანიასთან მიკროავტობუსების პარკის სრულ განახლებასთან დაკავშირებით.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მერია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, წყალარინების სისტემის დაერთების სავალდებულო რეჟიმის შექმნაზე მუშაობას იწყებს.

მისივე თქმით, მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს კონკრეტულ საამშენებლო ობიექტს უნდა ჰქონდეს წყალარინების სისტემის საკანალიზაციო სისტემაზე დაერთების პროექტი.

„სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, როდესაც მშენებლობის ნებართვა გაიცემოდა, ეს მოთხოვნები გათვალისწინებული არ იყო და სავალალო შედეგი მივიღეთ. არ იყო ვალდებულება, წინასწარ შეეთანხმებინათ საკანალიზაციო სისტემაზე სამშენებლო ობიექტის დაერთების საკითხი. ეს საბოლოოდ იწვევდა იმას, რომ სხვადასხვა მშენებლობის დროს წყალარინები ერთდებოდა არა ამ ქსელზე, არამედ სანიაღვრე სისტემაზე, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ GWP-ის აქვს გამართული გამწმენდი სისტემა, კანალიზაცია სანიაღვრეებიდან მტკვარში ჩაედინებოდა,“ - განაცხადა კახა კალაძე.

მისივე თქმით, ახლახან იმყოფებოდა საფრანგეთში, სადაც თბილისის მერიამ მიიღო გრანტი, დედაქალაქის სანიაღვრე სისტემის აღწერის მიზნით.

თბილისის მერის თქმით, იმ მოქალაქეებმა, რომელთა კერძო საკუთრებას ახალი გენგეგმის მიხედვით ზონა შეეცვალა, მიწის ნაკვეთის ზონირების კორექტირებისთვის დედაქალაქის მერიას უნდა მიმართონ.

კახა კალაძის განმარტებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით წარმოდგენილი რეკომენდაციებით, როდესაც საქმე ეხება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ზონირების კორექტირების საკითხს, მუნიციპალიტეტს შეუძლია, რამდენიმე მიმართულებით იმსჯელოს.

„როგორც მოგეხსენებათ, დედაქალაქის საკრებულომ ჩვენი ინიციატივით, ცოტა ხნის წინ დაამტკიცა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელმაც არსებითად შეცვალა ზონირება, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შეეცვალათ ფუნქციური დანიშნულება. თუ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს გენგეგმის მიღებამდე ჰქონდა სამშენებლო ზონის სტატუსი, დღეს კი რეკრეაციული ან სატყეო სტატუსი მიენიჭა, ეს კერძო მესაკუთრისთვის პრობლემას წარმოადგენს. როდესაც გენერალურ გეგმაზე მიდიოდა მუშაობა, ერთადერთი შემაფერხებელი, რის გამოც მისი მიღება ვერ ხდებოდა, სწორედ ეს საკითხი იყო, თუ როგორ მოვქცეულიყავით, რა გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო ასეთ დროს. შესაბამისად, ეს ყველაფერი გენერალურ გეგმაში უკვე გაწერილია, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ შემთხვევაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, თბილისის მერია სპორტსმენებს, სპორტის 21 სახეობაში შესაბამისი ინვენტარითა და ეკიპირებით უზრუნველყოფს.

მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში, სოციალური მიზნების განხორციელებაზე ორიენტირებული სპორტული კლუბები და ფედერაციები დაფინანსებას მიიღებენ.

„სპორტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჩვენთვის. თბილისის მერია უკვე მეორედ ახორციელებს სპორტის მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც გულისხმობს სპორტის 20-ზე მეტ სახეობაში სპორტსმენების ეკიპირებით უზრუნველყოფას. ამ ადამიანებს სჭირდებათ მუდმივი მხარდაჭერა ჩვენგან და დედაქალაქის მერიაც მზად არის, მათ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი. თბილისის მერია შარშანაც ძალიან აქტიურად ახორციელებდა სპორტულ პროექტებს და მხარს უჭერდა სპორტსმენებს. ეს მიდგომა გრძელდება და ასე იქნება მომდევნო წლების განმავლობაშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება.

დედაქალაქის მერის თქმით, ცენტრის მშენებლობას დაახლოებით 11 მილიონი ლარი დასჭირდება.

„ჩვენ ვიწყებთ კიდევ ერთ ახალ პროექტს - მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, 319-ე კორპუსის მიმდებარედ, 180-ე საჯარო სკოლასთან. ჩემი წინა საარჩევნო დაპირება იყო სწორედ მსგავსი კომპლექსების მშენებლობა, სადაც იქნება საჭიდაო, სატრენაჟორო დარბაზები, საცურაო აუზები, მედიათეკა, ბიბლიოთეკები, საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები. საზოგადოებრივი ცენტრები თბილისის ათივე რაიონში აშენდება. წელს უკვე პირველი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსის რეაბილიტაციას იწყებს.

მისი თქმით, აღნიშნულ პანდუსზე შესაბამისი სამუშაოები გასულ წელს უკვე განხორციელდა, ამჯერად კი, მისი სრული რეაბილიტაცია მოხდება.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ დედაქალაქში, ეს არის თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ შარშან აქ პირველი სამუშაოები უკვე ჩავატარეთ და ახლა პანდუსის სრულ რეაბილიტაციას ვიწყებთ. სამუშაოების ფარგლებში, მოხდება კოჭების შეცვლა, ბურჯის თავების რეაბილიტაცია, საყრდენი კედლების მშენებლობა, მოაჯირის, გარე განათების ბოძების შეცვლა, ახალი თანამედროვე LED განათებების დამონტაჟება და სავალი ნაწილის მოწყობა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელებას ორთვენახევარი დასჭირდება და ამ პერიოდში თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსი გადაიკეტება.

თბილისის მერიის ინიციატივით, ბაზალეთში ახალგაზრდული ბანაკები, თბილისის გარშემო კი ლაშქრობები მოეწყობა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალგაზრდული პროექტები, რომელთა მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა, ტრადიციულად წელსაც განხორციელდება.

„ჩვენ წელსაც ტრადიციულად ვიწყებთ ახალგაზრდული პროექტების განხორციელებას, რომელთა მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი წესით ცხოვრება. შესაბამისად, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს ამ მიმართულებით. წელს დაგეგმილი გვაქვს, მოვაწყოთ ბანაკები და ლაშქრობები, ბანაკები - ბაზალეთში, ხოლო ლაშქრობები თბილისის გარშემო.

ბანაკების 4-დღიანი პროგრამა ითვალისწინებს განთავსებას, კვებას, ტრანსპორტირებას, სხვადასხვა ტიპის აქტივობებს. რაც შეეხება ლაშქრობებს, მათი ხანგრძლივობა იქნება ორი დღე. ახალგაზრდები უზრუნველყოფილნი იქნებიან კარვებით, სალაშქრო აღჭურვილობით, კვებით, ინსტრუქტორთა მომსახურებით და ა.შ.“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეთა რეგისტრაცია 20 ივლისს, მერიის ვებგვერდზე დაიწყება და 30 ივლისამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები