8 ივლისი, 2019

თბილისს საფრანგეთიდან სატრანსპორტო პოლიტიკის ექსპერტები ეწვევიან

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხრიდან ორი უმნიშვნელოვანესი პროექტის დაფინანსებას, რომელთაგან ერთ-ერთი ტრანსპორტის ექსპერტიზის მიმართულებას მოიცავს, მეორე კი თბილისის სანიაღვრე ქსელების მოწესრიგებას.

კერძოდ, საფრანგეთის განვითარების სააგენტო თბილისში, ერთი წლის განმავლობაში, მოავლენს მაღალკვალიფიციურ ექსპერტებს ტრანსპორტის პოლიტიკის კუთხით, რომლებიც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დაეხმარებიან, როგორც კვალიფიკაციის ამაღლებაში, ისევე ცალკეული პროექტების დაპროექტებაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და დიზაინის კუთხით. ექსპერტები ასევე აქტიურად იქნებიან ჩართულები სატრანსპორტო გენერალური გეგმის განხორციელების პროცესში, რაც თავის მხრივ, ფინანსდება აზიის განვითარების ბანკის მხრიდან.
გარდა ამისა, საფრანგეთის განვითარების სააგენტო დააფინანსებს თბილისში სანიაღვრე ქსელის კვლევას და ჩაერთვებიან მრავალწლიანი გეგმის შემუშავებაში , რათა წყალმოვარდნების შემთხვევაში, თავიდან იქნეს აცილებული ქუჩებისა და სახლების დატბორვის საფრთხე, მოეწყოს წინასწარი ადრეული შეტყობინების სისტემები და სწორად დაიგეგმოს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები.