8 ივლისი, 2019

შეხვედრა პარიზის ტრანსპორტის მმართველი კომპანიის პრეზიდენტთან

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ის გზა და პოლიტიკა, რომელიც გვაქვს არჩეული, სწორია და ზუსტად ვახორციელებთ იმ რეფორმას, რომელიც ყველა განვითარებულ ქალაქშია გაკეთებული. ჩვენ დამატებით კიდევ მოვისმინეთ, რა შეიძლება გაკეთდეს თბილისში და რისი გაზიარება შეიძლება იმ დიდი გამოცდილებიდან, რომელიც ამ მიმართულებით პარიზს აქვს. რა თქმა უნდა, ფრანგულ კომპანია „სისტრასთან“ ერთად, რომელიც მუშაობს ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკაზე, გავითვალისწინებთ ყველა რჩევას, რომელიც დღეს გაჟღერდა. დარწმუნებული ვარ, თბილისი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე სწრაფი, კომფორტული და გამართული.

„მოხარულები ვართ, რომ დღეს ვმასპინძლობთ თბილისის მერს და მის დელეგაციას. პარიზის რეგიონის ცენტრალური ავტოპარკი, სადაც ახლა ვიმყოფებით და საიდანაც იმართება ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცენტრია. ჩვენთან დაახლოებით, 1000-ზე მეტი მძღოლი მუშაობს, გვაქვს რამდენიმე ასეული ავტობუსი. ახლა ავტოფარეხი შეივსო ახალი ავტობუსებით, რომლებიც აკმაყოფილებენ გარემოს დაცვის მოთხოვნებს, თანდათან კი გადავდივართ ელექტროავტობუსებზე. ვფიქრობთ, საინტერესო შეხვედრა იყო და ჩვენს გამოცდილებას გაიზიარებს თბილისი“, - განაცხადა პარიზის ტრანსპორტის მმართველი კომპანია RATP-ის პრეზიდენტმა მატიე ვუაზენმა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პარიზის ავტოსატრანსპორტო ქსელისა და გარდამავალი ენერგეტიკის პროგრამის - „ავტობუსი 2025“ საქმიანობის პრეზენტაციები.

საუბარი შეეხო თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას, სამომავლო გეგმებს და საქმიანობის პრიორიტეტებს.
თბილისის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ამ მიმართულებით პარიზის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.