25 ივნისი, 2019

კახეთის გზატკეცილზე არსებული თარგების რეაბილიტაცია

ყველას გვახსოვს, როგორი მძიმე მდგომარეობა იყო აღნიშნული მონუმენტის ირგვლივ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდება, გამწვანდება, მოეწყობა მოსასვენებელი ადგილები და ხელოვნული ტბა. მონუმენტი, რომელიც გაძარცვული იყო, შარშან აღვადგინეთ. სამუშაოები, რომელზეც დაახლოებით, ოთხი მლნ ლარი დაიხარჯება, ნოემბერში უნდა დასრულდეს. კარგად ჩანს, თუ როგორი ტემპისა და მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს კახეთის გზატკეცილზე. ეს მაგისტრალიც მთლიანად მოწესრიგდება. გარდა ამისა, ყველანაირად განახლდება ევროპის ქუჩა, რომელიც აეროპორტისკენ მიდის. ჩვენს ქვეყანას ბევრი ტურისტი სტუმრობს და ქვეყანასთან, ქალაქთან დაკავშირებით პირველი შთაბეჭდილებები სწორედ აეროპორტიდან ექმნებათ. შესაბამისად, ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და გალამაზებული.

რეაბილიტაციის ფარგლებში, გათვალისწინებულია დენდროლოგიური სამუშაოები, სარწყავი სისტემისა და გარე განათების მოწყობა. ასევე, მოეწყობა დეკორატიული აუზი, სპეციალური ჯიხური დაცვის სამსახურისთვის და ტექნიკური სათავსო, სადაც ვიდეო სამეთვალყურეო სისტემა დამონტაჟდება.

დენდროლოგიური ნაწილი ნოყიერი მიწის შეტანას, 380 ახალი ხე-მცენარისა და ბუჩქის დარგვას ითვალისწინებს, მათ შორის, ძახველი, ლეკის ხე, ტირიფი, სოფორა, ნეკერჩხალი, ამბრის ხეფშატი, არღავანი, ბაბილონის ტირიფი, ქვამუხა და სხვა. ამასთანავე, 24 000 კვ.მ-ზე ბალახი ჰიდროთესვის მეთოდით დაითესება.

ამ ეტაპისთვის, ტერიტორიაზე დემონტაჟის სამუშაოები დასრულებულია და ვერტიკალური გეგმარება მიმდინარეობს. დაცვის ჯიხურისა და აუზისთვის კი ბეტონის საფუძვლები მოეწყო.

მსგავსი სიახლეები