19 ივნისი, 2019

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

კერძოდ, აღინიშნა, რომ დედაქალაქში უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო პაკეტი მომზადდა, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო კომპანიებს დარღვევების შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

„არ დავმალავ და ვიტყვი, რომ მუნიციპალიტეტი არც თუ ისე ძლიერია ასეთი ტიპის დარღვევების აღკვეთის კუთხით, ვინაიდან, პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც დღეს საქართველოში და დედაქალაქში მოქმედებს, მაინც უშვებს მშენებლების მხრიდან სამშენებლო სამართალდარღვევებს და არაკეთილსინდისიერი კომპანიები, ამა თუ იმ გზით, პირდაპირ თუ ირიბად, მაინც ახერხებენ სამშენებლო დარღვევების ხარჯზე ეკონომიკური სარგებლის მიღებას. ამის არაერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. ეს ჩვენ ვნახეთ ყოველდღიურობაში, თუ რამდენად დიდ პრობლემას წარმოადგენს ქალაქის ურბანული განვითარებისთვის და ა.შ. შესაბამისად, მე დავავალე დედაქალაქის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, ამ კანონპროექტზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე, მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯები გადაიდგა, რითაც ჯარიმების ოდენობა გაათმაგდა.

„როგორც ჩანს, ჯარიმის ოდენობა ყოველთვის კონკურენციაშია იმ პოტენციურ ეკონომიკურ სარგებელთან, რომელსაც არაკეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანიები დარღვევებით მშენებლობის დროს იღებენ. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, დედაქალაქის მოსახლეობისთვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, ქალაქის ურბანულად სწორად განვითარება. მიგვაჩნია, რომ არცერთი ჯარიმა და მის ხარჯზე ბიუჯეტში შესული თანხები არ არის იმ ზიანის ტოლფასი და შესაბამისი, რომელსაც სამშენებლო დარღვევების შედეგად ზოგიერთი სამშენებლო კომპანია ქალაქს აყენებს. აქედან გამომდინარე, იძულებული გავხდით, მიგვეღო გადაწყვეტილება და ამ პროცესების რადიკალიზაცია მოგვეხდინა. ეს ცვლილებები ზოგიერთ სამშენებლო დარღვევებზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. აქამდე კი ადმინისტრაციული სასჯელი იყო. დარწმუნებული ვარ, ეს საკანონმდებლო ცვლილებები, გარკვეულწილად, მოხსნის ყველა იმ პრობლემას, რომელიც დღეს ქალაქში გვაწუხებს. კონკრეტულად, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს K1 და K2 პარამეტრების დარღვევა; სიმაღლის პარამეტრის დარღვევა; უნებართვო მშენებლობა; მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული, მშენებლობის შეჩერების შესახებ აქტის შეუსრულებლობა, რაც ნიშნავს ამ აქტისადმი დაუმორჩილებლობას და მშენებლობის უკანონოდ გაგრძელებას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით მომდევნო კვირაში სრული პრეზენტაცია გვექნება და მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით. დღეს კი ამ კანონპროექტის პაკეტს პარლამენტს გადავუგზავნით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, დასრულებული, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობებისთვის თბილისის მერია ამნისტიას აცხადებს.

თბილისის მერის თქმით, ექსპლუატაციაში შევა ყველა შენობა-ნაგებობა, რომელსაც სამშენებლო დარღვევები 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით უფიქსირდებოდა, თუმცა აქვე განსაზღვრულია გამონაკლისებიც.

„ამნისტია არ შეეხება ისეთ დარღვევებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასა და ქალაქის ვიზუალურ სტანდარტთან, თუმცა შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელთა გამოსწორებაც ფიზიკურად უკვე შეუძლებელია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, თბილისში 600-ზე მეტი ასეთი ობიექტია.

„ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, რადგან ამ საცხოვრებელი ფართების ფასი საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, ძალიან დაბალია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, სამომავლოდ, ანალოგიური დარღვევები სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სამშენებლო რეგულაციების მიმართულებით კიდევ ერთ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა. კერძოდ, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახალი საკანომდებლო ინიციატივით, აღდგება 2009 წელს გაუქმებული ის ნორმა, რომლის საფუძველზეც, დასრულებულ მშენებლობაში, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების გარეშე მოქალაქეები ვერ შესახლდებიან.

კახა კალაძემ საკანონმდებლო პაკეტის მომზადებაში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით მოწესრიგდება.

„გასულ ზამთარს ბუნებრივი აირის აფეთქების რამდენიმე მძიმე შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, ამ შემთხვევების შედეგად, გვყავდა დაშავებულები და დაღუპულები. საცხოვრებელ კორპუსებში, სადაც ეს შემთხვევები მოხდა, შესახლებული იყვნენ ადამიანები, თუმცა შენობა არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული. ეს ნორმა 2009 წელს გაუქმდა და სწორედ მაშინ გახდა დაშვებული ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსში შესახლება. ვფიქრობ, აღნიშნული ნორმა თავის დროზე სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის მიზნით გაუქმდა, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ შექმნილიყო, თუმცა უკვე ათი წელი გავიდა და იკვეთება, რომ ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით, ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ნორმა, რომელიც 2009 წლამდე მოქმედებდა, ძალაში დავაბრუნოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ექსპლუატაციაში მიღება სამშენებლო ზედამხედველობის ის ნაწილია, რომლითაც დგინდება, რამდენად შესაბამისობაშია ნაგებობა პროექტთან და უსაფრთხოების ნორმებთან. სამშენებლო პროექტი კი გაცემული სამშენებლო ნებართვის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

„სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვართ იმ სამართლებრივ მოცემულობაში, როცა შეუძლებელია ექსპლუატაციაში მიუღებელი კორპუსებიდან მოსახლეობის გამოყვანა. მიგვაჩნია, რომ მინიმუმ ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალში, როდესაც მშენებლობის ახალ ნებართვებს გავცემთ, დასრულებულ შენობაში მხოლოდ მას შემდეგ მოხდეს მოქალაქეების შესახლება, რაც ის ექსპლუატაციაში იქნება მიღებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია მტკვრის მარჯვენა სანაპიროს 700-მეტრიანი მონაკვეთის გზის საფარის მოწესრიგებასაც იწყებს. საგზაო სამუშაოები გალაკტიონის ხიდიდან ლაგუნა ვერესთან არსებულ პანდუსამდე განხორციელდება.

„სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. გზის საფარი პირველ რიგში მოიფრეზება. რადგან ბევრი ავტომობილი გადაადგილდება და ქალაქში ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, არ გვინდა, მძღოლები კიდევ შევაყოვნოთ. ამიტომ, სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება. ათი დღე დასჭირდება ამ სამუშაოების ჩატარებას და პროექტის ღირებულება დაახლოებით, 900 ათასი ლარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა გარბენი „თბილისის“ შესახებ ისაუბრა, რომელიც დედაქალაქში 23 ივნისს გაიმართება. წელს გარბენი პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და ორბელიანის ახლადრეაბილიტირებულ მოედანზე დასრულდება.

თბილისის მერმა გარბენში მონაწილეობისკენ პირველ რიგში, დედაქალაქის მთავრობის წევრებს და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებულ ყველა ადამიანს მოუწოდა.

„ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, ქალაქის მასშტაბით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, ასევე, მუნიციპალური მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობას ვახორციელებთ. გვინდა, მსგავსი სპორტული სივრცეები ყველა რაიონში არსებობდეს. გარდა ამისა, სკვერებში ვამონტაჟებთ სავარჯიშო მოწყობილობებს. ამის საუკეთესო მაგალითია გოძიაშვილის სახელობის პარკი, სადაც სპორტით ყველა თაობის ადამიანია დაკავებული. გახსოვთ ალბათ, რომ შარშან გაიმართა გარბენი „თბილისი“, რომელშიც მონაწილეობა ბევრმა სპორტსმენმა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულმა მოქალაქემ მიიღო. წელს, 23 ივნისს, ამ გარბენის ჩატარებას ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 09:00 საათიდან, ხოლო გარბენი - 10:00 საათზე”, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ყურადღება საკადრო ცვლილებებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაიდარაშვილი თანამდებობას ტოვებს. ის საქმიანობას კერძო სექტორში განაგრძობს.

„ბოლო დროს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია განვახორციელეთ. იცით ჩვენი დამოკიდებულება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიული არეალების რეაბილიტაცია-აღდგენა. ეს სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა ჩაატარა, რომელსაც გიორგი ბაიდარაშვილი ხელმძღვანელობდა. მესმის, რამდენად რთულია დღე და ღამის განმავლობაში იყო ჩართული და აწარმოო მსგავსი ტიპის სამუშაოები. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, რასაც ეს ადამიანი თავის გუნდთან ერთად აკეთებდა. შედეგიც სახეზეა - გვაქვს ორბელიანის რეაბილიტირებული მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები. გიორგი ბაიდარაშვილმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ვიცი, ის კერძო სექტორში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის განვითარების ფონდს ალექსანდრე ტოგონიძე უხელმძღვანელებს, რომელიც დედაქალაქის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

„მინდა, ალექსანდრე ტოგონიძეს წარმატებები ვუსურვო. წინ ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი პროექტია განსახორციელებელი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევითა და სულისკვეთებით შევძლებთ, ის ტემპი შევინარჩუნოთ, რაც გიორგი ბაიდარაშვილს ჰქონდა აღებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას, მას გიორგი ებანოიძე დაიკავებს, რომელიც ამავე სამსახურში უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

„გიორგი ებანოიძე გამოცდილი კადრია. ის პროფესიით ეკონომისტი და სამართალმცოდნეა. მინდა, მას ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 

მსგავსი სიახლეები