13 ივნისი, 2019

შეხვედრა სამშენებლო კომპანიებთან შრომის უსაფრთხოების საკითხებზე

მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. ამ მიზნით, რეგულაციებიც კი გავამკაცრეთ, რათა მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. კანონში მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა. დღეს სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გვქონდა. თითოეულმა მათგანმა უნდა გაითავისოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება და დაცულობა. მშენებლობაზე ჩაფხუტების გარეშე, ან მაღალ სართულებზე შესაბამისი დამცავი თოკის გარეშე მუშაობის შემთხვევები ყოფილა. ეს ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ იყოს ზედამხედველი, ვინც ამ ყველაფერს უსაფრთხოების მიმართულებით გააკონტროლებს. მხოლოდ ჯარიმა არ არის გამოსავალი, თუმცა ჩვენ მიერ რეგულაციების გამკაცრების შემდეგ, უბედური შემთხვევების სტატისტიკა შემცირებულია. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სასურველ შედეგს მივაღწიეთ. დღევანდელ შეხვედრაზე მათი მხრიდან შენიშვნები და მოსაზრებები მოვისმინეთ. პროცესში ასევე, ჩართულია ცენტრალური ხელისუფლება, პარლამენტი, ბიზნესომბუდსმენიც და ჩვენ ყველა ერთად, ერთიანი კოორდინაციით, არსებული პრობლემების მოგვარებას შევძლებთ.

საქართველოს პარლამეტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი 2018 წელს მიიღო. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებები, თუ როგორ უნდა ამოქმედდეს კანონით გათვალისწინებული ნორმები უბედური შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.