11 ივნისი, 2019

თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევის პრეზენტაცია

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია თბილისის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და ინტერესის გაზრდა ამ ეტაპზე ნაკლებად განვითარებული სექტორების და ქვესექტორების მიმართ, რომლებსაც ზრდის კარგი პოტენციალი გააჩნიათ.
როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკური სექტორების დივერსიფიცირება და ახალი საინვესტიციო მიმართულებების განსაზღვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისის მდგრადი განვითარებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მერიის დაკვეთით „Deloitte საქართველომ“ განახორციელა თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევა, რომელიც მოიცავდა თბილისის მიმდინარე ეკონომიკურ მიმოხილვას, არსებული სექტორების შეფასებას და საინვესტიციო და პრიორიტეტული სექტორების იდენტიფიცირებასა და ანალიზს. კვლევა მნიშვნელოვანია დედაქალაქის გრძელვადიანი, მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისთვის. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და ეს კვლევაშიც კარგად გამოჩნდება, თუ რამდენად დიდი რესურსი გააჩნია ჩვენს ქალაქს, მაგრამ აქ მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ უნდა მოხდეს ქალაქის სწორი განვითარება. ჩვენ ეს პრობლემები წლების განმავლობაში გვქონდა და შედეგიც სახეზეა. ჩვენ მთელი რიგი ცვლილებები განვახორციელეთ და დავნერგეთ განსხვავებული მიდგომები. რა თქმა უნდა, ქალაქი უნდა განვითარდეს, წინ უნდა წავიდეს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად, ხარისხიანად. ის მიდგომები და დამოკიდებულება, რაც წლების განმავლობაში იყო - ვაშენებ სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა - ნამდვილად არ გამოვა. ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ზოგადად, სამშენებლო სექტორი და ბიზნესიც გადაეწყო იმ მოთხოვნებსა და მიდგომებზე, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო განსაზღვრული. ზუსტად ასე იქნება ქალაქის სწორად განვითარება შესაძლებელი.

კვლევა მოიცავს თბილისის მიმდინარე ეკონომიკურ მიმოხილვას, არსებული სექტორების შეფასებას, საინვესტიციოდ პრიორიტეტული სექტორების იდენტიფიცირებასა და ანალიზს.
კვლევის მიხედვით, პრიორიტეტი მიენიჭა სტუმარ-მასპინძლობის, ჯანდაცვის, გართობისა და ვაჭრობის, ფარმაცევტულ და კრეატიულ სექტორებს. იდენტიფიცირებული სექტორების მიხედვით მომზადდა დეტალური რეკომენდაციები ინვესტორებისა და თბილისის მერიის სამომავლო თანამშრომლობისთვის, რაც მოიცავს სექტორში ინვესტირების ალტერნატიულ შესაძლებლობებს და მუნიციპალიტეტის მხრიდან მხარდამჭერ ღონისძიებებს.
„Deloitte საქართველომ“ იდენტიფიცირებული სექტორების მიხედვით შეისწავლა წარმატებული მაგალითები რამდენიმე ევროპული ქალაქის მიხედვით და თბილისის მერიას წარუდგინა რეკომენდაციები, როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული სექტორების ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვის და განვითარების მიმართულებით, მათ შორის მუნიციპალური პროგრამებით.