8 ივნისი, 2019

თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

თბილისში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მთლიანად მოწესრიგდება ევროპის ქუჩა სამგორის რაიონში, აეროპორტიდან ამოსასვლელი, რომელიც მოასფალტდება, ასევე, გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები, შეიცვლება გარე განათების ბოძები და განახლდება გამწვანება. ეს ქუჩა არის თბილისის სახე და ქმნის პირველ შთაბეჭდილებას საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის. შესაბამისად, გვინდა, ის მოწესრიგებული და გალამაზებული იყოს. სამუშაოები აგვისტოს ბოლოსთვის მთლიანად დასრულებული იქნება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად ხორციელდება. თავდაპირველად, გადაიკეტა აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით სავალი ნაწილი და საპირისპირო მიმართულება, დროებით, ორმხრივი გახდა. პირველი ეტაპის სამუშაოების ხანგრძლივობა ერთი თვე იქნება, რომლის დასრულების შემდეგ, სამუშაოები თბილისიდან აეროპორტის მიმართულებით განხორციელდება და საპირისპირო მიმართულებაზე სატრანსპორტო ნაკადი, ასევე, 30 დღით გადაერთვება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება საავტომობილო სავალი გზის ნაწილს, განახლდება ბორდიურები და ტროტუარი, გამყოფ ზოლში მოეწყობა თვალამრიდები. 40 000 მ2 სიგრძეზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი.

სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია "ჯეუ გრუპი" ახორციელებს. რეაბილიტაციისთვის განსაზღვრული ვადა 80 კალენდარულ დღეს შეადგენს. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან რეაბილიტაციაზე, დაახლოებით, 3 000 000 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი სიახლეები