23 მაისი, 2019

შეხვედრა საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტთან

ვიცე-პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ვისაუბრეთ. ყურადღება გავამახვილეთ საქალაქო ტრანსპორტისა და ნარჩენების მართვის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე. ვიცე-პრეზიდენტს ამ მიმართულებით თბილისში არსებული გამოწვევები, ასევე, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გავაცანით.
დედაქალაქის მთავრობის პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაცია, მეტროსადგურების სრული რეაბილიტაცია და ნარჩენების მართვაა.
ჩვენთვის ფრანგულ მხარესთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია ფრანგული კომპანია „სისტრა”. თბილისისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი, კვლევებზე დაყრდნობით, სწორედ ფრანგულმა კომპანია „სისტრამ“ მოამზადა.

თავის მხრივ, ვიცე-პრეზიდენტმა ილ-დე-ფრანსის რეგიონში ტრანსპორტისა და ნარჩენების ეფექტური მართვის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
„დღევანდელი შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ჩვენ, ძირითადად, ვისაუბრეთ ორ საკითხზე - ტრანსპორტის მოდერნიზაციასა და ნარჩენების მართვაზე. მე თბილისის მერს ამ სფეროებში პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით რეკომენდაციებსა და აქტიურ თანამშრომლობას დავპირდი, რაც დარწმუნებული ვარ, შედეგიანი იქნება“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.