22 მაისი, 2019

დედაქალაქის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

თბილისის მერი საბავშვო ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგების საკითხს გამოეხმაურა და კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზები განმარტა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რომელიმე მათგანთან ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება, მანამდე კი კვებით მომარაგებას თავად საბავშვო ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები უზრუნველყოფენ.

„ორი დღის წინ ჩვენ გავწყვიტეთ ხელშეკრულება კომპანია „ნილთან“, რომელიც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებდა. ამ კომპანიასთან არაერთხელ გქონდა კომუნიკაცია. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ „ნილი“ ჯეროვნად ასრულებდა თავის უფლებამოსილებას, რაც დავალებული ჰქონდა, თუმცა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მათ სერიოზული ხარვეზები ჰქონდათ ბაღებისთვის საკვების მოწოდებასთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთი გაფრთხილება მივეცით, ბოლოს რამდენიმე შეხვედრაც გავმართეთ. ჩვენი მხრიდან იყო მიმართვა, რომ დაფიქსირებული ხარვეზები, რომელიც კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩვენთვის, ძალიან სწრაფად გამოესწორებინათ, თუმცა კომპანიამ ეს ვერ შეძლო და ხელშეკრულება გავუწყვიტეთ. ამის მიუხედავად, მინდა, სრული პასუხისმგებლობით და გულწრფელად ვუთხრა აღსაზრდელების მშობლებს, რომ კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. დღეს კვებით მომარაგებას უზრუნველყოფენ თვითონ ბაღები. დაჩქარებული წესით გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან, ვფიქრობ, რამდენიმე დღეში შევძლებთ ხელშეკრულების გაფორმებას და ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგება ჩვეულებრივ, შერჩეული კომპანიის მიერ გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის ბაგა-ბაღებში კვების რაციონის შემუშავებაზე მუნიციპალიტეტმა ძალიან ბევრი იმუშავა და ის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე შედგა.

„შემიძლია ვთქვა, რომ საკვების კალორაჟი საერთაშორისო სტანდარტებით არის გათვალისწინებული. მინდა, მშობლებს ვუთხრა, რომ ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის და არც სამომავალოდ იქნება. ჩვენთვის ბავშვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მათი ჯანსაღი კვება პრიორიტეტია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში შიდა გზების მოსაწყობად თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2 405 405 ლარი დაიხარჯება. პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ოთხი თვის ვადაში დასრულდება.

„ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ამ მიზნით, არაერთი პროექტი ხორციელდება. ბევრია პრობლემური ქუჩები და უბნები, რომელთაც მოწესრიგება და მოვლა-პატრონობა სჭირდება. სამგორის რაიონში არსებულ სამხედრო დასახლებაში განსახორციელებელ პროექტზე ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით. იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ძალიან მძიმე პირობებია. არც გზაა, არც სანიაღვრეები, არც მოასფალტებულია; გადათხრილი და გაუბედურებულია ტერიტორია. მოსახლეობამ არაერთხელ მოგვმართა და ჩვენ პირობა დავდეთ, რომ პროექტს განვახორციელებდით და იქ ყველაფერს მოვაწესრიგებდით. გვყავს ტენდერში გამარჯვებული კომპანია და სამუშაოებს ვიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე ქსელის, სახანძრო ჰიდრანტების, ახალი ბორდიურისა და ტროტუარების მოწყობა. ასევე, კორპუსების მიმდებარედ, ავტომანქანების სადგომები გაკეთდება. საერთო ჯამში, ასფალტის საფარი 35 000 კვ.მ ფართობზე დაიგება.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირზე, საპილოტე პროექტი განხორციელდება, რომელიც რეაბილიტირებულ გამზირზე სანაგვე ურნების მიწის ქვეშ განთავსებას ითვალისწინებს. კახა კალაძემ საპილოტე პროექტის განხორციელება შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორს, ლევან ჯღარკავას დაავალა.

„უახლოეს მომავალში ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას ვიწყებთ, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით, მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით. ჩვენ მთლიანად ვაწესრიგებთ ამ გამზირს თავისი კომუნიკაციებითა თუ გარე განათებებით, საფეხმავლო ბილიკებით და ავტობუსის ზოლებით. ამ პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორს, ლევან ჯღარკავას მინდა, საპილოტე პროექტის განხორციელება დავავალო, რომლის მიხედვითაც, სანაგვე ურნებს, რომელიც ზედ გზაზეა განთავსებული, მიწის ქვემოთ ჩავიტანთ, როგორც ეს ბევრ განვითარებულ ქალაქშია. ამის გაკეთება ძალიან მარტივია და ვფიქრობ, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. არც ვიზუალურად არის ლამაზი ცენტრალურ ქუჩებზე, გზაზე განთავსებული ურნები და უამრავ სხვადასხვა პრობლემასაც ქმნის. შესაბამისად, ურნების მიწის ქვემოთ განთავსების შემდეგ, ეს ადგილები ზემოდან დახურული იქნება, არ იქნება თვალშისაცემი და რაც მთავარია, მეტი სისუფთავე შენარჩუნდება. შეიძლება ნარჩენების სეპარირებაზეც ვიფიქროთ. რეაბილიტირებულ სკვერებში ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნების დადგმა უკვე დაწყებული გვაქვს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მთაწმინდის რაიონში, ისტორიულ არეალში მდებარე ორბელიანის მოედნისა და შვიდი მიმდებარე ქუჩის სრული რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება.

„მთაწმინდის რაიონში ჩვენ დაწყებული გვაქვს ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე შვიდი ქუჩის სრული რეაბილიტაცია. დაახლოებით, მომავალი თვის დასაწყისში სამუშაოები მთლიანად დასრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული უბნების განახლება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, მოვლა-პატრონობა. ბევრი თვალსაზრისით, ასეთი მაშტაბური პროექტი დედაქალაქში არ განხორციელებულა. მიწისქვეშა კომუნიკაციებით დაწყებული, მთლიანად მოხდა რეაბილიტაცია. ამ კონკრეტულ არეალში, 20 შენობა-ნაგებობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აქედან 13 არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ამ ყველაფერს გაფრთხილება სჭირდება. ეს არის თბილისის ხიბლი, რომლითაც ვამაყობთ. ეს მიდგომა სხვა არეალშიც უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ორბელიანის მოედნის გარდა, შვიდი ქუჩის და იქ არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდა.

„გახსნის ღონისძიებაზე ყველას დაგპატიჟებთ, მთელ თბილისს შეუძლია მოვიდეს და ერთად ვნახოთ როგორი გამოვიდა ეს პროექტი თავისი მხატვრული განათებებით შენობებზე. იქამდე ჩვენ კომუნიკაცია კიდევ გვექნება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტით ყველა თბილისელი იამაყებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პირველი მიწისქვეშა პარკინგის პროექტი განხორციელდა, რომელიც, დაახლოებით, 170 ავტომანქანაზეა გათვლილი.

„როგორც ევროპულ ქალაქებშია, ყველაფერი უმაღლეს დონეზე არის გაკეთებული - ადაპტირებული სადგომები, შშმ პირთათვის ლიფტების მონტაჟი, უსაფრთხოების კამერები, სახანძრო უსაფრთხოება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ორბელიანის მოედნის გარდა, დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი, რომელთა განხორციელებაც უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. სხვა მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი უახლოეს მომავალში. ახლა ველოდებით ფურცელაძის ქუჩისა და თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილის პროექტირებას, ასევე, გუდიაშვილის ქუჩის, რომელიც სამუზეუმო-საფეხმავლო ქუჩა იქნება. აღნიშნული ქუჩების პროექტირების დასრულების შემდეგ, შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების რეგლამენტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. მისი თქმით, სამშენებლო მიმართულებით, ძველი თბილისის ნაწილში გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება.

„თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით, გარკვეული რეგულაციები შემოგვაქვს. ძველი თბილისის არეალი, ქალაქის ისტორიული ნაწილი ის ტერიტორიაა, რომელსაც გაფრთხილება აუცილებლად სჭირდება. უნდა მოწესრიგდეს სიმაღლეებთან დაკავშირებული პრობლემები, მორფოლოგია, იერსახე - ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ის მიმართულებებია, რომელიც ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან არაერთი კომუნიკაცია გვქონდა. იმისთვის, რომ ძველი თბილისი გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ ის, რითაც ვამაყობთ, აუცილებელია, ამ რეგულაციების განხორციელება. ყველა ევროპულ ქალაქში, რომელსაც ისტორიული ნაწილი აქვს, ყველგან მსგავსი დამოკიდებულებაა. უახლოეს დღეებში გვექნება პრეზენტაცია, რომელზეც ექსპერტებს, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს მოვიწვევთ. პროექტის განხორციელებაზე ექსპერტთა სხვადასხვა ჯგუფი მუშაობდა, რისთვისაც მინდა, მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების რეგლამენტის პროექტი წინა პერიოდებში (2006-2007) განხორციელებული დაფარვითი ინვენტარიზაციისა და ისტორიულ კულტურული საყრდენი გეგმის საფუძველზე დამუშავდა. რეგლამენტი ისტორიულ ქალაქში ჩარევების ძირითად წესებს და პრინციპებს, მათ შორის სიმაღლეებს, მოცულობებს, მასშტაბს, მორფოლოგიასა და იერსახეს განსაზღვრავს, რაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრულ რეგულაციებს ჩაანაცვლებს.

დოკუმენტის მომზადების პროცესში, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, დარგის ექსპერტებთან არაერთი სამუშაო შეხვედრა და განხილვა გაიმართა, მათ შორის, ხელოვნებათმცოდნეებთან და არქიტექტორებთან. პროექტის მომზადებაში ასევე, ჩართული იყვნენ მერიის შესაბამისი სამსახურები, საბჭო და თბილისის განვითარების ფონდი.

აღნიშნულ პროცესში სამუშაო ჯგუფს უდიდესი დახმარება გაუწია საფრანგეთის ისტორიული ქალაქების ასოციაციამ და საფრანგეთის საელჩომ. 2018 წლის ოქტომბერში განხორციელებული ვიზიტისას, საფრანგეთის ისტორიული ქალაქების გამოცდილების ჭრილში რეგლამენტის პროექტი განიხილეს. ფრანგმა ექსპერტებმა კონკრეტული რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს, რომლის საფუძველზეც, მერია ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, როგორც რეგულაციების, ასევე, მართვის სტრუქტურის დახვეწისა და საკონსერვაციო გეგმების მომზადება-განხორციელების მიზნით.
 

მსგავსი სიახლეები