18 მაისი, 2019

იოსებ გრიშაშვილის სახელობის სკვერის გახსნა კრწანისში

დღეს, აქ ძალიან სასიამოვნო გარემო სუფევს. მახსოვს, არჩევნების წინ, როდესაც მოსახლეობას ვხვდებოდით, როგორი მძიმე მდგომარეობა იყო. ახლა მართლაც ემოციებს ვერ ვმალავ, ძალიან მიხარია. ადგილობრივი მოსახლეობაც, რა თქმა უნდა, კმაყოფილია, იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს, პატარებთან ერთად გამოვიდნენ ძალიან ლამაზ, კეთილმოწყობილ მწვანე სივრცეში. ზუსტად ასეთია ჩვენი დამოკიდებულება, რაიონ-რაიონ, უბან-უბან და ქუჩა-ქუჩა უნდა მოვახერხოთ და ასე გავალამაზოთ ჩვენი დედაქალაქი. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და სხვადასხვა მოცულობის პროექტი ხორციელდება. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს ძალიან კეთილმოწყობილი, გამართული ინფრასტრუქტურით.

ჩვენს დედაქალაქს ყოველთვის ჰქონდა თავისი ხიბლი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, წლების განმავლობაში ბევრი შეცდომა გვაქვს დაშვებული თბილისთან მიმართებით, ეს ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ მსგავსი პროექტებით. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში უშუალოდ ჩართული იყავით.

გრიშაშვილის ქუჩის N51-ში მდებარე ახალი სკვერი კრწანისის რაიონის გამგეობამ მოაწყო. პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე ლითონის მოაჯირით ტერასის ხიდი, საყრდენი კედლები, ასევე, კიბისა და გზისპირა მოაჯირი და გარე განათების სისტემა მოეწყო.

სკვერი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით გამწვანდა და რულონური ბალახი დაიგო. ასევე, განთავსდა საპარკე სკამები, ლითონის კონსტრუქციები შეიღება და ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.

ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, გამგეობამ თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას მიმართა, აღნიშნული სკვერი იოსებ გრიშაშვილის სახელობის ყოფილიყო.

მსგავსი სიახლეები