25 აპრილი, 2019

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტროს შახტის რეაბილიტაცია დაიწყო

გზის სავალ ნაწილზე შახტის არსებობა სერიოზული პრობლემა იყო, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც ამ გზით სარგებლობს. დაახლოებით, 20-25 წელია, აღნიშნული ტერიტორია ამ მდგომარეობაშია. გვინდა, მეტროს შახტი მოვაწესრიგოთ და საავტომობილო გზა გაიხსნას, რათა მძღოლებმა შეუფერხებლად იმოძრაონ. გარდა ამისა, ამ ადგილზე შახტის არსებობა ფეხითმოსიარულეთათვისაც პრობლემას წარმოადგენს. პრობლემას დაახლოებით, სამ თვეში მოვაგვარებთ. შახტს გადაიტანენ აქვე, გზაგამყოფ ზოლში, რომ მოძრაობას ხელი არ შეეშალოს. ამის შემდეგ გამყოფი ზოლი გამწვანდება, სავალი გზა კი ყველანაირად მოწესრიგდება.

შახტის გადატანით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაიჭრება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად გადაადგილებისთვის მოცემული შახტის გზაგამყოფ ზოლში გადატანა და გადახურვაა საჭირო, რათა მან ფუნქცია არ დაკარგოს. სამუშაოები ასევე, მოცემულ ობიექტზე არსებული უფუნქციო შენობა-ნაგებობებისა და ლითონის ღობის დემონტაჟს გულისხმობს.

პარალელურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის არსებულ საფარს, მოეწყობა ტროტუარები ახალი ბორდიურით, ლითონის მოაჯირები, ლითონის ცხაურები ხეებისთვის და სანიაღვრე სისტემა.

სამუშაოების ღირებულება, რომელსაც შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ შეასრულებს, 1 084 675 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები სამი თვე გაგრძელდება.