16 აპრილი, 2019

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიება

მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ პროექტის მომზადებაში მონაწილეობდა - დარგის სპეციალისტებს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს. მადლობა მინდა ვუთხრა მინისტრ გიორგი გახარიას, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის ქმედით ნაბიჯებს დგამს, რათა ღირსეულად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც საკმაოდ მტკივნეული და მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის. ჩვენი გუნდისთვის, ჩვენთვის ყველასთვის, ყველაზე მთავარი ადამიანი და მისი სიცოცხლეა. შესაბამისად, ამ გამოწვევას ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ღირსეულად უნდა ვუპასუხოთ და აქ მხოლოდ ერთი ან ორი უწყება ვერაფერს გახდება. ერთიანი ძალისხმევაა საჭირო, რა თქმა უნდა, საზოგადოების ფართო ჩართულობით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. სტატისტიკა მართლაც ძალიან მძიმეა. ავტომობილი შეიქმნა იმისთვის, რათა კომფორტულად გადავაადგილდეთ და არა იმისთვის, რომ პრობლემები შეგვიქმნას და ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე წაგვართვას.

დედაქალაქი მერია, პირადად მე, მზად ვართ, ჩავერთოთ ამ პროექტში და იმ გამოწვევებს ვუპასუხოთ, რომელიც ყველას გვტკივა. დედაქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ და საერთაშორისო სტანდარტს მაქსიმალურად ვითვალისწინებთ. ეს იქნება თუნდაც, სპეციალური საავტობუსე ზოლები, საფეხმავლო, ველობილიკები და ასე შემდეგ, თუმცა, აქაც ვხვდებით ძალიან სერიოზულ პრობლემებს, არის დარღვევები. ხშირია ავტომობილების მოძრაობა საავტობუსე ზოლებში, რაც აკრძალულია. ამის გამო, შსს-თან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, დედაქალაქის მასშტაბით დავამონტაჟოთ ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელზეც შესყიდვა გამოცხადებული გვაქვს და ამ პროექტს აუცილებლად განვახორციელებთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ყველამ, თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, დავიცვათ და ავარიდოთ ადამიანები ამ დიდ უბედურებას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მეტი სიცოცხლისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი, 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“ იყო წარდგენილი.