4 აპრილი, 2019

განხორციელებული კულტურული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები

თბილისის მერიამ კულტურის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ანგარიში და სამომავლო გეგმები წარადგინა. პრეზენტაცია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა. მან მადლობა გადაუხადა სფეროს წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს დედაქალაქის კულტურული ცხოვრება კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება.

„მადლობა აქ მობრძანებისთვის და იმ საქმიანობისთვის, რასაც თქვენ წლების განმავლობაში აკეთებთ ქვეყნისთვის და ხალხისთვის. აქ დღეს წარმოდგენილები არიან სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები, რაც ძალიან სასიამოვნოა პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის. დღეს გვინდა, წარმოგიდგინოთ, თუ რა გავაკეთეთ ერთი წლის განმავლობაში, ასევე გაგაცნოთ, რა პროგრამების და პროექტების განხორციელებას ვაპირებთ წელს. მინდა, გთხოვოთ დახმარება, თანადგომა, რადგან თქვენი როლი მათ განხორციელებაში უმნიშვნელოვანესია. ჩვენ შევქმენით სპეციალური პლატფორმები, რომლითაც საზოგადოებას მივცემთ შესაძლებლობას, სხვადასხვა მიმართულებით იხილოს სხვადასხვა წარმოდგენა, კონცერტი. მე ერთ რამეს გპირდებით: რაც ჩვენზე - დედაქალაქის მთავრობაზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ. მე მჭირდება თქვენი მხარდაჭერა, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ, ვუპასუხოთ არსებულ გამოწვევებს. დარწმუნებული ვარ, ამ სულისკვეთებით შევძლებთ, მოვაგვაროთ ყველა პრობლემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა, ასევე, მადლობა გადაუხადა მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას და თანამშრომლებს.

„მიხარია, რომ მყავს ასეთი თანაგუნდელები, რადგან შეუძლებელია, მხოლოდ ერთმა ადამიანმა განახორციელოს ის, რასაც ამ წელიწადნახევრის განმავლობაში ვაკეთებთ. მადლობელი ვარ თითოეული თანამშრომლის შრომისთვის, იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ, რათა ჩვენი დედაქალაქი იყოს წარმატებული და წინ წასული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის მიერ კულტურის მიმართულებით განხორციელებული პროექტები სოფიო ხუნწარიამ წარადგინა. მან საზოგადოებას მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაკვეთით ჩატარებული კვლევა გააცნო, რომელშიც კულტურის სფეროში მოღვაწე 52 პირი და თბილისის 1680 მცხოვრები მონაწილეობდა.

მისი თქმით, კვლევის შედეგად გამოიყო სამი პრიორიტეტი: ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესება; მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის ზრდა; კულტურის სფეროში დაფინანსების ახალი წესის შექმნა.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ განმარტა, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, მიმდინარეობს სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები არჩილ ჩიმაკაძის სახელობის N3 ხელოვნების სკოლაში; რევაზ ლაღიძის სახელობის N4 ხელოვნების სკოლაში; ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში; ვიქტორი დოლიძის სახელობის N15 ხელოვნების სკოლაში; N21 ხელოვნების სკოლაში; გიორგი ცაბაძის სახელობის N25 ხელოვნების სკოლაში.

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის N7 ხელოვნების სკოლაში და ალექსი მაჭავარიანის სახელობის N26 ხელოვნების სკოლაში. ამავე ტიპის სამუშაოები იგეგმება მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის N6 ხელოვნების სკოლაში და სუხიშვილის სახელობის სკოლა-სტუდიაში.

სოფიო ხუნწარიას თქმით, დასრულდა ილია ჭავჭავაძის მემორიალურ მუზეუმის რეაბილიტაცია. ასევე, გარემონტდა და კეთილმოეწყო სოსო და კოტე წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი.

როგორც მერის მოადგილემ თქვა, 2018 წელს გაიხსნა ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი, რომელიც პირველი ციფრული მუზეუმია თბილისში.

როგორც მერის მოადგილემ განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში და შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმში, ხოლო მომავალ წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს.

მისივე თქმით, 2019 წელს იგეგმება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სრული რეაბილიტაცია, რომელიც 2021 წელს დასრულდება.

სოფიო ხუნწარიამ ისაუბრა მუნიციპალურ ბიბლიოთეკებსა და მედიათეკებზე. მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს რეფორმა და მის ფარგლებში 320-ვე ბიბლიოთეკარი შეინარჩუნებს სამსახურს. გარდა ამისა, დაიწყება წიგნის საცავების მოწესრიგება, ხოლო მოგვიანებით ბიბლიოთეკების სარემონტო სამუშაოები.

„რასაკვირველია, საუბარია წიგნადი ფონდების შევსებაზეც. მიუხედავად იმისა, რომ მედიათეკები მულტიფუნქციურია და მულტიმედიურია, წიგნი არის მთავარი და ჩვენი პრიორიტეტია მკითხველის რაოდენობა გავზარდოთ“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.

როგორც სოფო ხუნწარიამ განაცხადა, 2018 წელს ოთხმა მუნიციპალურმა თეატრმა 14 პრემიერა წარმოადგინა და 400-ზე მეტი სპექტაკლი დადგა.

„აქ არ არის მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტის დასი მითითებული, რომელიც არაჩვეულებრივად მუშაობს. თითოეულ თეატრს აქვს ძალიან საინტერესო საგასტროლო ცხოვრება, საგანმანათლებლო პროექტები და ა.შ. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს პრობლემებიც და ამაზეც ვისაუბრებთ. ჩვენი სამი თეატრი ჭერის გარეშეა და ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ სამივე თეატრს ავაშენებთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მარიამ ალექსიძეს მიწა გადაეცა და ვიმედოვნებ, მომავალ წელს უკვე კაფსულას ჩავდებთ და დავიწყებთ თანამედროვე ბალეტის სცენის მშენებლობას”, - აღნიშნა მერის მოადგილემ.

მერის მოადგილის თქმით, მიმდინარე წელს, ვარკეთილსა და დიდ დიღომში დაიწყება თბილისის მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა. მისი თქმით, სპორტული ნაწილის გარდა, აქ მნიშვნელოვანი იქნება მედიათეკის, ბიბლიოთეკისა და სახელოვნებო სკოლის კომპონენტი.

როგორც სოფიო ხუნწარიამ აღნიშნა, წელს დაიწყება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია.

„სასახლე წლების განმავლობაში საჭიროებდა რეაბილიტაციას. უმძიმესი მდგომარეობაა. 4000 ბავშვს ემსახურება. უფრო და უფრო მზარდია მათი რაოდენობა. ამისთვის მადლობა თიკა რუხაძეს, რომელიც ძალიან აქტიურია ამ კუთხით და არაჩვეულებრივი პროგრამები აქვს მას დანერგილი. მადლობა მერს, რომ ვიწყებთ ამ სასახლის რეაბილიტაციას. წელს 8 მილიონი ლარია გამოყოფილი იმისთვის, რომ სამუშაოები ჩატარდეს. ორი წლის თავზე ჩვენ ვიხილავთ ამ შენობის სრულად რესტავრირებულ ისტორიულ ნაწილს. შვიდკაცას გუნდი შევიდა სასახლეში და მადლობა მათ ამისთვის, გარდა ამისა, შეიქმნა თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი. ეს არის სასწავლო პროცესში, შეიძლება ითქვას, რევოლუციური ნაბიჯი“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

მისივე თქმით, ორი ქალაქიდან ჩამოვა ახალგაზრდული ორკესტრები და გაიმართება ერთობლივი კონცერტები.

სოფიო ხუნწარიამ 2018 წელს, თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული პროექტების სტატისტიკაც წარმოადგინა. მისი თქმით, ჯამში 350 პროექტი დაფინანსდა, მათ შორის 47 ფესტივალი, 23 სპექტაკლი და 26 გამოცემა, რომელთა ნაწილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მოხვდა. გარდა ამისა, გასულ წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენად, თბილისის მერიის ინიციატივით მომზადდა ცნობილი ფოტოგრაფის - მარტინ პარის ფოტოალბომი თბილისის შესახებ. ხელოვანი თბილისში დედაქალაქის მერიის მოწვევით ჩამოვიდა.

მერის მოადგილის თქმით, 2018 წელს, პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში 33 ღონისძიება გაიმართა თბილისის ათივე რაიონში.

გარდა ამისა, 2018 წელს საქართველოში პირველად ჩატარდა თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა - TBILISI ART FAIR. ამავე წელს თბილისში, მერიის ხელშეწყობით, პირველი არქიტექტურული ბიენალე გაიმართა. ბიენალეს მთავარი თემა იყო „მხოლოდ შენობები არ კმარა". ასევე, ჩატარდა თბილისის ახალი დრამის ფესტივალი და გრაფიტის ფესტივალი.

მერის მოადგილის თქმით, თბილისი საფესტივალო ქალაქი უნდა გახდეს, თუმცა სოფიო ხუნწარიამ, ასევე, ხაზი გაუსვა საფესტივალო სივრცეების პრობლემებს. მისივე თქმით, იგეგმება ღია სცენების და სააფიშე სივრცეების მოწყობა.

კიდევ ერთი სიახლე, რომელზეც თბილისის მერის მოადგილემ ისაუბრა, წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე თბილისის მერიის სტენდით წარდგენაა. მისი თქმით, აქ გამოიფინება დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები და ამ ფორმით, მერია ხელს შეუწყობს იმ ავტორებს, რომელთა პროექტებსაც აფინანსებს.

გარდა ამისა, იგეგმება თბილისის ისტორიული ცენტრის - მტკვრის ჭალის გადაქცევა თანამედროვე ხელოვნების ახალ პლატფორმად. ვატო წერეთლის თანამედროვე ცენტრთან გვექნება ძალიან მასშტაბური ფესტივალი მტკვრის ჭალებში.

როგორც სოფიო ხუნწარიამ განაცხადა, იგეგმება ინოვაციური პროექტის - PUBLIC ART-ის და არქიტექტურული ინსტალაციის - „სიზმარი“ განხორციელება.

სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები იგეგმება დაძმობილებული ქალაქების ჩართულობითაც.

თბილისის მერიის ინიციატივით, წელიწადში ორჯერ გამოცხადდება კონკურსი „შემოქმედებითი თბილისი“, რომლის საკონკურსო მიმართულებებია: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ხელშეწყობა, ვიზუალური ხელოვნება - ფოტოგრაფია, თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა, ინსტალაციები, მხატვრობა და ქუჩის მხატვრობა.

სოფიო ხუნწარიას თქმით, მომავალ წელს თბილისს ექნება კულტურის დოკუმენტი თავისი სამოქმედო გეგმით.

კულტურის პოლიტიკის პრეზენტაციას კულტურის სფეროს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები, მერის მოადგილეები, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ.