28 თებერვალი, 2019

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

პირველი საკითხი, რომელზეც დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაა, რომელზე მუშაობაც მუნიციპალიტეტის მთავრობამ უკვე დაასრულა და დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს დღეს გადაუგზავნის.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დოკუმენტში მთლიანად იქნა გათვალისწინებული ყველა ის შენიშვნა, რაც საკრებულოს ჰქონდა და ხარვეზები გამოსწორებულია.

„დასრულდა დედაქალაქის მერიის და „სითი ინსტიტუტის“ ერთობლივი მუშაობა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე. ამ დოკუმენტის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, რომ რამდენიმე ხნის წინ, აღნიშნული დოკუმენტი თბილისის საკრებულომ ისევ მერიას გადმოუგზავნა, რომ ის ხარვეზები თუ შენიშვნები, რაც იყო მათი მხრიდან, გაგვეთვალისწინებინა. ჩვენ ვიმუშავეთ და ყველა ხარვეზი გამოსწორებულია, შენიშვნები მიღებულია და დღეს უკვე დოკუმენტს საკრებულოში გადავაგზავნით იმისთვის, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მივიღოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, დედაქალაქის სწორი და გრძელვადიანი განვითარება მოხდება და ქაოტური მშენებლობები თავიდან იქნება აცილებული.

„გენგეგმის სრულყოფილებისთვის ძალიან ბევრი სამუშაო იქნა გაწეული. თავდაპირველად, დოკუმენტთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს ვხედავდით. ძალიან შრომატევადი სამუშაო გაიწია. „სითი ინსტიტუტთან“ ერთად, ძალიან დაგვეხმარნენ ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო ექსპერტები და ერთიანი ძალისხმევით შევძელით ის, რომ მართლაც საუკეთესო დოკუმენტი გვაქვს. ამ დოკუმენტით, რომელსაც საკრებულო მიიღებს, შესაძლებელია თბილისის გრძელვადიანი, სწორი განვითარება, რომ თავიდან იქნას აცილებული ის სერიოზული პრობლემა, რომელიც დღეს ქალაქში ქაოტური მშენებლობების მხრივ გვაქვს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, გენგეგმის დოკუმენტის გარდა, ქალაქის სწორ განვითარებას ის ისტორიული გადაწყვეტილებაც წაადგება, რომელიც K2 კოეფიციენტის გაუქმებას უკავშირდება.

დედაქალაქის მერმა ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა პროექტზე უკვე გამოცხადებულია ტენდერები, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.

„ვიწყებთ კანდელაკის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას. ყველა დამეთანხმებით, რომ აღნიშნულ ქუჩაზე არსებული მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა - როგორც მიწის ზემოთ, ასევე, მიწის ქვეშ არსებული კომუნიკაციები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, შევძლებთ, რომ მთლიანად, ფუნდამენტურად მოვაწესრიგოთ მიწისქვეშა კომუნიკაციები. ასევე, დაიგება ასფალტის საფარი, დამონტაჟდება LED განათების სისტემა და მოეწყობა ტროტუარი, რათა გადაადგილება კომფორტულად იყოს შესაძლებელი. აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დაახლოებით, 1.5 მილიონი ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის მუნიციპალიტეტის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებასა და მეტროს შემადგენლობების განახლებაზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ თბილისის მეტროს კიდევ ორი ახალი, ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატა.

„თებერვალის დასაწყისში მოგახსენეთ, რომ თბილისის მეტროს ორი ახალი, ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატა. შესაბამისად, უფრო მეტი მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი. აქვე, ჩვენ პირობა დავდეთ, რომ თებერვლის ბოლოსთვის კიდევ ორი ახალი შემადგენლობა დაემატებოდა. ისინი უკვე მზადაა. მეტროს ორი ახალი, ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატება, თუმცა ჩვენ ასევე პირობა გვქონდა მოცემული, რომ 12 შემადგენლობა იქნებოდა რეაბილიტებული და განახლებული. ამაზე უახლოეს მომავალში ვიწყებთ მუშაობას და წლის ბოლოსთვის კიდევ რამდენიმე ახალი შემადგენლობა დაემატება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, მოცდის დრო შევამციროთ, განსაკუთრებით, პიკის საათებში. ჩვენი მიზანია, ეს დრო 2.5 წუთამდე დავიყვანოთ. სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, მეტროს მგზავრთა რაოდენობა 25%-ითაა გაზრდილი. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში ყველაზე კომფორტული, სწრაფი და მოწესრიგებული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, იგივე მიდგომაა ავტობუსებთან დაკავშირებითაც და არსებული ავტოპარკის ჩანაცვლება უკვე დაწყებულია.

კახა კალაძის განცხადებით, მაისის დასაწყისში თბილისში 90 ერთეული, MAN-ის ტიპის ავტობუსი შემოვა, წლის ბოლოსთვის კი ავტობუსების არსებული პარკის სრულად განახლება იგეგმება.

ამასთან, დედაქალაქის მერია საცხოვრებელ ფართებს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ დამატებით 20 ოჯახს გადასცემს. დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში კიდევ ერთი გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა.

„თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში კიდევ ერთი გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩვენთვის. აღნიშნული მიმართულებით, 3000-ზე მეტი ოჯახია დაზარალებული. ჩვენ დავდეთ პირობა, რომ ამ პრობლემას, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა, მოვაგვარებდით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. დაახლოებით, 183 ოჯახი ფართებით უკვე დაკმაყოფილებულია. აქედან 60 ოჯახს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართები უკვე გადაეცა. 123 ფართი კი მშენებლობის პროცესშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დღეს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ სამ ოჯახს უკვე დასრულებული ბინები გადაეცემა.

„დიდი დიღმის IV მიკრორაიონში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო პროექტის დასრულების შემდეგ, საცხოვრებელი ფართები 20 დაზარალებულ ოჯახს გადაეცემა. გარდა ამისა, დღეს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ სამ ოჯახს გადავცემთ უკვე დასრულებულ ბინებს. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ამ ადამიანებს, რომლებიც ფართებს წლების განმავლობაში ელოდებოდნენ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს დაპირება შესრულდეს და დაზარალებული ოჯახები ფართებით დაკმაყოფილდნენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, გარდა ამისა, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებულია კიდევ რამდენიმე ადგილზე - დიდი დიღმის IV მიკრორაიონში; დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე; არჩილ მეფისა და პეტრე იბერის ქუჩებზე.

„იმედი გვაქვს, რომ ინტერესთა გამოხატვა აქაც წარმატებით დასრულდება და შეირჩევა კომპანიები, რომლებიც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს ფართებით დააკმაყოფილებენ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადების მიღებას იწყებს. „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, დაფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია და სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე.

„დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ფარგლებში, რაც წლიურად 2250 ლარია, ხოლო სემესტრული - 1125 ლარი. მისი ოდენობა დამოკიდებული იქნება აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელზე და ქულების მიხედვით სტუდენტი მიიღებს 50, 70 ან 100 პროცენტიან დაფინანსებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელი იქნება 51 – 70 ქულა, სტუდენტი მიიღებს სწავლის საფასურის 50 პროცენტს. 71 – 90 ქულის შემთხვევაში, სწავლის საფასურის 70 პროცენტს, ხოლო თუ სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში აქვს 40 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა, 100-პროცენტიან დაფინანსებას. 91 – 100 ქულის მოპოვების შემთხვევაში სტუდენტს სწავლის საფასური 100 პროცენტით დაუფინანსდება; თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს 30%, 50% ან 70 % სახელმწიფო სასწავლო გრანტი, მას სწავლის საფასური შეევსება 100 პროცენტამდე.

დაფინანსების მისაღებად სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობის ასლი; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან; ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით; უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა; უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი; რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და სამოტივაციო წერილი.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დედაქალაქის მერმა ისაუბრა, ტაქსების რეფორმის ფარგლებში, ვიზუალური სტანდარტიზაციის პროცესის დაწყებაა, რაც ნებართვის მფლობელ ტაქსისტებზე ავტომანქანის ექსტერიერის გადაღებვისა და ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერების გაცემას ითვალისწინებს. ვაუჩერებს მიიღებენ 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ტაქსების მფლობელები, რომელთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გავლილი ექნებათ სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება.

„ტაქსების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, რომელსაც მეორე ეტაპს დავარქმევდი - ეს არის ავტომანქანების ვიზუალური სტანდარტიზაცია. პირველი მარტიდან მოხდება ორი სახის ვაუჩერის გაცემა, რაზეც ჩვენ აქამდე არაერთხელ გვისაუბრია. ერთია - მანქანის გადაღებვის ვაუჩერი, რათა ავტომანქანა გარეგან სტანდარტთან შესაბამისობაში მოვიდეს და მეორე - ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი. ამდენად, 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული მარცხენასაჭიანი, ხუთკარიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ტექნიკური ინსპექტირება, პროცედურის გავლიდან ორი კვირის ვადაში მიმართავენ მითითებულ მისამართებს და მიიღებენ ამ დასახელებულ ვაუჩერებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტაქსების მფლობელები ვაუჩერების მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურებზე თბილისის მერიის შესაბამისი შეტყობინების სისტემის მეშვეობით არიან ინფორმირებული.

„ნებართვის მფლობელ ტაქსისტებს, რომლებსაც ლიცენზია გააჩნიათ და ეკუთვნით ამ ვაუჩერების მიღება, უკვე მიუვიდათ SMS-შეტყობინებები. მათთვის ცნობილია ყველა ის პროცედურა, რომელიც საჭიროა ვაუჩერების მისაღებად და ასევე ის, თუ როგორ ისარგებლონ შემდეგში ამ ვაუჩერებით. ასევე, სათანადო ინფორმაცია განთავსებულია მერიის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - taxi.tbilisi.gov.ge, სადაც მითითებულია მისამართები, თუ სად შეუძლიათ ტაქსისტებს ამ ვაუჩერების მიღება“, - განმარტა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა საქართველოს პარლამენტს მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარია კონცეფციაზე, რომელიც ითვალისწინებს ამტვერებადი მასალით ჰაერის დაბინძურების კონტროლის მექანიზმებს, რაც მაქსიმალურად შეზღუდავს სამშენებლო, თუ სარეალიზაციო ობიექტებიდან, ასევე ტრანსპორტირების პროცესში სამშენებლო მასალის ჰაერში გაფრქვევას.

„არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვანი საკითხია და საზოგადოებაშიც აქტიურად განიხილება. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი მდგომარეობის გამოსწორებაა. ამ მიმართულებით საკმაოდ კომპლექსურ სამუშაოებს ახორციელებს როგორც მუნიციპალიტეტი, ასევე გამგეობები. თვალშისაცემია გამწვანება და ის პროექტები, რომლებიც უკვე დაწყებული გვაქვს, თუმცა ეს საკმარისი არ არის და სხვა მიმართულებებსაც მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს. კანონპროექტებს, რომელიც პარლამენტში გადავაგზავნეთ, დიდი მხარდაჭერა მოჰყვა. ამისთვის მადლობას ვუხდი პარლამენტს და განსაკუთრებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს. აღნიშნული კანონპროექტების მიხედვით, მათ შორის, სამშენებლო მასალების გადატანა-მოხმარების შესახებ, კანონში მთელი რიგი ცვლილებები შეგვაქვს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია კანონპროექტებს სხვა მიმართულებებითაც ამზადებს.

„ეს კანონპროექტებიც პარლამენტს გადაეგზავნება და დარწმუნებული ვარ, აქაც მაქსიმალური მხარდაჭერა გვექნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვასწოროთ ეკოლოგიური მდგომარეობა. ასევე, მნიშვნელოვანია ამ მხრივ ტრანსპორტის განახლება, ტექნიკური ინსპექტირება. ყველა მიმართულებით მუშაობა მოგვიწევს, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა შევცვალოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღმაშენებლის ხეივანში ქარის მიერ დაზიანებული საქართველოს სახელმწიფო დროშის აღდგენის დავალება გასცა.

„ქარმა და უამინდობამ თბილისის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. ვიცი, რომ გამგებლები და გამგეობები ზარალის დროულად აღმოფხვრის პროცესში მაქსიმალურად არიან ჩართული. ქარმა აღმაშენებლის ხეივანში არსებული სახელმწიფო დროშა დააზიანა. როგორც ვიცი, საყრდენი ბოძიც დაზიანებულია. მინდა, დაგავალოთ, დაიწყოთ ახალი პროექტის განხორციელება, რათა დროშას ამინდის გაუარესებამ პრობლემა არ შეუქმნას. ვავალებ მერიის ადმინისტრაციის უფროსს, იმუშაოს დიდუბის გამგეობასთან ერთად, რათა ეს პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სიახლეები