31 იანვარი, 2019

თბილისს ახალი ბიზნეს აქსელერატორი შეემატა

აღნიშნული პროექტით ახალგაზრდებს საკუთარი იდეების განხორციელებაში შევუწყობთ ხელს. ასევე, დავეხმარებით ბიზნესგეგმის შედგენასა და ბიზნესთან კომუნიკაციაში იმისთვის, რომ მათი იდეების რეალობად ქცევა შევძლოთ. ევროკავშირი ამ პროექტს 500 000 ევროთი აფინანსებს. თავის მხრივ, თბილისის მერიაც ამატებს თანხას პროექტში ახალგაზრდების ჩართულობის მხარდასაჭერად. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დარეგისტრირდეს, წარმოადგინოს პროექტი და იმ ადამიანებთან ერთად იმუშაოს, ვისგანაც მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ.

„პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აქ ვიმყოფებით, იმ ფართომასშტაბიანი ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში ხორციელდება და რომლის სახელწოდებაა - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“. მთლიანობაში, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის, რომლის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველომ ნიჭიერი ახალგაზრდები არ დაკარგოს, მილიონნახევარი ლარი დაიხარჯება. მზად ვართ, აქტიური თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა
კარლ ჰარცელმა.

პრეზენტაციის არაოფიციალურ ნაწილში სხვადასხვა მიმართულებით მოქმედი სტარტაპერების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. მიწვეულ სტუმრებს ქართული ინოვაციური და საინტერესო პროდუქციის დათვალიერების შესაძლებლობაც მიეცათ. პარალელურად, პარკის ტერიტორიაზე, მოეწყო „თბილისური ბაზარი“, სადაც 50-მდე მეწარმის მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ბიზნეს აქსელერატორის სამუშაო სივრცე თბილისის მერიისა და ევროკავშირის ინიციატივით, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის თანაპარტნიორობით შეიქმნა.

პროექტის მიზანს დასაქმების ხელშეწყობა, ქართველი მეწარმეებისთვის შესაძლებლობების გაზრდა და ინოვაციური ბიზნეს იდეების განხორციელება წარმოადგენს. დღეიდან, სამუშაო სივრცე თავისი სერვისებით ნებისმიერი ბიზნეს იდეის მქონე პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება.