30 იანვარი, 2019

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და იმ მასშტაბურ პროექტებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა, რომელთა განხორციელებასაც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური 2019-2020 წლებში გეგმავს.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მიმდინარე წელს მცირე და საშუალო ზომის პროექტებს თბილისის რაიონების გამგეობები განახორციელებენ.

„ყველა რაიონს საკმაოდ მასშტაბური პროექტები აქვს, რაც ჩვენს ქალაქს აუცილებლად დაეტყობა. ბევრი ქუჩა მოწესრიგდება, სკვერების რეაბილიტაცია მოხდება და ა.შ. ამ პროექტების განხორციელებაში 400 მილიონზე მეტი დაიხარჯება. ძირითადი სამუშაოები წელსვე სრულდება, თუმცა გვაქვს ისეთი პროექტები, რომელიც ორი წლის განმავლობაში დამთავრდება. მოსახლეობას ვპირდებით იმას, რომ ყველა სამუშაო ხარისხიანად შესრულდება, რათა დროსა და დატვირთვას გაუძლოს. გვინდა, რომ ყველგან ცვლილებები ფუნდამენტურად განვახორციელოთ - დაწყებული მიწისქვეშა კომუნიკაციებით, დამთავრებული განათებებით. ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი კაპიტალური ინვესტირება მუნიციპალიტეტის მიერ თბილისის ეკონომიკაში, რომელიც საკმაოდ მაღალ ბიძგს მისცემს ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას. გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება და მოსახლეობის შემოსავალი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, მისივე თქმით, გორგასალის ქუჩა საფეხმავლო გზა გახდება, სადაც საავტომობილო გვირაბის მოწყობა იგეგმება.

„მის ზემოთ მოვაწყობთ მწვანე სივრცეს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის იქნება განკუთვნილი. ეს ძალიან ამბიციური გეგმაა, თუმცა მას რეალობად ვაქცევთ. ასევე, მნიშვნელოვანია, ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია. ძველი თბილისისა და ისტორიული ძეგლების მნიშვნელობაზე არაერთხელ გვისაუბრია. ამ ყველაფერს მოწესრიგება და მოვლა-პატრონობა სჭირდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე, უნივერსიტეტის ქუჩის დაკავშირება წყნეთის გზატკეცილთან. ახალი ხიდი განტვირთავს მოძრაობას და შესაძლებელი იქნება, ვაკიდან საბურთალოზე გადასვლა.

„ძალიან საინტერესო პროექტია მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზა. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია ვითარდება, თუმცა არსებული გზა იმ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ, „112“-ის ცენტრალური ოფისიდან ჩამოვიყვანთ ახალ გზას, რომელიც მარშალ გელოვანის გამზირს პირდაპირ დაუკავშირდება. ეს პროექტი 2019 წლის ბოლოს დასრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია ვარკეთილსა და დიდ დიღომში განსახორციელებელი ორი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ, მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. რაც მთავარია, ეს კომპლექსები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, სადაც განთავსდება ჭიდაობის, კრივის, ფეხბურთის, კალათბურთის დარბაზები, საცურაო აუზები, მედიათეკა, ბიბლიოთეკა, კაფე-ბარი და ა.შ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობისა და მონიტორინგის მიზნით, დედაქალაქის მერიამ ახალი ვებგვერდი - build.tbilisi.gov.ge აამოქმედა.

„დღეს მინდა, შემოგთავაზოთ ახალი ვებგვერდი build.tbilisi.gov.ge, რომლის საშუალებითაც, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, ყველა ის პროექტი და სამუშაო იხილოს, რომელსაც დედაქალაქის მერია, გამგეობები ახორციელებენ. მოქალაქეებს შეუძლიათ, აღნიშნულ ვებგვერდზე მიუთითონ თავიანთი რაიონი, უბანი, ქუჩა და დეტალურად მიიღონ ინფორმაცია, თუ რა სამუშაოები სრულდება იქ. აქ განთავსებული იქნება ფოტომასალა სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ, ასევე, ინფორმაცია კონტრაქტორთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ვებგვერდი პროცესში მოსახლეობის ჩართულობას გაზრდის და შექმნის შესაძლებლობას, რომ მოქალაქეებმა თავიანთი საცხოვრებელი არეალის განვითარებას მონიტორინგი გაუწიონ.

თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთი ვებგვერდის შესახებ ისაუბრა, რომელიც 11 თებერვლიდან ამოქმედდება. ვებგვერდის - chargers.tbilisi.gov.ge საშუალებით, ელექტრომობილების მფლობელებს შეეძლებათ, თბილისის მერიას საცხოვრებელ სახლთან ელექტროდამტენების დამონტაჟება სთხოვონ. ელექტროდამტენები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დამონტაჟდება.

„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ეს საკმაოდ კომპლექსური პრობლემაა და მასშტაბური მიდგომა სჭირდება. მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულების მოწესრიგებით ამ პრობლემის მოგვარებას ვერ მოვახერხებთ, ამიტომ ძალიან ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ. ერთ-ერთი მიმართულება ისაა, რომ ხელს ვუწყობთ ქალაქში ელექტრომობილების შემოყვანას. როგორც იცით, მათი განბაჟება უფასოა. გარდა ამისა, ელექტრომობილების პარკირება უფასო იქნება. ამასთან, გვაქვს კიდევ ერთი სიახლე: შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge, რომელიც 11 თებერვლიდან ამოქმედდება. ნებისმიერ მსურველს, რომელსაც ელექტრომობილი ჰყავს, შეუძლია, აღნიშნულ ვებგვერდზე დარეგისტრირდეს, მოგვაწოდოს ინფორმაცია თავისი საცხოვრებელი ადგილის შესახებ და ჩვენ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, მზად ვართ, ელექტროდამტენები სახლთან დავუმონტაჟოთ. ეს ელექტრომობილების შემოყვანას წაახალისებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს ბიზნესთან და არის კომპანია, რომელსაც სურს ელექტრომობილების შემოყვანა საქართველოში. საუბარია ელექტრომობილების „გაზიარებაზე“, ანუ ავტომობილები განთავსებული იქნება ქალაქის სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა ქუჩაზე და აპლიკაციის საშუალებით მოქალაქე ისარგებლებს ამ ავტომობილით. გვქონდა კომუნიკაცია ბიზნესთან და ელექტროდამტენების უფასოდ დამონტაჟება, რომელზეც ვსაუბობთ, ბიზნესთან ერთად განხორციელდება, ანუ მუნიციპალიტეტი არაფერს დახარჯავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს თბილისში არსებული საფეხმავლო ხიდებიდან ნაწილის დემონტაჟი და მათ ნაცვლად, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელების მოწყობა იგეგმება.

„როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვახორციელებთ, ქვეითებისთვის განსაზღვრულ ადგილებს, მათ მოწესრიგებას, ასევე, „ზებრა გადასასვლელებს“ დიდი ყურადღება ეთმობა. სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, არსებული საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი მოგვიწევს, რომელიც საკმაოდ მოუხერხებელია, შშმ პირებისთვის არ არის ადაპტირებული და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ჩემი თხოვნაა, რომ მსგავსი ხიდების დემონტაჟი ყველა იმ ლოკაციაზე განვახორციელოთ, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელებს დაავალა, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა დაიწყონ.

„ყველგან, სადაც სამუშაოებს ვახორციელებთ, მაქსიმალური ყურადღება ეთმობა ქვეითთა უსაფრთხოებას და კომფორტს. ამიტომ, მინდა, დავავალო ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელებს, ერთობლივად დაიწყოს ამ ხიდების დემონტაჟი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა, ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც დაახლოებით, ხუთ თვეში დასრულდება. მისი თქმით, ხიდის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება დედაქალაქის მასშტაბით, 2015 წელს ჩატარებული კვლევის საფუძველზე მიიღეს.

თბილისის მერის განმარტებით, რამდენიმე დღეში მედიის წარმომადგენლებს ხიდზე არსებული მდგომარეობისა და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.

„ჩვენ ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ. თბილისის მასშტაბით, ყველა ხიდს კვლევები 2015 წელს ჩაუტარდა, რომლის მიხედვით, გარკვეული ხიდების რეაბილიტაციის საჭიროება განისაზღვრა. აღნიშნული ხიდის რეაბილიტაცია გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს და ჩვენც, შესაბამისად, ვახუშტის ხიდით დავიწყეთ. რამდენიმე დღეში შეგვეძლება, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე მივიდეთ და გაჩვენოთ, თუ რა მდგომარეობაშია რეალურად ხიდი. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 400 ათას ლარამდეა. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში, განახლდება ხიდის ბურჯები, განათებები, მოაჯირები და ყველაფერი იქნება რეაბილიტირებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გარდა ამისა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, უახლოეს მომავალში, დედაქალაქში ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება. თბილისის მერმა ევროკავშირს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის მიზანი დამწყები ბიზნესმენების შესაძლებლობების გაზრდა და ინოვაციური ბიზნეს იდეების განხორციელება, ასევე, დასაქმების ხელშეწყობაა.

„ბიზნეს აქსელერატორის სამუშაო სივრცე ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. ეს იქნება ერთგვარი ჰაბი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნეს იდეები გააჩნიათ, თუმცა არ აქვთ წვდომა იმ რესურსებთან, რომელთა დახმარებითაც, შეიძლება მათი იდეები ბიზნესგეგმად გარდაიქმნას. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული, საკმაოდ საინტერესო იდეები აქვთ, რომელთაც ამ პროექტის საშუალებით, მათ განხორციელებაში დავეხმარებით. გვაქვს კომუნიკაცია ბიზნესთან, რომელიც პროცესში აქტიურად არის ჩართული და ერთიანი ძალისხმევით, შევძლებთ, ამ საინტერესო იდეების განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, ბიზნესგეგმის მომზადების პროცესში, სპეციალისტებისგან კონსულტაცია მიიღონ, რაც ფინანსისტის, მარკეტინგის სპეციალისტის, ანალიტიკოსის კონსულტაციებს ითვალისწინებს.

ბოლო საკითხი, რომელზეც თბილისის მერმა ისაუბრა, ვარკეთილში, მესამე მასივში ავარიული კორპუსების - ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტია, რომლის განსახორციელებლადაც, მერია ინტერესთა გამოხატვას კიდევ ერთხელ აცხადებს.

დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ ამჯერად, აღნიშნული პროექტის მიმართ ინტერესი დიდი იქნება და თბილისში ავარიული კორპუსების ჩანაცვლება ეტაპობრივად დაიწყება.

„წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, თბილისში ბევრი ავარიული კორპუსი გვაქვს, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და მათი ჩანაცვლება აუცილებელია. ვარკეთილში, მესამე მასივში მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ სამ ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი უბნის განაშენიანებას ვგეგმავთ, რომელზეც ინტერესთა გამოხატვას ვაცხადებთ. პროექტის ფარგლებში, ვარკეთილში ავარიული „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება უნდა მოხდეს. რამდენიმე ხნის წინ გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. ამის შემდეგ გვქონდა შეხვედრა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, დეველოპერებთან, მშენებლებთან და გარკვეული წინადადებაში ცვლილებები შევიტანეთ. ამჯერად, მთელი მთავრობის მოლოდინია, რომ პროცესს მაღალი ინტერესი მოჰყვება. ეს საპილოტე პროექტია და მგონია, რომ წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ავარიული შენობების ჩანაცვლებას ეტაპობრივად დავიწყებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, კონკრეტული პროექტისა და ინტერესთა გამოხატვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მერიის ვებგვერდზე განთავსდება. დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ, მერიის ეკონომიკის განვითარების საქალაქო სამსახურს მიმართონ.

„სამ ჰექტარ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს დაახლოებით, 75 ათასი კვადრატული მეტრის ფართი. შემოსათავაზებელი ფართები მინიმუმ 7 500 კვადრატული მეტრია. გამარჯვებული იქნება ის, ვინც უფრო მეტ ფართს შემოგვთავაზებს. დარწმუნებული ვარ, რომ ინტერესი საკმაოდ მაღალი იქნება და შესაბამისად, ჩვენ იმ ოჯახების დაკმაყოფილებას შევძლებთ, ვინც წლების განმავლობაში, ავარიულ სახლებში ცხოვრობს. ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, ინფორმაცია განთავსებული იქნება მერიის ვებგვერდზე. თუ დამატებითი ინფორმაცია დაგჭირდებათ, შეგიძლიათ მიმართოთ ეკონომიკის განვითარების საქალაქო სამსახურს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები