28 იანვარი, 2019

შეხვედრა გაზის უსაფრთხოების საკითხებზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და “ყაზტრანსგაზ ჯორჯიასთან” ერთად ვიმსჯელეთ თბილისში არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში გაზის გაყვანილობების შიდა ქსელის უსაფრთხოების გზებზე და პრევენციულ ღონისძიებებზე. უკვე დაწყებულია მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე და ამ პროცესში დედაქალაქის მერია აქტიურად ჩაერთვება, იქნება ეს ექსპლუატაციაში მიღება, უსაფრთხოების სტანდარტების მიღწევა თუ სხვა მიმართულება.
გაზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით პასუხისმგებლობის გამკაცრებაზეც. განვიხილეთ თუ როგორი უნდა იყოს მიდგომები ახალ მშენებლობებთან და უკვე არსებულ საბინაო ფონდთან დაკავშირებით.
თბილისის მერია მსჯელობს, დააბრუნოს რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიღებამდე ცხოვრების, შესახლების შეზღუდვას და ზოგადად, კორპუსი არ ჩაიბაროს მერიამ, ვიდრე შესაბამისი სადისტრიბუციო კომპანიები არ დაადასტურებენ, რომ იქ სათანადოდ არის უზრუნველყოფილი ქსელის გაყვანა და მისი მონტაჟი.