22 იანვარი, 2019

კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კახეთის გზატკეცილზე, მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპებად დავყავით. გვინდოდა, რომ ორივე ზოლი მოწესრიგებული ყოფილიყო, რადგან კომუნიკაციების მოწესრიგებითა და მიწისქვეშა სამუშაოებით, კახეთის გზატკეცილის ცენტრალური გზის სრული რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი. პირველ ეტაპზე, სათადარიგო ზოლების მოწესრიგება გადავწყვიტეთ. აქაც მთლიანად გამოცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოწესრიგებულია ყველაფერი, რათა გზის გადაკეტვის დროს, ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იყოს. დარწმუნებული ვარ, როდესაც ცენტრალური გზის, თარგების მოწესრიგებისა და გამწვანების ჩათვლით, ყველა სამუშაო დასრულდება, ქალაქისთვის ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი პროექტი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო არეალი 7.3 კილომეტრს მოიცავს, რომლის ფარგლებში, ტროტუარი და ბორდიური მოეწყობა, ასფალტის საფარი კი სავალ ნაწილზე, დაახლოებით, 70 000 კვ. მეტრზე დაიგება. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მიმდინარეობს საკომუნიკაციო ქსელის მოწესრიგება, დაზიანებული სანიაღვრე ქსელის აღდგენა და ახლის მოწყობა.

გასულ წელს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდება, შპს „ბლექ სი გრუპი“ აწარმოებს. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 10 357 000 ლარი დაიხარჯება.

კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მერთან ერთად, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ, ისნისა და სამგორის გამგებლებმა, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა დაათვალიერეს.
 

მსგავსი სიახლეები