20 იანვარი, 2019

გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის კონგრესის გახსნა

დღეს, აქ სწორედ ის ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ქმნიან ტურისტულ ამინდს. მე, რა თქმა უნდა, როგორც თბილისის მერი, მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა იმართება საქართველოს დედაქალაქში. ძალიან მიხარია, რომ თბილისი შედის ტოპ ათეულში იმ ქალაქებს შორის, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა მოინახულოს.

როგორც ვიცი, გარდა კონგრესის ძირითადი სამუშაო ნაწილისა, ღონისძიება მოიცავს თბილისის პრე და პოსტ ტურებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის, ასევე, ჩვენი სტუმრებისთვის. ღონისძიების ფარგლებში, ზოგიერთი მონაწილე პირველად, ხოლო სხვები კიდევ ერთხელ გაეცნობიან ჩვენი პატარა და მრავალფეროვანი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს.

გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია ტურისტული გიდების საერთაშორისო სტანდარტებს განსაზღვრავს და ნაციონალური თუ მსოფლიო ტრენერების მომზადებას უზრუნველყოფს. საერთაშორისო კონგრესს 60 ქვეყნის 100-ზე მეტი ტურისტული გიდი და ტურიზმის ბიზნესის წარმომადგენელი ესწრება. ღონისძიებას თბილისი 20 იანვრიდან 25 იანვრამდე უმასპინძლებს.