26 დეკემბერი, 2018

დედაქალაქის მთავრობის 2018 წლის ბოლო, 44-ე სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ დღეს 2018 წლის ბოლო, 44-ე სხდომა გამართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და მიმდინარე წელი მოკლედ შეაჯამა.

მისი თქმით, 2018 წელს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი სამუშაო იქნება შესასრულებელი.

„საკმაოდ საინტერესო წელი იყო 2018. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. იყო გამოწვევები და პრობლემები, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ ღირსეულად ვუპასუხეთ ყველა მათგანს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქში ყველაფერი მოწესრიგებულია და ყველა პრობლემა მოგვარებულია, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი გვექნება სამუშაო და უფრო მეტი გვექნება გასაკეთებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოსახლეობას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ჩვენ ამას ვგრძნობთ და დარწმუნებული ვარ მომავალშიც ვიგრძნობთ. ეს დამატებით სტიმულსა და შემართებას გვაძლევს, რომ ღირსეულად ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს, თბილისს და თბილისელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ერთწლიანი მუშაობისთვის, ასევე, მადლობა გადაუხადა თბილისის მერიის თანამშრომლებს და კიდევ უფრო აქტიური, ნაყოფიერი და ქალაქის განვითარების ახალ საფეხურზე გადამყვანი წელი უსურვა.

მთავრობის სხდომაზე კახა კალაძე თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის საკითხსაც შეეხო.

დედაქალაქის მერის განცხადებით, 2019 წლის ბიუჯეტით, რომელიც გუშინ დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა, უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება.

„გუშინ საკრებულომ დაამტკიცა თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი, რომელიც საწყის ეტაპზე 927 მლნ ლარის ოდენობითაა წარმოდგენილი. პირველ რიგში, მინდა, საკრებულოს მადლობა გადავუხადო ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერისთვის. მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტებია გათვალისწინებული 2019 წლის ბიუჯეტში. მისი ოდენობა აღემატება 2018 წლისას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ 2019 წელი მუნიციპალიტეტისთვის კიდევ უფრო აქტიური და შედეგიანი იქნება, დედაქალაქისთვის კი უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას შევძლებთ. წლევანდელი ბიუჯეტი გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით (861 მლნ) გაზრდილია 66 მლნ ლარით. თუმცა 2019 წლის დასაწყისში ბიუჯეტი ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურული, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებებისთვისაა განსაზღვრული.

„დაახლოებით 327 მლნ ლარი იქნება ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები, რაც წინა წელთან შედარებით 20 მლნ ლარით მეტია. ბიუჯეტის 38%-ზე მეტს შეადგენს ინფრასტრუქტურული ხარჯები - 357 მლნ ლარია. თუმცა ამას კიდევ დაემატება თანხა და საბოლოო ჯამში 430 მლნ-ს მიაღწევს. ეს არის რეკორდული თანხა, რაც ბოლო წლების განმავლობაში, და ზოგადად თბილისში, ამ მიმართულებით დახარჯულა. მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია, რომ 2019 წელს, 11 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება; დამატებით 20 მლნ ლარია გამოყოფილი ავარიული ბაღების შენობების ჩანაცვლება-რეკონსტრუქცია-გამაგრების სამუშაოებისთვის; მნიშვნელოვანი ხარჯებია გათვალისწინებული გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების რეაბილიტაციის დასრულებისთვის და მშრალი ხიდის რეაბილიტაციისთვის; გათვალისწინებული გვაქვს თანხები კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციისთვის. ეს არის ცენტრალური მაგისტრალი და აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული. მარცხენა სათადარიგო ზოლზე სამუშაოები მთლიანად დასრულებულია, მარჯვენაზე რამდენიმე კვირაში დასრულდება და მომავალ წელს უკვე ცენტრალური მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. ამაში შედის მიწისქვეშა კომუნიკაციები, განათების ბოძები, გამწვანება და ა.შ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, 2019 წლის ბიუჯეტს დაემატება ფინანსთა სამინისტროდან მოზიდული თანხები, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას მოხმარდება, მათ შორის, ფიროსმანის ქუჩის, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას, მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას.

„ასევე, დაიწყება თანამედროვე სტანდარტის ნაგავსაყრელი პოლიგონის მოწყობის სამუშაოები, იქ კატასტროფულად მძიმე სიტუაციაა და მისი მოწესრიგება პრიორიტეტულია, რომ თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს მივაღწიოთ, ისე, როგორც განვითარებულ ქალაქებშია. ასევე, ვგეგმავთ ორი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობას - ვარკეთილსა და დიდ დიღომში. ვაკის რაიონში - ილია ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას ვაპირებთ, მისწისქვეშა კომუნიკაციებით, განათებებით, გამწვანებით. გლდანში ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. ამასთან, მნიშვნელოვანია მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა, რომელიც 2019 წელს დაიწყება. ეს არის ლისიდან ჩამოსასვლელი ახალი გზა, რომელი „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ჩამოვა და გელოვანის გამზირს დაუკავშირდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ბოლო დროს დედაქალაქში საგზაო მოძრაობის ცალკეული წესის უგულებელყოფაზეც ისაუბრა, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლებში კერძო ავტომანქანების გადაადგილებასა და ველობილიკებზე პარკირებაში გამოიხატება.

„შემთხვევითი არ არის, რომ ავტობუსებისთვის განკუთვნილი გვაქვს სპეციალური ზოლები, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს ყველაზე კომფორტული. ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში, ჩვენ შევეცდებით, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ისარგებლოს კიდევ უფრო მეტი უპირატესობით და შევზღუდოთ კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოხმარება. პრობლემა ისაა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც ავტობუსის ზოლზე მოძრაობენ ავტომანქანები, რაც დარღვევაა. მინდა, ვთხოვო ირაკლი ხმალაძეს, მჭიდრო კომუნიკაცია გქონდეთ საპატრულო პოლიციასთან, მათი მხრიდან არის სრული მზაობა. საუბარი მქონდა მინისტრ გიორგი გახარიასთან და მაქსიმალური მხარდაჭერა გვაქვს. თუ საჭიროა, აუცილებლად დავაყენოთ კამერები, რომ დამრღვევები დაჯარიმდნენ. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს ზოლები განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რათა ადამიანებმა გადაადგილება შეძლონ სწრაფად და კომფორულად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე, დარღვევაა ველობილიკებზე ავტომანქანების გაჩერება ასეთ შემთხვევებზე რეაგირება უნდა გამკაცრდეს.

„იგივე დამოკიდებულება მაქვს ველობილიკებთან დაკავშირებით. ეს ხომ ჩვენი ახირება არ არის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საერთაშორისო სტანდარტებით, როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია და ახლის გამოგონებას არ ვაპირებთ. გვინდა, ხელი შევუწყოთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს. ველობილიკები იმისთვის კეთდება, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა იყოს ფეხით გადაადგილებისა და ველოსიპედით სარგებლობისთვის. ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე გვექნება ის მიდგომები, რაც კოსტავა-შარტავას კონკრეტული მონაკვეთის რეაბილიტაციისას გვქონდა. ჩემი თხოვნა იქნება, ჩაერთოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაც, რომელიც პარკირების მონიტორინგს ახორციელებს და ამ მიმართულებით რეგულაციები გავამკაცროთ. თუ გასაზრდელია ჯარიმები, მივიღოთ გადაწყვეტილება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მსგავსი პრობლემაა ტაქსის სადგომებთან დაკავშირებითაც. კერძოდ, რეგისტრირებული ტაქსისთვის ქალაქში პირველად გამოიყო სპეციალური ადგილები, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ ადგილებზე გაჩერებულია სხვა კერძო სატრანსპორტო საშუალებები, რაც ასევე დარღვევაა.

„ესეც დასარეგულირებებლია. როდესაც რაღაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, ის თუ არ აღვასრულეთ, იმ რეფორმას ფასი საერთოდ დაკარგული აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საახალწლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი თქმით, 28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ყოველდღიურად გაიმართება კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და გასართობი შოუები.

„28 დეკემბერს ჩვენ ვხსნით საახალწლო სოფელს, რომელიც იქნება ჯადოსნური, მართლაც ძალიან ლამაზი იქნება და მინდა ყველა დავპატიჟო: მობრძანდით თქვენი შვილებით, შვილიშვილებით. ყველა თაობის ადამიანს ვიწვევს 28-ში, საღამოს 8 საათზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, თოვლის ბაბუაც გზაშია და თბილისში 28 დეკემბერს შემოვა.

„დღეს მქონდა კომუნიკაცია და „სკაიპით“ ვესაუბრე თოვლის ბაბუას. გზაშია და ძალიან მალე გაახარებს ჩვენს პატარებს. ასე რომ, 28-ში გელოდებით ყველას, მობრძანდით და ერთად დავხვდეთ თოვლის ბაბუას. გარდა ამისა, ამავე დღეს იქნება „გუფი ლენდის“ კონცერტი და შოუს გააგრძელებს დიჯეი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა განმარტა, ყველა საახალწლო ღონისძიება, რომელიც დაგეგმილია მომდევნო დღეებში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

„31 დეკემბერს, 23:00 საათიდან დაიწყება გალაკონცერტი, ხოლო 13 იანვარს, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მოვუსმინოთ ნინო ქათამაძეს. 29 დეკემბერს გაიმართება თბილისის „ბიგ ბენდის“ კონცერტი; 30 დეკემბერს გიორგი მანაგაძის ბენდი და ჯგუფი „ლაუდ სფიქერს“ გამართავს კონცერტს, კვლავ რესპუბლიკის მოედანზე. ყველა ღონისძიება იქნება საახალწლო სოფელში.

ძალიან ხშირად გვწერენ, რატომ არ არის ღონისძიებები სხვადასხვა რაიონებში. ჩვენ შარშან სამ ლოკაციაზე გვქონდა საახალწლო კონცერტი: ევროპის მოედანზე, ვარკეთილსა და გლდანში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მეტი რაოდენობა წარმოდგენილი იყო ცენტრში, გლდანში 20 კაცი ესწრებოდა კონცერტს და ვარკეთილში ცოტა მეტი. ადგილობრივი მოსახლეობა, პირიქით, გვსაყვედურობდა, რომ ახალი წელი არის იმისთვის, რომ ყველა ერთად შევიკრიბოთ და ყველამ ერთად აღვნიშნოთ ახალი წლის შემობრძანება. წელს, 31 დეკემბერს, გეპატიჟებით ყველას მთავარ ნაძვის ხესთან, მეც თქვენთან ერთად ვიქნები ჩემი ოჯახით და ერთად შევხვდეთ ახალი 2019 წლის შემობრძანებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა, ასევე, განმარტა საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებული შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელების აუცილებლობა და განაცხადა, რომ ამ თანხის ძირითადი ნაწილი მუსიკოს-შემსრულებელთა ჰონორარებისთვისაა განკუთვნილი.

„1 778 800 ლარია გათვალისწინებული გამარტივებული შესყიდვისთვის და ამ თანხის ძირითადი ნაწილი არის მომღერლების ჰონორარები. ამ ტიპის მომსახურების შესყიდვა, რა თქმა უნდა, ტენდერით ვერ მოხდებოდა და თუ ვინმე მეტყვის, ტენდერით როგორ შევარჩიო მომღერალი, ხმით შევარჩიო თუ ტემბრით შევარჩიო, რა თქმა უნდა, ჩემთვის უკეთესი იქნება, რომ ტენდერის გზით წავიდეთ და რაიმე კითხვები არ გაჩნდეს გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა ესეც კანონიერების ფარგლებში მიმდინარეობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში 1200-მდე მუსიკოს-შემსრულებლის და 270 ტექნიკური თანამშრომლის ჰონორარი, სხვადასხვა სახის საახალწლო ატრიბუტიკა და ბუტაფორია, 50-მდე კონცერტი, აქტივობა და გალაკონცერტის მომზადება ფინანსდება.

მსგავსი სიახლეები