19 დეკემბერი, 2018

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

თბილისის მერი პირველ რიგში, აღმაშენებლის გამზირზე მოჭრილი დაავადებული ფიჭვების საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მათ ნაცვლად, ჯანსაღი ხეები დაირგვება.

„გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტომასალა, თითქოს, თბილისის მერია ხეებს უკანონოდ ჭრის. საუბარი იყო აღმაშენებლის გამზირზე. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა. ამავდროულად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა არ დააყოვნა და ამ სიცრუეს ჩვეულ რეჟიმში სიუჟეტი მიუძღვნა. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაავადებული ფიჭვები ნამდვილად მოიჭრა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. ეს ყველაფერი კი გაკეთდა იმისთვის, რომ ჯანსაღი ხეების დაზიანების ფაქტები თავიდან ავირიდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ბევრი დაზიანებული ხეა, რომელთა ჩანაცვლებაზეც შესაბამისმა სამსახურებმა უნდა იზრუნონ.

„სამწუხაროდ, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ბევრი დაავადებული ხე გვაქვს. რა თქმა უნდა, შესაბამისმა სამსახურებმა მათ ჩანაცვლებაზე უნდა იზრუნონ, რათა სხვა ხეები არ დაზიანდეს. დაავადებული ხეებისგან მოქალაქეებმა სხეულის დაზიანებაც კი მიიღეს. ამიტომ, ეს ყველაფერი თავიდან უნდა ავიცილოთ. პრევენციის მიზნით, აუცილებლად განახორციელეთ შესაბამისი ღონისძიებები. ამის მოთხოვნა იმ სპეციალისტების მხრიდანაც არის, ვისაც აღნიშნული მიმართულება ძალიან კარგად ესმის. მოჭრილი ხეების ნაცვლად, აუცილებლად ახალი ხე-მცენარეები დაირგვება, რომელიც ნუსხით წინასწარ არის დამტკიცებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო სტრუქტურებს მოუწოდა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის არცერთი ტყუილი ყურადღების მიღმა არ დატოვონ. კახა კალაძემ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საბჭოს გადაწყვეტილება წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებმა ქარტიის ორი პრინციპი დაარღვიეს: პირველი, რომელიც ზუსტი ჟურნალისტს ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს და მე-11, რომლის თანახმადაც, ფაქტის განზრახ დამახინჯება უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად მიიჩნევა.

„მათ წინააღმდეგ ქარტიას დავით მახარაშვილმა მიმართა. ის მიიჩნევდა, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს, საინფორმაციაო გადაცემა „კურიერში“, კახა კალაძის ბრიფინგიდან ინფორმაცია არასწორად გაავრცელეს. 16 ნოემბერს წინასაარჩევნო პერიოდი იყო, საარჩევნო კამპანიის რეჟიმში ვიყავით და მე ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გავმართე. ინფორმაცია არასწორად იყო გავრცელებული „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მხრიდან. კერძოდ, ისე წარმოაჩინეს თითქოს, თბილისის მერი ქართველ სამხედროებს 2008 წლის ომში თანამებრძოლების ცხედრების მიტოვებაში ადანაშაულებდა. განმცხადებლის თქმით, მსგავსი რამ კახა კალაძეს არ უთქვამს. ამის დასტურად კი, ბრიფინგის სრული ვერსია წარმოადგინა. ქარტიის საბჭომ მსჯელობის შემდეგ დაადგინა როგორც სიზუსტის დარღვევა, ისე ფაქტის განზრახ დამახინჯება. ეს არის ის, რამეც ყოველ მთავრობის სხდომაზე მიწევს საუბარი. ეს არის პასუხი იმ სიცრუეზე, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კონკრეტული ფაქტების დამახინჯება და მოსახლეობისთვის ინფორმაციის არასწორად მიწოდება მიზანმიმართულად ხდება.

„ყოველთვის მაქსიმალურად ვეცდებით, ჩვენს მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. ამავდროულად, მინდა, მოვუწოდო ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, ეს იქნება სამინისტროები, სხვადასხვა უწყებები, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის არცერთი ტყუილი არ დატოვონ ყურადღების მიღმა. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვაკეთოთ საქმე, უნდა ვიფიქროთ მომავალზე, განსახორციელებელ პროექტებზე, მაგრამ ამავდროულად, სიცრუეს, დეზინფორმაციას შესაბამისი რეაგირება და პასუხის გაცემა აუცილებლად სჭირდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძე ქალაქგეგმარების თვალსაზრისით არასწორ ადგილზე განთავსებული ჯიხურების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ თბილისის მერია მათ მფლობელებს დამატებით ვადას განუსაზღვრავს. მისი თქმით, სამიდან ექვს თვემდე ვადაში, კანონმდებლობით დაუშვებელ ადგილებში განთავსებული ჯიხურების ადგილმონაცვლეობა უნდა მოხდეს.

„დაახლოებით, ექვსი წლის წინ, თბილისის მაშინდელმა მთავრობამ კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო - ქალაქში დაახლოებით, 2500 ჯიხური განათავსა. ყველაზე ცუდი ამ ყველაფერში ის არის, რომ მათი დიდი ნაწილი ქალაქგეგმარების თვალსაზრისით, არასწორ და ზოგ შემთხვევაში, კანონმდებლობით დაუშვებელ ადგილებშია განთავსებული, რაც გარკვეული პრობლემების მიზეზი ხდება, როგორც ქვეითად მოსიარულეებისთვის, ასევე ტრანსპორტისთვის. ხსენებული ჯიხურების უმრავლესობას სულ ახლახან გაუვიდა იჯარის ვადა და შესაბამისად, დღეს, იმ გარემოებაში გვიწევს გადაწყვეტილების მიღება, როდესაც ეს 2 500 ჯიხური დაახლოებით, ამდენივე და ალბათ კიდევ უფრო მეტი ადამიანის ერთადერთი შემოსავლის წყაროა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კანონმდებლობით დაუშვებელ ადგილებში განთავსებული ჯიხურების მფლობელებს საკუთარი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა ადგილმონაცვლეობის შემდეგ მიეცემათ.

„თბილისი არ უნდა იყოს და რა თქმა უნდა, არ იქნება ჯიხურების ქალაქი. ყველა ის ჯიხური, რომელიც მდებარეობიდან გამომდინარე პრობლემური არ არის, თავის ადგილზე დარჩება, ხელახლა გამოცხადდება აუქციონები და მათ მიეცემათ შესაძლებლობა, საკუთარი საქმიანობა ახალი ვადით განაგრძონ. დეტალურად გვაქვს აღრიცხული ყველა ის ობიექტი, რომელიც ქალაქგეგმარების თვალსაზრისით, არასწორ ადგილზეა განთავსებული. ასეთ ჯიხურებს მერია დამატებით ვადას - სამიდან ექვს თვემდე განუსაზღვრავს. მოხდება იჯარის ვადის გადაცილებიდან დღემდე უკანონოდ ყოფნის პერიოდის ლეგალიზება და მიეცემათ დამატებითი ვადა, რა დროსაც მათ ექნებათ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერია ბიზნესსექტორისთვის 21 დეკემბერს, საქალაქო მნიშვნელობის პროექტების პრეზენტაციას გამართავს. თბილისის მერმა პრეზენტაციაზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მიიწვია, რომლებიც აღნიშნული პროექტების განხორციელების დეტალებით არიან დაინტერესებული.

„ჩემს წინასაარჩევნო დაპირებებს საქალაქო მნიშვნელობის პროექტები მიეკუთვნებოდა. ეს არის თბილისის სატელევიზიო ანძის რეაბილიტაცია, რაზეც წინა სხდომაზეც ვისაუბრე და მუხიანში რადიოქალაქის პროექტი. ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში თითოეული ამ პროექტის კონცეფციაზე ვმუშაობდით. კვალიფიციური, გამოცდილების მქონე კომპანიები კერძო სექტორიდან, ორივე პროექტზე განვითარების დეტალურ კონცეფციებს ამზადებდნენ. ამ კომპანიებს შესაბამისი გამოცდილება გააჩნიათ და არაერთი ასეთი პროექტი აქვთ განხორციელებული. ვაპირებთ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შევხვდეთ, რომ მათ ორივე პროექტის დეტალები გავაცნოთ. შეხვედრა 21 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება. აღნიშნული პროექტების განხორციელება ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაახლოებით, 250 ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა გაჩნდება. საერთო ჯამში, ორივე პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი აშშ დოლარია. ეს უნდა განახორციელოს ბიზნესსექტორმა, იმიტომ, რომ მათთვის ორივე საკმაოდ საინტერესო პროექტია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რადიოქალაქის პროექტი, რომელიც უპრეცედენტოა, ორი-სამი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

„სატელევიზიო ანძაზე საუბარი უკვე გვქონდა. მოსახლეობას ინფორმაცია დეტალურად მივაწოდეთ, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ. რაც შეეხება რადიოქალაქს, ის იქნება მრავალფუქნციური, გასართობი, საქალაქო მნიშვნელობის, უპრეცედენტო პროექტი, რომელიც მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ამ პროექტით მთელი თბილისის მოსახლეობა ისარგებლებს. ამიტომაც, პარასკევს, 21 დეკემბერს ველოდები ყველა იმ დაინტერესებულ პირს, ბიზნესმენს, ვისაც სურვილი ექნება ზუსტი ინფორმაცია მიიღოს, რომ შემდეგ ამ პროექტების განხორციელება მოხდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

დედაქალაქის მერმა თბილისში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი ოთხკილომეტრიანი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულებულია. პროექტზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ამ ეტაპზე, აღნიშნული მონაკვეთი სრულად რეაბილიტირებულია.

მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ორ ავარიულ ხიდს ჩაუტარდა, ასფალტის საფარი კი, 25 000 კვადრატულ მეტრზე დაიგო.

„ადგილობრივებს და იმ ადამიანებს, ვისაც ამ გზით სარგებლობა უწევთ, კომფორტულად მგზავრობის შესაძლებლობა მიეცათ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, სამწუხაროდ, ქალაქში ისეთი ადგილები რჩება, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა არ არსებობს, წყალარინების ქსელი და სანიაღვრე სისტემა მოუწესრიგებელია, წყლის პრობლემა არსებობს. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი სამუშაო გვექნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დედაქალაქში არცერთი ქუჩა და საუბნო გზა მოუწესრიგებელი არ დარჩეს. დარწმუნებული ვარ, იმ შემართებითა და სულისკვეთებით, რაც ჩვენს სამსახურებში იგრძნობა, ამას აუცილებლად მოვახერხებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დედაქალაქის მერი შეეხო, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესია. საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად ამჯერად, დედაქალაქში მცხოვრებ 16 ოჯახს გადაეცემა.

„დღეს თბილისის მთავრობა 16 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაცემის საკითხს განიხილავს. დიდი ხანია უკვე, რაც ეს პროექტი დავიწყეთ. ეს ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო და დღეს 16 ოჯახს გავაბედნიერებთ. მათგან 11 საცხოვრებელი ფართი მარუაშვილის ქუჩაზეა, ხოლო დანარჩენი ხუთი - გლდანის VII კვარტალში, მოსკოვის გამზირზე, აღმაშენებლის N189-ში, ლილოსა და საქსოვმანქანის დასახლებებში. მინდა მივულოცო ამ საცხოვრებლებში შესახლებულ ოჯახებს. ისინი აღნიშნულ მისამართებზე წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, სადაც თაობები, შვილები, შვილიშვილები გამოზარდეს და ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. კერძოდ, 31 დეკემბრის 23:00-დან, 74 მარშრუტზე 156 ერთეულამდე ავტობუსი, 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.

„ტრადიციულად წელსაც, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს და დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება. 31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენის“, ავტობუსებისა და საბაგირო „რიყე-ნარიყალას“ სამუშაო საათები გახანგრძლივდება და მგზავრებს უფასოდ გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. ამ რეჟიმში „მეტროპოლიტენი“ და ავტობუსები იმუშავებს 31 დეკემბრის 23:00-დან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ხოლო საბაგირო - 03:00 საათამდე. დედაქალაქში 74 მარშრუტზე 156 ერთეულამდე ავტობუსი, ძირითადად, 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ისინი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე - პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანენ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განცხადებით, შობის ღამეს „მეტროპოლიტენი“ მგზავრებს გახანგრძლივებული გრაფიკით, უფასოდ მოემსახურება. მეტრო 7 იანვარს, 00:00-დან 04:00 საათამდე იმუშავებს.

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას ინფორმაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტის პარალელურად, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიის შესახებაც მიაწოდა და თბილისელები პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაპატიჟა. ნაძვის ხე 22 დეკემბერს, 20:00 საათზე, საზეიმოდ აინთება.

„22 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთება, სადაც მინდა დედაქალაქის მოსახლეობა დავპატიჟო, რომ შვილებით, შვილიშვილებით მობრძანდნენ. საკმაოდ საინტერესო სანახაობა იქნება, გრანდიოზული ცერემონია გაიმართება. კიდევ ერთხელ მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ 22 დეკემბერს, 20:00 საათზე მობრძანდეთ, რათა ნაძვის ხე ერთად ავანთოთ და სურვილები ერთად ჩავიფიქროთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ბოლო საკითხი, რომელზეც კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა, ახალი წლის დღეებში გარევაჭრობისთვის ნებადართული 20-მდე ლოკაციაა. კონკრეტული ადგილები დედაქალაქის ათივე რაიონში გამოიყოფა, სადაც მოქალაქეებს საახალწლოდ თავიანთი პროდუქტების გაყიდვის შესაძლებლობა ექნებათ.

აღნიშნული ადგილებია:

გლდანი

• მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია;

• მარატ ნოზაძის ქუჩა;

• მუხიანი, ნოდარ დუმბაძის გამზირი, II მ/რ;

ნაძალადევი

• მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორია;

• მეტროსადგურ „ნაძალადევის“ მიმდებარე ტერიტორია;

დიდუბე

• „დინამოს“ ბაზის მიმდებარედ, პაიჭაძისა და მიქელაძის ქუჩების კვეთა;

• მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ, ტრანსპორტის ქუჩა;

• დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ, წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩები;

ვაკე

• მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორია;

• მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორია;

საბურთალო

• ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ, შარტავას ქუჩა;

• სპორტის სასახლის მიმდებარედ;

ისანი

• ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ, მეველეს ქუჩა;

• ვაზისუბანი, I მიკრორაიონის მე-12 კორპუსის მიმდებარედ;

სამგორი

• ვარკეთილი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა, N10;

• მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ“, ჯავახეთის ქუჩა;

მსგავსი სიახლეები