18 დეკემბერი, 2018

„თბილისის სტუდენტური ფესტივალის“ საზეიმო დახურვა

„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018“ საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.

„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018“, რომელიც თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართა, მასშტაბურ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს მოიცავდა და მასში დედაქალაქში არსებული 23 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების 30 000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.

თბილისის მერმა ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ისეთი ღონისძიებების ჩატარება, რომლის მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებაა, ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, „თბილისის სტუდენტური ფესტივალი“, მერიის ხელშეწყობით, მომდევნო წლებში კიდევ უფრო მასშტაბური იქნება.

„პირველ რიგში, მინდა, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ფესტივალში მონაწილეობისთვის. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს. წლის განმავლობაში მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ახალგაზრდებისთვის ისეთი მასშტაბური ღონისძიება, რაც 2018 წელს სტუდენტური ფესტივალის სახით გაიმართა, ბოლო წლების განმავლობაში არ ჩატარებულა. მომდევნო წლების განმავლობაში ფესტივალი კიდევ უფრო მასშტაბური და ეფექტური იქნება. ამის გარანტიას დედაქალაქის მერია გაძლევთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა განათლებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ფესტივალის მონაწილე ახალგაზრდებს წარმატება უსურვა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, განათლებული ახალგაზრდობა, მომავალი თაობები გვჭირდება და თითოეული თქვენგანის როლი ხვალინდელ საქართველოში მნიშვნელოვანია. ის შემართება, ემოცია, სულისკვეთება, რაც დღეს აქ იგრძნობა, ჩვენს ქვეყანას ყველა მიმართულებით სჭირდება და ამ ყველაფერში ახალგაზრდების როლი განსაკუთრებულია. მინდა, თითოეულმა თქვენგანმა ჩათვალოთ, რომ ვარ თქვენი მეგობარი და ყველა საკეთილდღეო საქმეში, ყველა პროექტის განხორციელებაში მზად ვარ, თქვენს გვერდით ვიყო, დავიცვა ახალგაზრდების უფლებები და თქვენთან ერთად განვახორციელო ის პროექტები, რომელიც ხვალინდელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ, ახალგაზრდებმა, ყველამ ერთად, უნდა ვუთხრათ მთელ საქართველოს, ყველა თაობის ადამიანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების სულისკვეთებით. ეს ყველას გამოგვადგება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყველა მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ფესტივალს, რომელიც უკვე მესამედ გაიმართა, წელს კულტურული მიმართულებაც დაემატა. მისი შემადგენელი ნაწილი სტუდენტური თეატრების თბილისის საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2018“-ია.

გარდა ამისა, წელსაც, ტრადიციულად, მასშტაბური შეჯიბრები გაიმართა სპორტის ექვს სახეობაში. კერძოდ, მინი ფეხბურთში, ფრენბურთში, ჩოგბურთში, ქუჩის კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბოულინგში. მათგან ოთხ სახეობაში შეჯიბრები ჩატარდა, როგორც გოგონებს, ასევე ვაჟებს შორის.

ფესტივალის მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სტუდენტური ცხოვრების გააქტიურება და გამრავალფეროვნება, სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის რეალიზაციის ხელშეწყობაა.

ღონისძიებას დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, სტუდენტები, საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლები და უნივერსიტეტის რექტორები დაესწრნენ. 

მსგავსი სიახლეები