7 დეკემბერი, 2018

ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი

ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და პრიორიტეტი დეცენტრალიზაციის, მართვაში მოქალაქეთა ჩართულობის პოლიტიკაა, რაზეც ჩვენ მიერ უკვე გადადგმული ქმედითი ნაბიჯები ცხადად მეტყველებს. მათ შორის, აღსანიშნავია, 2014 წლიდან დაწყებული თვითმმართველობის რეფორმა. ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა მუნიციპალიტეტში მერს პირდაპირი წესით, 50%-იანი ბარიერის გადალახვით ირჩევენ, რაც არჩეული პირის ლეგიტიმაციას კიდევ უფრო ზრდის და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს. ნებისმიერი ქალაქის ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს სწორედ იქ მცხოვრები მოქალაქეები და ქალაქის ცხოვრებაში მათი ჩართულობა განაპირობებს. თბილისელები ყველაზე კარგად გრძნობენ დედაქალაქის გულისცემას, სწორედ ისინი განსაზღვრავენ, თუ რა საჭიროებები და პრიორიტეტები დგას ქალაქის, მათი რაიონის, უბნისა თუ სამეზობლოს წინაშე.

მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით მკვეთრად გაიზარდა მოქალაქეების ცნობიერება და დღეს ისინი საკუთარ პასუხისმგებლობას აქტიურად იზიარებენ. მივესალმები მოსახლეობის ჩართულობას იმ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში, რომელიც გვაქვს დაგეგმილი. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, შემხვედრ ნაბიჯებს ვდგამთ. ჩემი მერობის პირველივე დღეებიდან, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ვცდილობ, რომ მართვის პროცესში ადგილობრივების აქტიურ ჩართულობას მაქსიმალურად შევუწყო ხელი. დარწმუნებული ვარ, ამას მოსახლეობაც ნათლად ხედავს, თუმცა მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ. მწამს, რომ ეფექტიანი, ძლიერი თვითმმართველობა, ძლიერი საქართველოს საწინდარია.

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, 2018 წელს დაარსდა. იგი თვითმმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კონსტრუქციული დიალოგის პლატფორმას წარმოადგენს და საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის არჩეულ მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, 12 რეგიონის გუბერნატორსა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს.

მსგავსი სიახლეები