4 დეკემბერი, 2018

თბილისის მთავრობის სხდომა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და თანაგუნდელებთან ერთად, დედაქალაქის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.

მისი შეფასებით, ის წარმატებული პროექტები, რომელიც თბილისში ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა, ბევრი ადამიანის თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია.

„მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა გამკლავებოდა პრობლემებს და განეხორციელებინა ის პროექტები, რომლებზეც დღეს მე ამაყად ვსაუბრობ. ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც მერიაში, გამგეობებსა და სხვადასხვა კომპანიაში, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და თავს არ ზოგავენ იმისთვის, რათა ხვალინდელი თბილისი უფრო მოწესრიგებული იყოს და დედაქალაქის მოსახლეობამ თავი კომფორტულად იგრძნოს, თუმცა ქალაქში ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა და პრობლემა რჩება. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო დედაქალაქის მოსახლეობას, რადგან ის მხარდაჭერა, რომელსაც თითოეული თქვენგანისგან ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობ, მაძლევს დამატებით სტიმულს, რომ არ გავჩერდე, პრობლემების მოსაგვარებლად დღე და ღამე ვიმუშაო. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს, იყოს ბევრი მწვანე სივრცე და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა განვლილი ერთი წლის მუშაობის შედეგები კიდევ ერთხელ შეაფასა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია გამოწვევებს მომავალშიც ღირსეულად უპასუხებს.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, იყო ბევრი წარმატება, ბევრი გამოწვევაც, რომელთა დიდი ნაწილი დავძლიეთ, ნაწილის დაძლევის პროცესი კი გრძელდება. იყო პროვოკაციებიც, ტყუილები, სიცრუე ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მიმართ, თუმცა ყოველთვის ვცდილობდით, არც ერთი ასეთი შემთხვევა პასუხის გარეშე არ დაგვეტოვებინა. მუშაობის გაგრძელებას მომავალშიც ასე ვაპირებთ. არავის მივცემთ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას. ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დედაქალაქს აწუხებს და ჩვენი შრომით, საქმიანობით კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ ყველას, რომ მზად ვართ, ვემსახუროთ ქალაქს, თბილისის მოსახლეობას. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის განმავლობაში ბევრ რეფორმას ჩაეყარა საფუძველი და მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, გამოწვევები რჩება - ჯერ კიდევ ბევრი ქუჩაა მოსაწესრიგებელი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ბევრი შენობა, ეკოლოგიის თვალსაზრისით გვაქვს გამოწვევები და ამ ყველაფერს ღირსეულად ვუპასუხებთ. მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტი გაკეთდება და ამას თბილისის მოსახლეობა დაინახავს. მომდევნო წლის ბიუჯეტი 921 მლნ ლარია, თუმცა, როგორც დავპირდი მოსახლეობას, სპეცტრანსფერების საშუალებით, ის მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ამით კი უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული რამდენიმე პროექტის ფარგლებში დახარჯულ თანხებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების მიმართულებით გაწეულმა ხარჯმა 306 მლნ ლარი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ მთლიანობაში ამ პროგრამებით დაახლოებით, 170 ათასმა ადამიანმა ისარგებლა.

მერმა ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავრობის მხრიდან ჯერ კიდევ ბევრ მოქალაქეს სჭირდება მხარდაჭერა და თანადგომა. შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით ხარჯები 27 მლნ ლარით გაიზრდება. გარდა ამისა, ხარჯები გაიზრდება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვისაც.

დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზეც ისაუბრა.

„ის სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც ჩემი გუნდის მიერ არის შემუშავებული, მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ძალიან მალე დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მოგვარდება. ჩვენ ვიქნებით დედაქალაქის ის მთავრობა, რომელიც თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემას მოაგვარებს და დედაქალაქის მოსახლეობა ამის მოწმე ძალიან მალე გახდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი მოქალაქეებისთვის ფართების დაკანონების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ფართები 411 ოჯახს დაუკანონდა და ეს პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება.

„საცხოვრებლების დაკანონების პროცესი გრძელდება. ამჯერად, ფართები საკუთრებაში 34 ოჯახს გადაეცემა. ეს ოჯახები სხვადასხვა უბანში ცხოვრობენ. კერძოდ, დიდ დიღომში, ვანის, რეხის, ჭიჭინაძის, ახვლედიანისა და ბერიაშვილის ქუჩებზე, კახეთის გზატკეცილზე, ქინძმარაულის შესახვევში, ასევე, საქსოვმანქანისა და ფონიჭალის დასახლებებში. მათაც ანალოგიური პრობლემა ჰქონდათ - წლების განმავლობაში ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ და მინდა მივულოცო მათ აღნიშნული პროცესის დასრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც თბილისის მერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შეეხო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და მეტროსადგურების რეაბილიტაციაა.

კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ საპროექტო სამუშაოები თავიდან ჩატარდება, რადგან ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, საპროექტო დოკუმენტაცია სრულყოფილი არ არის და დამატებით კვლევებს საჭიროებს.

„მეტროსადგურების რეაბილიტაცია ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება. მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც, დაზარალებული მოქალაქეები გვყავდა. ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილებები ოპერატიულად მივიღეთ და ყველას მაქსიმალური თანადგომა გამოვუცხადეთ. ამის პარალელურად, „ვარკეთილის“ საპროექტო დოკუმენტაცია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადაეგზავნა და გაკეთებული შეფასებებიდან გამომდინარე, შეიქმნა საჭიროება, რომ დამატებითი კვლევები და საპროექტო სამუშაოები ჩატარდეს. საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის დროს, უპირველესი და უმთავრესი უსაფრთხოებაა, რაც მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს. დადასტურებულად გეტყვით, რომ პროექტები, რომლითაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის სამუშაოები განხორციელდა, არაფრად ვარგა და საპროექტო სამუშაოები თავიდან არის ჩასატარებელი. ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს სრული დოკუმენტაცია გვექნება და მომავალი წლიდან პროექტის განხორციელებას დავიწყებთ. ანალოგიური მდგომარეობაა მეტროსადგურ „გურამიშვილის“ პროექტთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომავალი წლის თებერვლიდან, თბილისის „მეტროპოლიტენს“ კიდევ ოთხი რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება.

„მეტროსადგურების და ვაგონების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების პროცესი უკვე დაწყებულია. სექტემბერში მეტროს ოთხი ახალი შემადგენლობა დაემატა, თუმცა ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მოქალაქეებს სრულყოფილად მოვემსახუროთ. თებერვალში მეტროსადგურებს კიდევ ოთხი რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მოცდის დრო შევამციროთ და მგზავრთა გადაყვანის რაოდენობა გავზარდოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, მომავალ წელს, რვა მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

„მეტროსადგურ „სამგორის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება, ხოლო 2019 წლის იანვრის ბოლომდე, მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია განხორციელდება. გარდა ამისა, მომავალი წლიდან, ეტაპობრივად, რვა მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დავიწყებთ. მომდევნო წლების განმავლობაში, რეაბილიტაცია ყველა მეტროსადგურს ჩაუტარდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და არეალების მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამას აუცილებლად განვახორციელებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სიახლეები