21 ნოემბერი, 2018

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

პირველ რიგში, კახა კალაძემ კერძო პირებისთვის სესხების განულების პროცესში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის კომერციულ ბანკებს, საფინანსო ორგანიზაციებსა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, სანამ საქართველოს მთავრობა 600 000-ზე მეტი მოქალაქისთვის სესხების განულების შესახებ განაცხადებდა, ოპონენტებმა პოლიტიკური ქულების დაწერა გადაწყვიტეს.

„კერძო პირებისთვის სესხების განულების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია, რადგან ჭარბვალიანობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამ მძიმე მდგომარეობაში 600 000-ზე მეტი მოქალაქეა, რომლებიც ყოველგვარ ეკონომიკურ საქმიანობას არიან მოკლებული. ეს მათთვის და მათი ოჯახებისთვის ძალიან დიდი ტვირთია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს საუბრობდა. ამაზე საუბრობდა პარტიის თავმჯდომარეც. როდესაც ოპოზიციამ გაიგო, რომ ბანკებთან და სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობდით და განცხადების გაკეთებას ვაპირებდით, წინა დღეს გამოვიდნენ და მოგვიწოდეს - სასწრაფოდ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებს ცხოვრება შეუმსუბუქოთო. ოპონენტებს სურვილი ჰქონდათ, რომ პოლიტიკურად ქულები ჩაეწერათ, თუმცა ეს ყველაფერი სასაცილო და დადგმული შოუ იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, ცენტრალური მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა.

„ძალიან ბევრ განსხვავებულ მოსაზრებას ვისმენთ. პირველ რიგში, მათგან, ვინც ბრიფინგით გვემუქრებოდა. ახლა უკვე ისინი ამბობენ, რომ ეს სიცრუეა და თითქოს, არაფერი გაკეთებულა. საუბრობენ იმაზეც, რომ ბანკები სესხების ჩამოწერას და განულებას ყოველთვიურად ახორციელებენ, რაც დიდი ტყუილია. არ ვიცი საიდან აფიქრდებათ ამდენი სიცრუე, თუმცა ყველაფერი გასაგებია. მესმის, რომ არჩევნებია და ცდილობენ, საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამოვიდნენ. რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვათ, ამის შესაძლებლობას არ მივცემთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ სესხების განულების პროცედურის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ყველა ვალი სრულად ჩამოიწერება.

„ჩვენთვის თითოეული მოქალაქე და მათი მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია. 3 დეკემბრიდან სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით, სასესხო დავალიანების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელი იქნება. მოქალაქეებს ასევე, შეუძლიათ, იმ ორგანიზაციებს მიმართონ, ვისი ვალიც მართებთ. სესხების ჩამოწერის პროცესი 15 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მოლაპარაკებებში იყო ჩართული. მადლობა ბანკებს, განსაკუთრებული მადლობა კი, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“. მათი მხარდაჭერა და თანადგომა მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში შესულიყო. ვისმენთ გარკვეულ სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა დაიხარჯოს თანხები ბიუჯეტიდან, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დაიხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზეც ისაუბრა, რომელიც განსახილველად, თბილისის საკრებულოს გასულ კვირას გადაეგზავნა.

„გასულ კვირას, თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი წარვადგინეთ, რასაც ოპოზიციის მხრიდან არაადეკვატური გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტის ჯამური მოცულობა 871 მილიონია, რომელშიც, როგორც მერიის შემოსავლები, ასევე, ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული ე.წ. გათანაბრებითი ტრანსფერის კომპონენტი შედის. ორივე კომპონენტი 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 2019 წლის ბიუჯეტში, 50 მილიონამდე ლარით მეტია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში თანხა ასევე, ბაგა-ბაღების ვაუჩერული დაფინანსებისა და 11 ახალი ბაღის დასრულებისთვის არის გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით დაგეგმილი ხარჯები კი, 340 მილიონ ლარს შეადგენს.

„ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურად ვმუშაობთ. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ცენტრალური ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრის მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა გვაქვს, რომ ქალაქში იმაზე მეტი პროექტი განვახორციელოთ, რაც მიმდინარე წელს განხორციელდა. ასევე, აღსანიშნავია ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ხარჯები, რომელიც 21 მილიონი ლარითაა გაზრდილი და მთლიანობაში 327 მლნ ლარს შეადგენს. ამ თანხის ნაწილი გათვალისწინებულია ბაგა-ბაღების ვაუჩერული დაფინანსებისა და 11 ახალი ბაღის დასრულებისთვის. მინდა ვუთხრა ოპოზიციას, დამშვიდდნენ და ნუ ნერვიულობენ - ყველაფერი მიდის სწორად და დაგეგმილად. მომავალი წლის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზრდება და დედაქალაქს კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსი მოხმარდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ეკოლოგიური მიმართულებით ხარჯები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. კერძოდ, ამისთვის 2019 წელს, მიმდინარე წელთან შედარებით, ხუთი მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება; იგეგმება ასევე, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რომელთაგან ერთ-ერთი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან წყნეთის გზატკეცილამდე დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობაა.

გარდა ამისა, დაგეგმილია რამდენიმე ხიდისა და მეტროსადგურის რეაბილიტაცია; სანიაღვრე და წყალარინების ქსელის მოწყობისთვის დაახლოებით, ცხრა მილიონ ლარამდე დაიხარჯება, ხოლო კახეთის გზატკეცილზე აეროპორტის სატრანსპორტო კვანძიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული მონაკვეთის სრული რეკონსტრუქციისთვის დაახლოებით, 27 მილიონი ლარი გამოიყოფა.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის დაახლოებით, 25 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, რომელშიც ავტობაზების მოდერნიზებაც არის გათვალისწინებული. მომავალი წლის ბიუჯეტით, ასევე, სრულიად ახალი ავტობუსებისა და ელექტროავტობუსების შემოყვანა იგეგმება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა, კოსტავასა და შარტავას ქუჩების რეაბილიტაციის დასრულებაა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, წყლისა და წყალარინების ქსელები.

„კოსტავა-შარტავას ქუჩების სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, სამფენიანი ასფალტო-ბეტონის მაღალხარისხიანი საფარი დაიგო. გზის ორივე მხარეს მოეწყო ტროტუარი, ახალი ბორდიურითა და შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელებით. ასევე, მოეწყო ველობილიკი, რომელიც კოსტავა-შარტავას ქუჩებს პეკინის გამზირთან გამჭოლი ქუჩებით აკავშირებს. შეიცვალა გარე განათების ბოძები და დამონტაჟდა ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის განათებები, რომელთა სადენები მიწის ქვეშ განთავსდა. პროექტის განხორციელებაზე ორი კონტრაქტორი კომპანია მუშაობდა, რომელთაც მინდა, თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქოს სამსახურს და მის ხელმძღვანელს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, კოსტავა-შარტავას ქუჩებზე არსებული გზაგამყოფები გამწვანდა, სადაც დაახლოებით, 200 ძირი ხე-მცენარე დაირგო. ასევე, ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახი დაახლოებით, 1600 კვადრატულ მეტრზე დაითესა.

„რეაბილიტირებული ქუჩების ორივე მხარეს ასევე, დაიწყო ე.წ. ბასლეინების დახაზვა, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის იმ 150 000 მგზავრს, რომელიც ამ ქუჩებზე ყოველდღიურად გადაადგილდება, საშუალებას მისცემს, ავტობუსით სწრაფად და კომფორტულად იმგზავროს. თბილისის მერიამ კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე ორივე მიმართულებით, „ბასლეინების“ დახაზვის გადაწყვეტილება საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფრანგული კომპანიის - „სისტრას“ რეკომენდაციით მიიღო. ეს არის კომპანია, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამოქმედო გეგმაზე მუშაობს და ძალიან მალე გვექნება სრული სურათი, თუ როგორ უნდა გადავანაწილოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რამდენი დამატებითი ავტობუსის შემოყვანაა საჭირო, საჭიროა თუ არა სამარშრუტო ტაქსების არსებობა და ა.შ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ სოფელ დიღომში წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი იწყება. კახა კალაძის განცხადებით, წყალარინების გარე ქსელის არარსებობა სოფელ დიღმის მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომლის გადასაჭრელად, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია დღეიდან დაიწყებს.

„წყალარინების გარე ქსელის არარსებობა სოფელი დიღმის მოსახლეობისთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა. ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებდით. სამუშაოები დღეიდან დაიწყება. ეს საკმაოდ დიდი პროექტია, რომელიც ოთხ ეტაპადაა დაყოფილი. რა თქმა უნდა, შევხვდებით სოფელ დიღმის მოსახლეობასაც და პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გავაცნობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის დეტალებზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ისაუბრა. მისი განმარტებით, პროექტი ოთხწლიანია და მისი ჯამური ღირებულება 22 მილიონ ლარს შეადგენს.

„დღეს ვიწყებთ პროექტის პირველ ეტაპს, რომლის ღირებულება დაახლოებით, 3 მლნ ლარამდეა. მომდევნო წლის განმავლობაში, პროექტი მთლიანად განხორციელდება და ჯამში, დაახლოებით, 16 კილომეტრამდე ქსელი მოეწყობა“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა ასევე განაცხადა, რომ დედაქალაქის მერიამ პროექტ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული მშენებლობის პრობლემა გადაჭრა და უახლოეს პერიოდში სამშენებლო სამუშაოები განახლდება.

„სამწუხაროდ, ქალაქში დაახლოებით, 179 შეჩერებული ობიექტი გვაქვს. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი დაზარალებული ადამიანი გვყავს, არიან მსხვილი კომპანიებიც, რომლებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ. „ოლიმპიურ ვარსკვლავთან“ დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლის მიერაც, დაზარალებული დაახლოებით, 350 ადამიანია. დედაქალაქის მერიამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამომავლოდ, აღნიშნული პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭიროს. ჩვენი მხრიდან რაც იყო გასაკეთებელი, ყველა გადაწყვეტილება მიღებულია. ხვალიდან, შესაბამის სამშენებლო კომპანიას ექნება საშუალება, პროექტის განხორციელება დაიწყოს და ყველა ის სამუშაო დაასრულოს, რომელიც წამოწყებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოსაგვარებლად, მერია მუშაობას განაგრძობს.

„სერიოზული პრობლემაა ასევე, კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეები. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ და როგორც კი მერიაში დოკუმენტაცია შემოვა, მაშინვე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა მიიღოს ის, რაც მისაღები აქვს. ასევე, ინდივიდუალურად ვმუშაობთ სხვადასხვა სამშენებლო კომპანიასთან და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან დაზარალებული მოქალაქეების ხელშეწყობა და თანადგომა იყოს. უსაფრთხოების ჭრილში, გასათვალისწინებელია შეჩერებული მშენებლობების ხანდაზმულობაც. ამიტომ, სამშენებლო კომპანიებს ვთხოვთ, კონსტრუქციული დასკვნა წარმოადგინონ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ მშენებლობის დასრულებისა და შესახლების შემთხვევაში, იქ მცხოვრებლებს სამომავლოდ, არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის ყველა სამსახურის მხრიდან სრული მზაობაა, რათა თბილისში შეჩერებული მშენებლობები აღარ არსებობდეს და ყველა დაწყებული პროექტი დასრულდეს.

მსგავსი სიახლეები