22 ოქტომბერი, 2018

გარემოსდაცვითი ხედვის პირველი ეტაპის პრეზენტაცია

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული გარემოსდაცვითი ხედვის პირველი ეტაპის განხორციელება იწყება. „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართა.

დედაქალაქის მერმა პრეზენტაციაზე ცენტრალურ ხელისუფლებას თბილისის მერიის მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. კერძოდ, მისი თქმით, განახლდება დედაქალაქის სამარშრუტო ქსელი და მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპტიმალური განაწილება; 2021 წლამდე ქალაქის მასშტაბით მოეწყობა ავტობუსის ზოლები - ე.წ. ბასლეინი, რითაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს უპირატესობა შეექმნება და გაცილებით სწრაფად გადაადგილდება.

ტაქსების რეფორმის ფარგლებში, უკვე რეგისტრირებულია 20 000-მდე ტაქსი, რომელთაც მომავალი წლიდან ერთიანი დიზაინი და ფერი ექნებათ. ასევე, ისარგებლებენ უფასო პარკირებით სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ადგილებში; 2019 წლიდან, რამდენიმე ცენტრალურ უბანში ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა; 2019 წლის ბოლომდე სრულად ჩანაცვლდება დღეს არსებული ე.წ. ყვითელი ავტობუსები, ხოლო 2020 წლიდან მუნიციპალური ავტობუსების რაოდენობა 900-მდე გაიზრდება; ყველა ახალი ავტობუსი ასევე, აღიჭურვება უფასო ინტერნეტით; 2021 წლამდე თბილისის მეტროპოლიტენს დაემატება 12 ახალი შემადგენლობა, რაც მოცდის პერიოდს შეამცირებს.

დედაქალაქის მერმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ თბილისის მერია ელექტრომობილების მოხმარებას წაახალისებს და ამ მიმართულებით, სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

„ელექტრომობილებს ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური არ შეეხება. მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე გამოყოფილი იქნება სპეციალურად მათთვის განკუთვნილი უფასო სადგომები, რომლებზეც სხვა ავტომანქანებს დაყენების უფლება არ ექნებათ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტი განახორციელებს ელექტროდამტენების მონტაჟს. იმ ადამიანებს, რომლებსაც საკუთრებაში აქვთ ელექტრომობილები, შეუძლიათ მიმართონ გამგეობებს ან მერიას და მათ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს, სადაც მუნიციპალური პარკინგებია, ჩვენ სპეციალურ დამტენებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მოვაწყობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, დედაქალაქში 500 000-ზე მეტი ავტომანქანა გადაადგილება. აქედან დაახლოებით, 50% 20 წელზე მეტი ხნისაა, რაც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მისივე თქმით, ყოველწლიურად ავტომობილების იმპორტი 6-7 პროცენტით იზრდება.

„ეს ძალიან ცუდი რიცხვებია და იმ ნაბიჯებით, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას და დედაქალაქის მერიას აქვს დაგეგმილი, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელი ელექტრომობილების შემოსვლას ქართულ ბაზარზე. ამაში იქნება ჩვენი მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, 2020 წლიდან თბილისის მერია დედაქალაქში სრულიად ახალი სტანდარტის, 18-მეტრიან 200-მდე ელექტროავტობუსს შემოიყვანს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია: 2020 წლიდან დედაქალაქში დამატებით შემოვა სრულიად ახალი სტანდარტის, 18-მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსი. თავიდან ვფიქრობდი, რომ 18-მეტრიანი ავტობუსების გადაადგილება დედაქალაქში შეუძლებელი და რთული იქნებოდა, თუმცა იმ კვლევის შედეგებმა, რომელსაც „სისტრა“ ატარებს, აჩვენა, რომ 2020 წლიდან დედაქალაქს აუცილებლად სჭირდება ელექტროავტობუსები, რომლებიც უნდა იყოს 18-მეტრიანი. ვფიქრობთ, რომ 2020 წლიდან, ის 550 ავტობუსი, რომელიც 2019 წლის ბოლოსთვის იქნება საქართველოში, დაახლოებით, 900 ერთეულამდე გავზარდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 2019 წლის შემდეგ, თბილისში შემოსული ყველა ავტობუსი ელექტრო იქნება, რაც დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია. მერმა ასევე აღნიშნა, რომ 2021 წლამდე ქალაქის მასშტაბით მოეწყობა ავტობუსის ზოლები, რითაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს უპირატესობა შეექმნება და გაცილებით სწრაფად გადაადგილდება.

დედაქალაქის მერია ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, 2019 წლიდან სრულიად ახალი, დამოუკიდებელი მიწისზედა მეტროს განვითარების პროექტსაც იწყებს, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, რვა ახალი მეტროსადგური აშენდება. მიწისზედა მეტრო სამგორიდან ლილოს მიმართულებით იმოძრავებს.

„ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და თანადგომით, მივიღეთ გადაწყვეტილება, განვახორციელოთ პროექტი, რომელიც 2019 წლის ბოლოს დაიწყება - ეს არის ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ასევე, სამგორი-აეროპორტი - აეროპორტი-სამგორის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, რვა ახალი მეტროსადგური აშენდება და 90 მილიონი დოლარი დაიხარჯება. აქედან 30 მილიონ დოლარამდე არის მეტროს ვაგონების ღირებულება. დანარჩენი კი, ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა გათვლილი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ახალი მიწისზედა მეტრო 200 000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი მეტრო 200 000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება. პირველ ეტაპზე, ამ კონკრეტულ მიმართულებაზე ექვსი სრულიად ახალი შემადგენლობა იმოძრავებს. თავდაპირველად, მოცდის შუალედი ათი წუთი იქნება, თუმცა მომდევნო წლების განმავლობაში, შუალედს შევამცირებთ, ვაგონების რაოდენობას კი გავზრდით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიის პროექტი და მათ შორის, მიწისზედა მეტროს მშენებლობა თბილისში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

„ვფიქრობ, ჯამში ეს ყველაფერი რეალურად შექმნის საფუძველს იმისთვის, რომ ქალაქში დამკვიდრდეს წესრიგი, შეიქმნას სუფთა გარემო და კომფორტი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამ გეგმის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ცენტრალური ხელისუფლების თანადგომის გარეშე. ეს არის ის მიმართულება, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. მგონია, რომ იმ პროექტებით, კონკრეტულად კი, მიწისზედა მეტროს მშენებლობით, რომლის განხორციელებაც მომდევნო წლების განმავლობაში იგეგმება, თითოეული თბილისელი იამაყებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული გარემოსდაცვითი ხედვის პირველი ეტაპის პრეზენტაციას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერის მოადგილეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.