16 ოქტომბერი, 2018

ზედამხედველობის განახლებული სამსახურის - თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარდგენა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქში ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელი, ზედამხედველობის განახლებული სამსახური - მუნიციპალური ინსპექცია წარადგინა.

როგორც კახა კალაძემ პრეზენტაციისას აღნიშნა, თბილისის მთავრობას კარგად აქვს გაცნობიერებული ყველა ის გამოწვევა, პრობლემა და მოსაგვარებელი სფეროები, რაც დედაქალაქში წესრიგის დამყარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ერთ-ერთი ის მძლავრი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც, დედაქალაქი თანამედროვე, მოწესრიგებულ ევროპულ ქალაქს დაემსგავსება.

დედაქალაქის მერმა განახლებული სამსახურის ფუნქცია-მოვალეობებზეც ისაუბრა, რომელთა შორის: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებზე მიმდინარე სამუშაოებისა და უნებართვო მშენებლობების კონტროლი; სანებართვო პირობების დარღვევების გამოვლენა; სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა; მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობა; უნებართვო გარე ვაჭრობისა და დასუფთავების წესების დარღვევების გამოვლენა-აღკვეთა; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა; რეკლამის გავრცელების წესების კონტროლი და ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტების აღკვეთა იქნება.

„ყველაფერი ეს მთლიანობაში არის საჭირო დედაქალაქის იერსახის მოსაწესრიგებლად, ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად, უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების დასაცავად. მოქალაქეებისგან ხშირად შემოდის ცნობები შემდეგ დარღვევებზე: დაბინძურებისა თუ ქალაქის ქონების ვანდალურად დაზიანების, კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის, მშენებლობებზე დადგენილი ნორმების დარღვევის შესახებ. ჩვენ ასეთი ჩართულობა და თანამონაწილეობა გვაძლევს 24-საათიანი მუშაობის სტიმულს, ასევე, გვავალდებულებს, რომ თბილისელებს არ გავუცრუოთ იმედები და ყოველთვის დავიცვათ ქალაქის, თითოეული უბნის, ქუჩის, ეზოს თუ ოჯახის უფლებები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, მუნიციპალური სამსახურების დახმარებით, თბილისზე ზრუნვა და საზოგადოებრივი ქონების გაფრთხილება მოხდება.

„როცა მერად ამირჩიეს ეს სამსახური დაახლოებით, 147 თანამშრომლისგან შედგებოდა, მოძველებული იყო ავტოპარკი და ტექნიკური აღჭურვილობა. დღეს ჩვენ უკვე წარმოგიდგენთ თბილისის მერიის მომძლავრებულ მუნიციპალურ ინსპექციას, რომელსაც ფუნქციები და უფლებამოსილებები გაეზარდა, აღიჭურვა ახალი ტექნიკური შესაძლებლობებით, გაორმაგდა თანამშრომლების რიცხვი და განახლდა ავტოპარკი. ამ სამსახურს წინ ელის კოლოსალური შრომა და მათი საქმიანობის ეფექტურობა თბილისელების თანადგომასა და ხელშეწყობაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ასევე, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები წარუდგინა და მათ კეთილსინდისიერი შრომისა და ქალაქზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.

კახა კალაძემ პრეზენტაციაზე ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ინსპექტირების ფუნქციების გაძლიერების მიზნით გატარდა. მან თბილისის მერიის მიერ ინიცირებული ცვლილებების მხარდაჭერისთვის საქართველოს პარლამენტსა და დედაქალაქის საკრებულოს მადლობა გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი სამსახურის ეფექტიან მუშაობას განაპირობებს ასევე, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. ამ მიმართულებით, წელს ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რომლის ძალაში შესვლამდე, სამართალდარღვევების რიცხვი საკმაოდ მაღალი იყო. ჯარიმები იმდენად მიზერულ თანხებს შეადგენდა, რომ სამართალდამრღვევი წესების დაცვას ჯარიმის გადახდას ამჯობინებდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამშენებლო დარღვევებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის, გარე ვაჭრობის, გარე რეკლამისა და ქალაქის იერსახის სხვადასხვა ფორმით დამახინჯების მიმართულებით, ჯარიმების ოდენობა უკვე გაზრდილია.

თბილისის მერის განცხადებით, მუნიციპალურ ინსპექციას მომავალი წლიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებაც დაემატება. ასევე, გაიზრდება ადამიანური რესურსი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და ტექნიკური აღჭურვილობა.

აქვე, კახა კალაძემ მიმდინარე წლის განმავლობაში, სამსახურის მუშაობის შედეგი შეაჯამა და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„ერთი წლის განმავლობაში გაცემულია 1200-მდე მითითება და დაჯარიმების 1000-მდე დადგენილება, რომელთა საერთო მოცულობაც 10 მილიონ ლარს აღემატება. წარმატებას ვუსურვებ მუნიციპალურ ინსპექციას, დედაქალაქის მცხოვრებლებს და იმედს ვიტოვებ, რომ უფრო მეტად ვიზრუნებთ წესრიგზე და მუნიციპალური ქონების გაფრთხილებაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს სახელწოდება საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, პირველი ოქტომბრიდან შეეცვალა და თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ეწოდა. აღნიშნულ სამსახურს გიორგი ბაგრატიონი ხელმძღვანელობს.

„ჩვენ ვიღებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აქამდეც გვქონდა აღებული. ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, რათა პასუხი გავცეთ იმ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელიც დღეს ქალაქის წინაშე დგას. აღნიშნული სამსახურის ავტოპარკისა და ტექნიკური საშუალებების განახლება მომავალშიც გაგრძელდება, რადგან სამსახურს მნიშვნელოვანი ფუნქციების შესასრულებლად, ადამიანური რესურსის გაზრდა და აღჭურვილობის დამატება სჭირდება“, - განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.